ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1373 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7276 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7276 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7283 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1373 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0018 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
18.06.2025.17:52
Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე Business Insider Georgia-თან აცხადებს, რომ 18 ივნისის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.0%-ზე- უცვლელად დატოვება - განპირობებულია როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორებით.
ლაშა ქავთარაძე განმარტავს, რომ სებ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე მნიშვნელოვან საფუძველს ეყრდნობა:
„ამ ეტაპზე საქართველოში ინფლაციას ძირითადად მოთხოვნის მხრიდან მომდინარე ფაქტორები განაპირობებს, რომელსაც გარკვეულწილად აბალანსებს ნავთობპროდუქტებზე შემცირებული ფასები და ლარის სტაბილური გაცვლითი კურსი. 2025 წლის მარტიდან მოყოლებული ინფლაციამ მიზნობრივ 3%-იან დონეს გადააჭარბა, რაც ძირითადად ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდას უკავშირდება. მოსალოდნელია, რომ ეს ფაქტორი წლის ბოლომდე ინფლაციის ძირითადი განმსაზღვრელი იქნება” - ამბობს Galt & Taggart-ის ეკონომისტი.
გარდა საშინაო გარემოებებისა, ეკონომისტი ყურადღებას ამახვილებს გლობალურ ტენდენციებზე.
„გეოპოლიტიკური გაურკვევლობა, მათ შორის სავაჭრო ტარიფებთან დაკავშირებული რისკები, ასევე, აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი პროცესები რომელიც უკვე ახდენს გავლენას ნავთობის მსოფლიო ფასებზე ანგარიშგასაწევი ფაქტორებია. ეს ფაქტორები ზრდის იმპორტირებული ინფლაციის რისკს ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. სწორედ, ამ სიტუაციის გათვალისწინებაც მოხდა ივნისის მონეტარული კომიტეტის სხდომაზე და, ჩვენი შეფასებით, ეს საკითხი მომდევნო პერიოდშიც აქტუალური დარჩება.
„ჩვენი საბაზისო პროგნოზით, 2025 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ინფლაცია 3.7%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.0%-ის დონეზე შენარჩუნდება“ - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
აღსანიშნავია, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს განაკვეთი უკვე ოთხი სხდომის გამავლობაში არ შეუცვლია და 8.0%-ის დონეზე ინარჩუნებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 30 ივლისს გაიმართება.