ლიბერთის მხარდაჭერით, გოგონათა საგანმანათლებლო პროგრამა - WISE CAMP მიმდინარეობს
ლიბერთი „მერსი ქორფსთან“ მჭიდრო თანამშრომლობას კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში აგრძელებს. მხარეებმა შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს და ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობითა და მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსის’’ ინიციატივით, გოგონებისთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ბანაკი გაიხსნა.
აღნიშნული ბანაკი, რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის ბაზაზე, 5 დღის მანძილზე ტარდება და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლიდან, 20 მოსწავლე და 5 მასწავლებელი მონაწილეობს.
ბანაკის საგანმანათლებლო პროგრამა, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საკითხებს, უსაფრთხოებისა და კულტურულ - საგანმანათლებლო მიმართულებებს მოიცავს.
ბანაკის მონაწილეები, სხვადასხვა სესიის ფარგლებში, ფსიქოლოგებს, იურისტებს, ჟურნალისტებს, სპორტსმენებს და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს შეხვდებიან და დაგეგმილია ისეთი თემების განხალვა, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, თანამედროვე ეპოქის გამოწვევების შესაბამისად დეზინფორმაციის ამოცნობის ტექნიკა, მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებების როლი უფლებებისა და თანასწორობის დაცვის მიმართულებით და ა.შ.
მონაწილეები, პროგრამის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეწვევიან, გენდერული თანასწორობის, ასევე ეთნიკური უმცირესობების საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდებიან და საბჭოების მუშაობის სპეფიციკას გაეცნობიან.
ბანაკის მონაწილეებს ასევე უმასპინძლებენ ლიბერთი ბანკში დასაქმებული წარმატებული ქალები, რომლებიც გოგონებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ.
სამომავლოდ, დაგეგმილია პროექტი, ტრადიციულად ყოველწლიურად ჩატარდეს და უფრო მასშტაბური გახდეს.
მერსი ქორფსის WISE პროგრამა (,,ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის’’) ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა საკითხთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და ფარავს ამიერკავკასიის სამივე ქვეყანას - აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ბანკი თებერვლის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს
11.02.2026.17:26
ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, გასულ წელს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რომლითაც უფრო გამჭვირვალე გახადა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა, რითაც აუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის აღქმადობას და აძლიერებს პოლიტიკის გადაცემის არხების ეფექტურობას.
"მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.
ზოგადად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზსა და, მათზე საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიების კომუნიკაციას.
ცენტრალური სცენარი
გლობალურად მიმდინარე ტენდენციების ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. აქედან გამომდინარე, სებ ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა რისკ-სცენარსაც განიხილავს.
მაღალინფლაციური სცენარი
ერთი მხრივ, სებ განიხილავს მაღალინფლაციური რისკის სცენარს, რომელიც ეფუძნება გლობალური და ადგილობრივი ინფლაციური რისკების ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მწვავე რეალიზებას. აღნიშნულ პირობებში, როგორც გლობალური, ისე ადგილობრივი ტენდენციების ფონზე ინფლაციის მიზნობრივზე მაღალ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნებამ შესაძლოა გამოიწვიოს მეორე რაუნდის ეფექტების ფორმირება და ინფლაციური მოლოდინების ზრდა. ამასთან, ერთობლივი მოთხოვნის ხანგრძლივად მაღალი დონეზე შენარჩუნება, მაღალპროდუქტიული სექტორების ზრდის ნორმალიზების ფონზე, ინფლაციურ წნეხს დამატებით გააძლიერებს. საგარეო ფაქტორებს შორის, გეოპოლიტიკური ვითარების შემდგომი გამწვავება სასაქონლო ბაზრებიდან მომდინარე ინფლაციურ ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდის. შესაბამისად, საშუალო და გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურად შენარჩუნების მიზნით, სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს გაზრდის და მკაცრ პოლიტიკას რისკების საკმარისად მილევამდე შეინარჩუნებს.
დაბალინფლაციური სცენარი
მეორე მხრივ, არსებობს გარკვეული ტიპის რისკები, რომლის რეალიზების შემთხვევაში ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო დაბალი იქნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სწრაფად დაუახლოვდება ნეიტრალურ დონეს. წინა წლების განმავლობაში ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების ფონზე პროდუქტიული და ნაკლებად იმპორტ-ინტენსიური სექტორები მაღალი ტემპით იზრდებოდა. ცენტრალური სცენარით, ეკონომიკის პოტენციური ზრდა ეტაპობრივად ნორმალიზდება 5%-იან მაჩვენებლზე. თუმცა თუ მაღალპროდუქტიულ სექტორებში ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა, მას დისინფლაციური გავლენა ექნება. ამასთან, შრომის ბაზრის ტენდენციებიც დისინფლაციური სცენარის განვითარების რისკებს აძლიერებს. დამატებით, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასების სწრაფი შემცირების შემთხვევაშიც ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით დაბალი იქნება.
არსებული ინფლაციური რისკების ბალანსის გათვალისწინებით, რისკების მინიმიზაციის მიდგომიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გავლენა გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მზად არის არსებული მკაცრი პოზიციის მოსალოდნელზე ხანგრძლივად შესანარჩუნებლად და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტად გასამკაცრებლადაც.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.