მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა კვლავ რეკორდულ მაჩვენებელზეა
მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა, როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაიზარდა.
2025 წლის სექტემბრის ბოლოსთვის მისმა მოცულობამ 7 065,1 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის აგვისტოს მაჩვენებლებთან შედარებით მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა 0,2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში 11.4%-იანი ზრდაა.
სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 7 049,1 მლნ ლარი იყო, ხოლო 2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის კი 6 340,6 მლნ ლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასამ 7 მლნ-ს 2025 წლის აგვისტოში გადააჭარბა, ხოლო 6 მლნ-ს 2024 წლის ივნისში.
აგვისტოში, ნაღდ ფულზე მოთხოვნა 121.2 მლნ ლარით შემცირდა. რეფინანსირების სესხების მოცულობამ, წინა თვესთან შედარებით, 150.0 მლნ ლარით მოიკლო. ერთდღიანი სესხის ნაშთი კი 60.0 მლნ ლარით შემცირდა. აგვისტოში დაიფარა და განთავსდა 20.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები. მეორად ბაზარზე, სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის ოპერაციები არ განხორციელებულა. მთლიანობაში, აგვისტოში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 210.0 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის, 5,720.7 მლნ ლარს გაუტოლდა. აგვისტოში, ფართო ფულის (M3) მოცულობა, თვის ჭრილში 1.2 მლრდ ლარით გაიზარდა. რაც შეეხება, ფართო ფულის M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 0.6 მლრდ ლარით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვა.
ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.
2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით).
კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.
ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერადრიცხვამდე შემდეგი პრინციპით:
1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.
კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე და აღნიშნული არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას.
სხვა სიახლეები
11.10.2025.17:00
აშშ-ში მომხმარებელთა ნდობა სექტემბერში 94.2-მდე დაიწია, რაც ბოლო ხუთი თვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების შესახებ პუბლიკაციაშია აღნიშნული, ამის მიზეზი სამუშაო ადგილებისა და ზოგადი ეკონომიკური პერსპექტივების გარშემო გაჩენილი შიშები გახდა. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 7 პუნქტით დაეცა და წლის დაბალ ნიშნულს მიაღწია, შემცირდა მომავლის მოლოდინებიც. იმ ადამიანთა წილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სამუშაო ადგილები საკმარისად არის, 2021 წლის დასაწყისის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა, რასაც შრომის ბაზრის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი მრავალწლიან დაბალ ნიშნულამდე ჩაჰყავს. მიუხედავად უღიმღამო განწყობისა, მომხმარებელთა ხარჯვა მდგრადი რჩება, რაც მხარს უჭერს Fed-ის საპროცენტო განაკვეთის შემცირებასა და იპოთეკური სესხების ფასის დაცემას.
„სექტემბერში მომხმარებელთა ნდობის ვარდნამ დაადასტურა Fed-ის პრეზიდენტ პაუელის შეფასება - „დაბალი დასაქმება, დაბალი გათავისუფლება“. ამერიკელები თავს უფრო არამყრად გრძნობენ არა შემცირებების, არამედ შესაძლებელი სამუშაოების შემცირების გამო. Conference Board-ის შრომის დიფერენციალი ახლა 2021 წლის დასაწყისის შემდეგ ყველაზე სუსტია, რაც პანდემიის შემდგომი შრომის ბუმის შენელებაზე მიუთითებს. მომხმარებელთა ხარჯვა ჯერ სტაბილურია, მაგრამ ნდობის შემდგომმა ვარდნამ შესაძლოა ზრდის მთავარი ძრავი შეაფერხოს. Fed-მა უკვე ერთხელ შეამცირა განაკვეთი, ხოლო შემდეგი ნაბიჯი დამოკიდებულია იმაზე, შეამცირებენ თუ არა მომხმარებლები ხარჯვას“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში.