სასიხარულოა, რომ ჩინეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთის საგადახდო სისტემების თანამშრომლობის მნიშვნელობას - ნათია თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერთან ლი ციანთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ნათია თურნავას განცხადებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც არსებითია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ფინანსური ურთიერთობების განვითარებისა და გაძლიერებისთვის.
„ეს არის ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომელიც შუა დერეფანში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და საინტერესო პარტნიორად გვაქცევს ჩინეთისთვის“, -აღნიშნა თურნავამ.
ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ბანკთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, საგადახდო სისტემების დაახლოებასა და ჩინური ბანკების მხრიდან საქართველოში ინვესტირებისა და განვითარების მნიშვნელობას.
მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ ამას ხაზი გაუსვა არა მხოლოდ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, არამედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა.
„მან პირდაპირ თქვა, რომ საგადახდო სისტემების მიმართულებით თანამშრომლობა პრიორიტეტულია. ეს არის ჩვენი ძალისხმევის დაფასებაც, ვინაიდან მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რის შემდეგაც დავიწყეთ ძალიან აქტიური კომუნიკაცია, თანამშრომლობა ჩინეთის საერთაშორისო საგადახდო სისტემის CIPS-ის მენეჯმენტთან. ქართული ბანკები აქტიურად მიმართავენ ამ სისტემას იმისთვის, რომ მისი პირდაპირი მონაწილეები გახდნენ, რაც იუანში განხორციელებული ტრანზაქციების უფრო სწრაფად, უფრო ხარისხიანად, შუამავლების გარეშე შესრულების საშუალებას იძლევა. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში თანამშრომლობასა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე.
პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
სხვა სიახლეები
ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 5.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა
07.11.2025.13:57
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშირისო სავალუტო რეზერვები 5.6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, ხოლო სექტემბერში 100.0 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა შესყიდვებმა 1 596.0 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ოქტომბრის სტატისტიკა კი 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვისორიენტირებულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე-ოქტომბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4%-ს (920.6 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 420.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 დეკემბერს გამოაქვეყნებს.