მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა რეკორდულ მაჩვენებელზეა
მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა, როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაიზარდა.
2025 წლის აგვისტოს ბოლოსთვის მისმა მოცულობამ 7 049,1 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის ივლისის მაჩვენებლებთან შედარებით მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა 1,7%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში 8,8%-იანი ზრდაა.
სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის ივლისში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 6 928,0 მლნ ლარი იყო, ხოლო 2024 წლის აგვისტოს ბოლოსთვის კი 6 477,2 მლნ ლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასამ 7 მლნ-ს სწორედ 2025 წლის აგვისტოში გადააჭარბა, ხოლო 6 მლნ-ს 2024 წლის ივნისში.
ივლისში, ნაღდ ფულზე მოთხოვნა 181.1 მლნ ლარით გაიზარდა. რეფინანსირების სესხი, წინა თვესთან შედარებით, 365.0 მლნ ლარით შემცირდა. ერთდღიანი სესხის ნაშთი კი 25.0 მლნ ლარით გაიზარდა. ივლისში, განთავსდა 40.0 მლნ ლარის სადეპოზიტო სერთიფიკატი და იმავე პერიოდში დაიფარა 20.0 მლნ ლარის ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერთიფიკატები. მეორად ბაზარზე, სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის ოპერაციები არ განხორციელებულა. მთლიანობაში, ივლისში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 359.7 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის, 5,930.8 მლნ ლარს გაუტოლდა. ივლისში, ფართო ფულის (M3) მოცულობა თვიურად 1.1 მლრდ ლარით გაიზარდა. რაც შეეხება, ფართო ფულის M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 0.8 მლრდ ლარით გაიზარდა.
.საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვა.
ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.
2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით).
კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.
ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერადრიცხვამდე შემდეგი პრინციპით:
1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.
კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე და აღნიშნული არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას.
სხვა სიახლეები
Lion Finance Group-ის FTSE 100-ში შესვლა საქართველოსთვის დიდი გამარჯვებაა - არჩილ გაჩეჩილაძე
27.03.2026.22:00
ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში Lion Finance Group-ის მოხვედრა არა მხოლოდ კომპანიის, არამედ საქართველოს ეკონომიკის 20-წლიანი განვითარების საერთაშორისო აღიარებაა - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული წარმატება ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესს მნიშვნელოვნად ზრდის და ქართულ კომპანიებს გლობალურ კაპიტალზე წვდომის ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
„მართლაც სასიხარულო ამბავი არის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის იმ გუნდის გამარჯვება, რომელიც მიუძღვის დღეს საქართველოს ბანკს და Lion Finance Group-ს უკვე არაერთი წელია და ეს არის მთელი გუნდის დამსახურება, რომ მოვედით აქამდე. დღევანდელი დღე, ის რომ ინდექსში შევედით, ეს არის ინვესტორების მიერ ამ გრძელი გზის, გავლილი გზის აღიარება. თუმცა ეს რაღაცა ერთ დღეში არ მომხდარა, ეს რეალურად არის იმ 20 წლიანი გზის ასახვა წარმატებაში და ინვესტორების მიერ აღიარება, რომელიც ჩვენ გავიარეთ.
საქართველოსთვის ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა, ვინაიდან ძალიან ბევრი ინვესტორი ბოლომდე არ იცნობს საქართველოს და არც იხარჯება იმისთვის, რომ გაიცნოს, ვინაიდან ეკონომიკის ზომა იმდენად დიდი არ არის და სულ რამოდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი საჯარო ბაზრებზე. ასე რომ, ინვესტორი, რომელსაც აინტერესებს აქციების ყიდვა, მხოლოდ სამი კომპანია არის ამ რეგიონიდან წარმოდგენილი და შესაბამისად შეიძლება არ უღირდეს საკმაოდ ღრმა ანალიზის გაკეთება. ანდა უნდა ვთქვათ, რომ არ უღირდა აქამდე და FTSE 100-ში როგორც კი შევდივართ, ის ფაქტიურად აუცილებლად დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველო შეისწავლოს, უკვე სომხეთი შეისწავლოს და ეს ჩათვალეთ, რომ არის გაკვალული გზა ყველასთვის, ვისაც უნდა, რომ საჯარო განთავსებით აქციების მოიპოვოს ან მოიზიდოს კაპიტალი საკუთარი ბიზნესისთვის. აქ ვგულისხმობ იმას, რომ არ არის აუცილებელი FTSE 100-ში იყოს კომპანია, ნებისმიერი საჯარო აქციების შეთავაზება ლონდონის ბირჟაზე – ეს უკვე ნიშნავს, რომ აქამდე თუ 20-30 ინვესტორს ვესაუბრებოდით იქ რომ ჩასულიყო ვთქვათ რომელიმე ქართული კომპანია, რომელსაც განთავსება უნდა აქციების, ხვალ ჩავა და უკვე 100 სხვადასხვა ფონდიდან იქნება ინტერესი ამასთან დაკავშირებით, რომ გაესაუბრონ მას, ვინაიდან მათ უკვე ეცოდინებათ საქართველოს ეკონომიკა, მათ უკვე ეცოდინებათ Lion Finance Group-ი და შესაბამისად უკვე იმ კონკრეტულ კომპანიაზე შესწავლა მათთვის უკვე ღირებული იქნება. ასე რომ, ეს ჩათვალეთ, რომ გზამკვლევი არის ყველა იმ კომპანიისთვის, ვისაც ხვალ და ზეგ მოუნდება კაპიტალის მოზიდვა საჯარო ბაზრებიდან“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.