ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს ჩვენი ფინანსური სტაბილურობა - ნათია თურნავა
ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს ჩვენი ფინანსური სტაბილურობა, - ამის შესახებ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ლარში დანაზოგები მზარდია და ეროვნული ვალუტისადმი ნდობა არის.
„ეროვნული ვალუტა ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი არის ნებისმიერი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ჩვენი სუვერენობის სიმბოლო არის ლარი. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში გვაქვს დაგეგმილი აქტივობები, ღონისძიებები. მათ შორის, საერთაშორისო ღონისძიებები. ეს საერთაშორისო კონფერენცია ხსნის ამ წლევანდელ კამპანიას, რომელიც მთლიანად ეძღვნება ლარის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამით ჩვენ ხაზი გვინდა გავუშვათ, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა ამ სამი ათეული წლის განმავლობაში შედგა, როგორც ძალიან ძლიერი, იმსახურებს ნდობას. ამას ჩვენ ვხედავთ სტატისტიკაშიც, სულ უფრო მეტად იზრდება დანაზოგები ლარში და ჩვენი ეროვნული ვალუტა არის სტაბილური და კარგად ემსახურება ჩვენს ასე ვთქვათ მოსახლეობას, ჩვენს ბიზნესს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს ჩვენი ფინანსური სტაბილურობა და კიდევ უფრო მეტ ნდობას იმსახურებდეს ეროვნული ვალუტა. დღევანდელი ღონისძიება, ეს არის საერთაშორისო კონფერენცია, საკმაოდ ფართო წარმომადგენლობით. 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელია. ესენი არიან ჩემი კოლეგები, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, ასევე ფინანსური ინდუსტრიის ლიდერები სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის ჩვენი ადგილობრივი ბანკების ლიდერებიც. გვაქვს დისკუსია საჭირბოროტო საკითხებზე, რაზეც თანამედროვე გარემოში ყოველთვის ვმსჯელობთ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, როცა ვიკრიბებით მსგავს პლატფორმებზე და საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში. ეს არის ახალი გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან, გეოპოლიტიკურ რისკებთან. ახალი გამოწვევები რამაც შეიძლება ზემოქმედება იქონიოს ინფლაციურ გარემოზე და რამდენად მომზადებულები არიან საფინანსო სისტემები, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის საფინანსო სისტემა, რომ წინ აღუდგნენ ამ გამოწვევებს და შევინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა. წელს ჩვენ ამ გამოწვევებს ძალიან ძლიერად ვეგებებით და ამიტომაც საკმაოდ მაღალი ინტერესია, განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნებში, მოისმინონ ჩვენი გამოცდილება თუ როგორ მივაღწიეთ საკმაოდ სტაბილურ გარემოს, ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ ფაქტორებს, დაბალ ინფლაციას მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში. ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონალურ თანამშრომლობას და თქვენ თუ შეხედავთ თვითონ გეოგრაფიას იმ ქვეყნების, ვინც არიან წარმოდგენილები, ეს არის ფართო რეგიონი, ეს არის ევროპა, აზია, შუა დერეფნის ქვეყნები და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ მიუხედავად ამ ჩვენი დივერსიფიცირებულებისა და განსხვავებებისა. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რეგიონალური პროექტი უკვე განხორციელდა, ბევრიც ხორციელდება და ეს ჩვენ გვაერთიანებს. ამიტომაც რეგიონალიზაცია, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი შუა დერეფნის ფარგლებში, უფრო ფართო რეგიონში, რა თქმა უნდა ევროკავშირთან, რა თქმა უნდა აზიის სხვადასხვა რეგიონთან ძალიან ძლიერი მესიჯია ჩვენი მხრიდან და ასევე ძალიან ძლიერი საშუალება, რომ წინ აღვუდგეთ ერთობლივად სხვადასხვა რისკს და სხვადასხვა ახალ გამოწვევას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით თბილისში მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობდა. მათ შორის ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების - Gojo & Company, Ant International-ის, The Global Finance & Technology Network-ის, ასევე საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.
კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.05.2025.17:33
ჯერჯერობით დინამიკა არ იძლევა საშუალებას, რომ წლევანდელი წლის საკრედიტო პორტფელის და საბანკო სექტორის აქტივების ზრდის ტემპზე კონკრეტული პასუხი გავცეთ, - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დაკრედიტების ტემპის შენელებას ეხებოდა.. მისი თქმით, ანალიზის დეტალური გაკეთება რამდენიმე თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი კონკრეტული მაჩვენებლები იძლევა საშუალებას, რომ ვთქვათ გარკვეული თვეები უკვე შემცირებული არის, წინა წელთან შედარებით, არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯერჯერობით დინამიკა არ იძლევა საშუალებას, რომ წლევანდელი წლის საკრედიტო პორტფელის და საბანკო სექტორის აქტივების ზრდის ტემპზე კონკრეტული პასუხი გავცეთ. სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელსაც უფრო მეტად ველოდებოდით ნაკლებ აქტივობას, იქედან გამომდინარე, რომ 2023 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი იყო აქტივობის ტემპი და გარე ფაქტორების ეფექტის შემცირებასაც ველოდებოდით. არ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძირითადი ფაქტორი ,მაგრამ ამასაც შეიძლება ზემოქმედება მოეხდინა კონკრეტულ თვეებზე. უფრო მეტად და უფრო კონკრეტულ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ ზაფხულის პერიოდში, როდესაც ნახევარი წლის შედეგები იქნება და ამაზე შევძლებთ უფრო მეტი ანალიზის გაკეთებას“, - აღნიშნა ძნელაძემ.
ძნელაძე ამბობს, რომ უძრავ ქონებასთან მიმართებაში აქტივობა შემცირებულია.
„ჯერ-ჯერობით ადრე არის, რომ რაიმე ვთქვა ამ ნაწილთან მიმართებაში.არაერთხელ გვქონია ამაზე საუბარი, რომ ანალიტიკა ცოტა იგვიანებს ხოლმე. იმიტომ, რომ მონაცემებზე და იმ ტენდენციაზე უნდა იყოს აწყობილი რა მიმდინარეობაც აქვს. რა თქმა უნდა უძრავ ქონებასთან მიმართებაში აქტივობა შემცირებულია, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ აქტივობის შემცირებაზე ანალიტიკოსები 2024 წლის დასაწყისში არაერთგზის საუბრობდნენ“, - აღნიშნა ძნელაძემ.