მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 33%-ითაა შემცირებული
2025 წლის მაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 42 ერთეული შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიურ ჭრილში პრეტენზიების რაოდენობა 33%-ითაა შემცირებული. სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2024 წლის მაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 63 პრეტენზია შეადგინა.
რაც შეეხება 2025 წლის აპრილის მაჩვენებელს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 48 იყო, მაშინ როდესაც იანვრის მაჩვენებლებთან შედარებით 13%-იანი კლებაა.
ირკვევა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტებს პროდუქტებთან მიმართებაში ყველაზე მეტი პრეტენზია სალომბარდე სესხებთან მიმართულებით აქვთ.
სებ-ის ინფორმაციით, მაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლებმა სულ 42 პრეტენზია დააფიქსირეს, საიდანაც 31 პრეტენზია სალომბარდე სესხებთან მიმართებაშია, 4 ავტო სესხთან დაკავშირებული პრეტენზიაა, ხოლო 2 ბიზნეს სესხთან დაკავშირებით დაფიქსირებული პრეტენზიებია. სტატისტიკის თანახმად კი 5 სხვადასხვა პროდუქტებთან მიმართებაში ოფიციალურად გამოხატული უკმაყოფილებაა.
სხვა სიახლეები
30.07.2025.17:47
ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რომლითაც უფრო გამჭვირვალე გახადა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა, რითაც აუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის გამჭვირვალობასა და აღქმადობას, რაც პოლიტიკის გადაცემის არხების ეფექტურობას აძლიერებს.
"მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.
ზოგადად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზსა და, მათზე საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიების კომუნიკაციას.
ცენტრალური სცენარი
გლობალურად მიმდინარე ტენდენციების ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. აქედან გამომდინარე, სებ-ი ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა რისკ-სცენარსაც განიხილავს.
ერთი მხრივ, სებ-ი განიხილავს მაღალინფლაციურ სცენარს, რომელიც ეფუძნება გეოპოლიტიკური და ადგილობრივი ინფლაციური რისკების ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მწვავე რეალიზებას. აღიშნული სცენარი, ასევე ითვალისწინებს სასაქონლო ბაზრებიდან მომდინარე დამატებით ინფლაციურ წნეხს.
მეორე მხრივ, დაბალინფლაციური რისკის სცენარი მოიაზრებს რელევანტური რისკების იმგვარ რეალიზებას, რომელიც ცენტრალურ სცენართან შედარებით ნაკლებად ინფლაციურია. საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილების ფონზე, პროდუქტიულობა მაღალია. შესაძლებელია ეს ტენდენცია მოსალოდნელზე ხანგრძლივად შენარჩუნდეს, რასაც დისინფლაციური ეფექტი ექნება. ამასთან, გლობალური ტენდენციებიც შესაძლებელია ცენტრალურ სცენართან შედარებით ნაკლებად მწვავე იყოს.
არსებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, რისკების მინიმიზაციის მიდგომიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა.
თუ ცენტრალურ სცენართან შედარებით, მაღალინფლაციური ან დაბალინფლაციური რისკები მონაცემებში მეტად გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან შერბილება გახდეს საჭირო.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.