Keepz-მა საქართველოს ეროვნული ბანკისგან საგადახდო სისტემის ოპერატორის ლიცენზია მიიღო
Keepz-მა საქართველოს ეროვნული ბანკისგან საგადახდო სისტემის ოპერატორის ლიცენზია მოიპოვა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც კომპანიის განვითარებისთვის, ასევე საქართველოში საგადახდო მომსახურებების გაუმჯობესების კუთხით. ამ გადაწყვეტილებით, სისტემური ბანკების მფლობელობაში არსებული ორი საგადახდო სისტემის ოპერატორის გარდა, ქვეყანას დაემატა მესამე ლიცენზირებული ოპერატორი Keepz-ის სახით, რაც ხელს შეუწყობს ბაზრის დივერსიფიკაციასა და კონკურენციას.
ლიცენზია Keepz-ს საშუალებას აძლევს, მართოს ეროვნული საგადახდო სისტემა, რომელიც კომერციულ ბანკებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს აერთიანებს. ამ სისტემის მეშვეობით, მონაწილე ბანკების მომხმარებლებს შეუძლიათ ლარში, აშშ დოლარსა და ევროში მყისიერად, 24/7-ზე განახორციელონ ტრანზაქციები, რომლებიც ადრესატს წამებში აესახება ნებისმიერ დროს, მათ შორის — არასამუშაო საათებში, შაბათ-კვირასა და უქმე დღეებში.
ეს ნაბიჯი ასახავს საქართველოში თანამედროვე და საიმედო საგადახდო მომსახურებებზე მზარდ მოთხოვნას. მოპოვებული ლიცენზიით, Keepz მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს ქვეყნის საგადახდო სერვისების შემდგომ განვითარებაში. თანამედროვე სამყაროში თანხის გადარიცხვა უნდა იყოს ისეთივე სწრაფი, მარტივი და იაფი, როგორც SMS-ის გაგზავნა. სწორედ ამას უზრუნველყოფს Keepz-ის საგადახდო სისტემა.
კომერციულ ბანკებს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებსა და ფინტექ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამშრომლობით ან სისტემაში ჩართვით, დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაუკავშირდნენ Keepz.me-ის გუნდს.
ხოლო მომხმარებლებს, სერვისით სარგებლობისთვის, შეუძლიათ მოძებნონ „24/7-ზე გადარიცხვის“ ღილაკი თავიანთი ბანკის მობაილ აპლიკაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - ლაშა ხუციშვილი
სხვა სიახლეები
მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - ლაშა ხუციშვილი
17.02.2026.20:13
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველო სამივე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსთან აქტიურ კომუნიკაციაშია და მოლოდინი აქვს, რომ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება. როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გამყარებისა და საერთაშორისო რეზერვების ზრდის ფონზე, თავად სააგენტოების საჯარო მოდელები მიუთითებს, რომ საქართველოს რეიტინგი ერთი ან ორი საფეხურით უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ამჟამად არის დაფიქსირებული.
მინისტრის შეფასებით, მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად კვლავ გეოპოლიტიკური გარემო რჩება, თუმცა საქართველოს ეკონომიკამ სხვადასხვა შოკის პირობებში მდგრადობა არაერთხელ დაამტკიცა.
„სარეიტინგო კომპანიებთან ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ - სამივე სააგენტოსთან და საკმაოდ საინტერესო სიტუაციაა ახლა კონკრეტულად. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანამ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია როგორც ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, ასევე ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის, რეზერვების ზრდის მიმართულებით. თვითონ სარეიტინგო კომპანიების მოდელები, რომელიც საჯაროა და თვითონვე აქვეყნებენ, აჩვენებს, რომ ქვეყანას აქვს ერთი ან ორი საფეხურით მაღალი რეიტინგი, ვიდრე ფაქტობრივი შედეგია დაფიქსირებული. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სარეიტინგო კომპანიებთან იმისთვის, რომ ეს წარმატება სრულად აისახოს ქვეყნის რეიტინგებში. მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება. ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი აქ მაინც არის გეოპოლიტიკა და სიტუაცია, რომელიც ჩვენს რეგიონში და არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, მსოფლიოში არის. თუმცა, ამ მიმართულებითაც საქართველოს ეკონომიკამ ძალიან წარმატებით დაამტკიცა, რომ ეს იქნება ეკონომიკური თუ არაეკონომიკური შოკები, საკმაოდ მდგრადია და ყოველი შოკიდან შემდგომ ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერებული ეკონომიკური პარამეტრებით გამოდის“, - ამბობს ლაშა ხუციშვილი.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, დამატებითი რესურსი უფრო შეღავათიანი პირობებით მოიზიდოს.
„საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება, ერთის მხრივ, მისცემს უპირატესობას იმას, რომ უფრო შეღავათიანი პირობებით შეძლებს ქვეყანა მოიზიდოს დამატებითი რესურსი. საქართველოს, როგორც ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება პრაქტიკულად ავტომატურად ნიშნავს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების რეიტინგების გაუმჯობესებასაც და ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ბიზნესიც უფრო დაბალ პროცენტში და უფრო ხელსაყრელი პირობებით მოიზიდავს თანხებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ამ კუთხით რეიტინგის გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ხუციშვილი.