ჩვენი მიზანია, 2026 წლისთვის Keepz წარდგეს მინიმუმ ორ ევროპულ ბაზარზე, როგორც სრულფასოვანი ფინ-ტექ მოთამაშე - პაპუნა ლეჟავა
ტრადიციული ტერმინალის ციფრული ალტერნატივა Keepz საქართველოში დაფარვის არეალს აფართოებს და სერვისების რაოდენობას ზრდის. კომპანია მიღწეულს არ ჯერდება და სერვისების ექსპორტსაც გეგმავს და 2026 წლისთვის Keepz მინიმუმ ორ ევროპულ ბაზარზე აპირებს ოპერირების განხორციელებას.
რა გეგმები აქვს Keepz-ს და როგორ აპირებს კომპანია QR გადახდების კიდევ უფრო მეტად დანერგვას ქვეყანაში, დეტალებზე Business Insider Georgia კომპანია Keepz-ის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს პაპუნა ლეჟავას ესაუბრა.
- მას შემდეგ რაც Keepz ბაზარზე გამოჩნდა, როგორ გაიზარდა კომპანია და ასევე მისი კლიენტების თუ მომხმარებლების რაოდენობა და დღეს თვეში საშუალოდ რამდენ ტრანზაქციას ემსახურებით? მიმდინარე მაჩვენებლები რამდენად თანხვედრაშია მენეჯმენტის იმ გეგმებთან, რომელიც კომპანიამ დასაწყისი დასახა?
- ბაზარზე ჩვენი გამოჩენა თავიდანვე მიზანმიმართულად იყო ორიენტირებული მასშტაბირებად ტექნოლოგიაზე და სიღრმისეულ მომხმარებელთა გამოცდილებაზე. ჩვენი პირველი წლის შედეგებთან შედარებით, დღევანდელი მდგომარეობით მომხმარებლების რაოდენობა 573%-ით გაიზარდა, ხოლო ყოველთვიურად ვემსახურებით დაახლოებით 45,000-ზე მეტ ტრანზაქციას, რაც თვის ჭრილში 40 მილიონს აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად უსწრებს პირველ ეტაპზე დასახულ პროგნოზებს. მენეჯმენტის სტრატეგიული ხედვა სწორედაც, რომ დაეფუძნა ინოვაციას, ნდობას და მოქნილ ინტეგრაციას საბანკო და ციფრულ ეკოსისტემასთან – ეს ფაქტორები კი ჩვენი დღევანდელი წარმატების ქვაკუთხედია.
- როგორია საქართველოში Keepz-ის დაფარვის გეოგრაფია? დაიწყეთ თუ არა რეგიონების ათვისება?
- დღეს Keepz-ის სერვისით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. მიუხედავად იმისა, რომ ინიციალურად კონცენტრაცია ძირითადად დედაქალაქზე გვქონდა, უკვე გავაფართოვეთ გეოგრაფიული დაფარვა და აქტიური მომხმარებლების 37% რეგიონებიდან მოდის – ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია აჭარის რეგიონი.
გარდა ამისა, დავიწყეთ თანამშრომლობა რეგიონულ ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და საცალო ქსელებთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს პოზიციას ქვეყნის გარეთ ცენტრალური ურბანული ცენტრების ფარგლებს.
- რატომ Keepz? რა არის მისი კონკურენტული უპირატესობა?
- Keepz განსხვავდება რამდენიმე სტრატეგიული ასპექტით:
● ტექნოლოგიური ღიაობა და სიმარტივე – ჩვენი პლატფორმა აგებულია ღია პრინციპებზე, რაც მომხმარებელს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას,QR კოდის მეშვეობით მიიღოს გადახდები ნებისმიერი ბანკიდან.
● უსაფრთხოება და სანდოობა – ISO სტანდარტებზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურა, მულტიფაქტორული ავთენტიფიკაცია და ლიცენზირებული მონაცემთა გაცვლის არქიტექტურა.
● მოქნილი ინტეგრაცია ბიზნესებისთვის – B2B სეგმენტისთვის გვაქვს სპეციალური API გადაწყვეტები, რომლებიც ამარტივებს ფინანსურ ოპერაციებს და ზრდის პროცესების ავტომატიზაციას. ჩვენ ასევე ვახორციელებთ ჩვენი ფილოსოფია მარტივია – ფინანსები უნდა იყოს ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე.
- Keepz-ი იყო პირველი ფინ-ტექ კომპანია, რომელმაც ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო. როგორ შეაფასებდით ამ პროცესს და როგორ განვითარდა ამის შემდეგ კომპანია? ანუ რა შესაძლებლობები მოგცათ ღია ბანკინგმა?
- ღია ბანკინგის ლიცენზიის მიღება იყო ჩვენი განვითარების გარდამტეხი ეტაპი. იგი არამხოლოდ ტექნიკური წინსვლა იყო, არამედ ნდობის გამოცხადება რეგულატორისა და მომხმარებლის მხრიდან.
ლიცენზიის საფუძველზე ჩვენ შევძელით მომხმარებლის მიერ ინიცირებული გადარიცხვების გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად განხორციელება QR კოდის მეშვეობით. ამან კი გაზარდა როგორც ტრანზაქციული მოცულობა, ისე მომხმარებლის კმაყოფილების დონე.
ეს პროცესი ასევე მოგვიტანა პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები – ბანკებთან, აუდიტორულ კომპანიებთან და ERP-სერვისის პროვაიდერებთან.
- ვინ სარგებლობს ძირითადად ღია ბანკინგის ოპერაციებით და თქვენი კომპანიის მაგალითზე როგორია მოთხოვნა?
- ღია ბანკინგით ძირითადად სარგებლობენ:
● მცირე და საშუალო ბიზნესები, რომლებსაც სჭირდებათ მრავალბანკიანი ანგარიშების ეფექტიანი მართვა და საბუღალტრო პროცესების ავტომატიზაცია;
● ფინანსური მენეჯერები, რომლებსაც სურთ რეალურ დროში დანახული ფინანსური ნაკადები;
● და ტექნოლოგიური პლატფორმები, რომლებიც იყენებენ ჩვენს API-ს საკუთარ სერვისებში.
დღეს ღია ბანკინგის სერვისებზე მოთხოვნა წინა კვარტალთან შედარებით 63%-ით არის გაზრდილი. განსაკუთრებით აქტიურდება მოთხოვნა ინტეგრირებულ გადახდებსა და ბიუჯეტირების ინსტრუმენტებზე.
- ხომ არ განიხილავს Keepz სერვისების ექსპორტს, ან რომელიმე ქვეყნის ბაზარზე შესვლას და ამ მიმართულებით განვითარებას?
- დიახ, უკვე ვმუშაობთ საერთაშორისო გაფართოებაზე. პრიორიტეტულად განიხილება ევროპის ქვეყნები და თურქეთი, სადაც ღია ბანკინგის რეგულაციები და ტექნოლოგიური გარემო მსგავსი და თავსებადია ჩვენს ინფრასტრუქტურასთან.
ამ ეტაპზე ვაწარმოებთ დიალოგს ადგილობრივ პარტნიორებთან და რეგულატორებთან, რათა ჩვენი სერვისები დავიწყოთ რამდენიმე ბაზარზე პილოტის რეჟიმში. ჩვენი მიზანია, 2026 წლისთვის Keepz წარდგეს მინიმუმ ორ ევროპულ ბაზარზე, როგორც სრულფასოვანი ფინ-ტექ მოთამაშე.
- რა სიახლეებს გეგმავთ მიმდინარე წლის ბოლომდე, რას უნდა ელოდნენ თქვენგან თქვენი მომხმარებლები?
- 2025 წლის ბოლომდე Keepz-ის მთავარი ფოკუსი არის QR გადახდების გამოცდილების კიდევ უფრო დახვეწა და გავრცელება საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მნიშვნელოვანი განახლების მიმართულებით:
1. სწრაფი და უნიფიცირებული გადახდების ახალი ინტერფეისი – მომხმარებლები მალე შეძლებენ გადახდების განხორციელებას ერთობ ინტუიციური და გამარტივებული ვიზუალური გარემოს საშუალებით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანზაქციის დროს.
2. ინტეგრაცია ერთჯერადი QR-კოდების გენერაციასთან – მცირე ბიზნესებისთვის, ბაზრობებზე და pop-up ტიპის ვაჭრობისთვის შემოგვაქვს ფუნქციონალი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს წამებში შექმნას QR კოდი კონკრეტული გადასახდელი თანხით.
3. ბიზნეს ანალიტიკის პანელი – სავაჭრო ობიექტებისთვის დაემატება ანალიტიკის მოდული, რომელიც მიუთითებს ტრაფიკის საათობრივ განაწილებაზე, ყველაზე აქტიურ გადახდების დღეებზე და მომხმარებლების დაბრუნების მაჩვენებელზე.
4. გაფართოება რეგიონებში – ჩვენი მიზანია წლის ბოლომდე დავფაროთ მინიმუმ 15 ახალი მუნიციპალიტეტი და გავზარდოთ რეგიონის სავაჭრო ობიექტების ჩართულობა QR გადახდების ეკოსისტემაში.
5. პარტნიორობა სტრატეგიულ კომერციულ ქსელებთან – წლის ბოლომდე ვგეგმავთ Keepz-ის ინტეგრაციას რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ობიექტთან, რაც მომხმარებლისთვის გადახდას გახდის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩვენი მისია უცვლელია – გადახდა უნდა იყოს სწრაფი, მარტივი და უნივერსალური. ჩვენ გვჯერა, რომ QR ტექნოლოგია საქართველოში ფიზიკური გადახდების მომავალია, და ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს მომავალი უკვე დღეს იყოს ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.06.2025.17:39
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1203 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7318 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7318 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7320 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1203 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1087 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0116 ლარი შეადგინა.