ქეთევან მუმლაძე, საქართველოს ბანკის გარემოს დაცვის და კლიმატის რისკის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გაეროს COP28 კონფერენციაში მონაწილეობდა
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მწვანე ინიციატივების განხორციელებას და მდგრადი ეკონომიკის განვითარებას.
ამ მიმართულებით ფინანსური ინსტიტუტის გამოცდილების გასაზიარებლად, საქართველოს ბანკის გარემოს დაცვის და კლიმატის რისკის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთევან მუმლაძე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) წევრ მხარეთა 28-ე კონფერენციაში (COP28) იღებდა მონაწილეობას. კონფერენცია დუბაიში ჩატარდა, რომელსაც ვირტუალურ და ფიზიკურ სივრცეში 80,000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.
ქეთევან მუმლაძემ საინვესტიციო კორპორაციის - Deutsche Investitions und Entwicklungsgesellschaft (DEG)-ის მიერ ორგანიზებულ პანელზე, სახელწოდებით „კერძო სექტორის და ფინანსური ინსტიტუტების მდგრადი და კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი ნულოვან ემისიური ტრანფორმაცია“, საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებული კლიმატის სამოქმედო სტრატეგიის შესახებ ისაუბრა.
სტრატეგიის თანახმად, ბანკის მისიაა, საკუთარი აქტივობებითა და ინიციატივებით ხელი შეუწყოს ქვეყნის მიერ კლიმატთან დაკავშირებული მიზნების შესრულებას. აღნიშნული დოკუმენტი 2022 წელს გამოქვეყნდა და დამტკიცდა.
სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს ბანკი იღებს ვალდებულებას, შეაფასოს და მართოს მომხმარებელთან დაკავშირებული კლიმატის რისკები, ხელი შეუწყოს დაბალემისიურ ეკონომიკაზე გადასვლას, შეამციროს საოპერაციო სათბურის აირები, გაზარდოს თანამშრომელთა ცნობიერება კლიმატის ცვლილების შესახებ და მხარი დაუჭიროს მათში ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს კლიმატური ცვლილების გამოწვევებთან გამკლავებას.
ამასთან, პანელზე ქეთევან მუმლაძემ ისაუბრა საქართველოს ბანკის მიერ DEG-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „მწვანე სესხების სწრაფი შეფასება“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების, განხორციელებული ინიციატივების შესახებ და განიხილა ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც კერძო სექტორსა და ფინანსურ ინსტიტუტებში ნულოვანი ემისიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობას განაპირობებენ.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
07.04.2026.15:17
საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
სიტყვით გამოსვლისას, მან მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს, მის გუნდსა და ადგილობრივ მისიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რომელიც მეოთხე მუხლის კონსულტაციების ფარგლებში შედგა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განხილულ იქნა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის პარამეტრები და პროგნოზები, ასევე ცალკეული სტრუქტურული თემები, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებაზე. მისი თქმით, საგულისხმოა, რომ ფონდის პროგნოზები სრულად თანხვედრაშია საქართველოს ოფიციალურ პროგნოზებთან.
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 9,3%-ით იზრდებოდა. 2026 წელიც მაღალი ზრდით დაიწყო - 8.4%-იანი ზრდა არის პირველ ორ თვეში. ჩვენს პროგნოზებშიც, საშუალოვადიან პერიოდში, ნავარაუდევია ეკონომიკური ზრდის პოტენციურ ზრდასთან დაახლოება. ეს არის ჩვენი საბაზისო სცენარი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მომდევნო წლებში შესაძლებელი და მოსალოდნელია უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, თუმცა რეგიონში ამ დროისთვის არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, სამინისტრო არ ჩქარობს პროგნოზების გადახედვას. მისი თქმით, აქტიურად ხდება დაკვირვება გეოპოლიტიკურ მოვლენებსა და მასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე.
ფისკალურ დისციპლინაზე საუბრისას, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის, ფისკალური დეფიციტი ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო სახელმწიფო ვალის დონე უსაფრთხო - 35%-ზე დაბალ ნიშნულზე. მისი თქმით, დაგეგმილია ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-სთან 2.5%-ის ფარგლებში შენარჩუნება. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეს დამოკიდებული იქნება, როგორც საგადასახადო შემოსავლების, ისე ხარჯების ნაწილზე.
„შესაძლებელია დეფიციტი იყოს უფრო დაბალი, ვიდრე 2.5%-ია იმ მოცემულობით, რომ კაპიტალური ხარჯების ნაწილი შენარჩუნდება მშპ-ის 7%-ის ფარგლებში, რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები, რომელიც უკავშირდება შუა დერეფნის დაკავშირებადობის გაძლიერებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას. ასევე, წყლის, საგანმანათლებლო, ტურისტული, თუ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომ მშენებლობა/რეაბილიტაციას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.