II კვარტალში სავალუტო რეზერვები $377 მილიონითაა გაზრდილი, რაც სავალუტო ბაზარზე სებ-ის მიერ დოლარის შესყიდვასთან არის დაკავშირებული - რა წერია TBC Capital-ის მაკროეკონომიკურ განახლებაში
თიბისი კაპიტალი „მაკროეკონომიკური განახლებას“ აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს საგადასახდელო ბალანსის ანალიზი გვთავაზობს მნიშვნელოვან დასკვნებს როგორც მიმდინარე, ასევე ფინანსური ანგარიშის ნაწილში. რიგ შემთხვევებში ბოლოდროინდელი დინამიკა ისტორიული ტენდენციებისგან მკვეთრ გადახვევასაც წარმოადგენს.
კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის მხრივ:
ტურიზმიდან შემოსავლების ზომიერი ზრდის პარალელურად, ინფორმაციისა და კომუნიკაციის (ICT) და ბიზნეს სერვისების ექსპორტი სწრაფ ზრდას განაგრძობს, რაც დიდწილად ცვლის მომსახურების ექსპორტის სტრუქტურას;
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რეინვესტიციის გარეშე, ისტორიულ საშუალოსთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი რჩება;
მიუხედავად ამისა, პირველ კვარტალში საგარეო ბალანსი საკმაოდ გაუარესდა, თუმცა, ამავდროულად, უახლესი ინდიკატორები მეორე კვარტალში გაუმჯობესებაზე მიუთითებს.
ფინანსური ანგარიშის მხრივ:
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რეინვესტიციის გამოკლებით, კვლავ დაბალ ნიშნულზეა;
პორტფელური ინვესტიციების კუთხით, 2022 წლიდან გააქტიურებულია საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოური აქტივების შეძენა, რაც ძირითადად უცხოური სავალო ფასიანი ქაღალდების შესყიდვას უკავშირდება;
ბოლო პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეჰქონდა სესხებსაც, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში;
დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა სავალუტო რეზერვებიც, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ აშშ დოლარის მოცულობითი შესყიდვის პარალელურად, მეორე კვარტალში ეს ტენდენცია შეიცვლება.
უფრო დეტალურად, პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებულმა დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.7% შეადგინა, რაც წინა კვარტალთან (5.1%) შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით მეტია. დეფიციტის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი რეზიდენტების მიერ საგარეო წყაროებიდან მიღებული შრომის ანაზღაურების, საქონლით საგარეო ვაჭრობის ბალანსისა და ფულადი გზავნილების გაუარესებამ შეიტანა. საპირისპიროდ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ICT სექტორის ექსპორტი, რამაც მომსახურებით ვაჭრობის პროფიციტიც გაზარდა.
„ამავდროულად, უახლეს ინდიკატორებზე დაყრდნობით, აღნიშნული ფაქტორების მხრივ მეორე კვარტალში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იკვეთება. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მეორე კვარტალში საქონლით საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წლიურად 10.5%-ით არის შემცირებული (პირველ კვარტალში 16.2%-ით ზრდა), ხოლო, სებ-ის მონაცემებით, სწრაფი ფულადი გზავნილების ზრდა 10%-ია (პირველ კვარტალში 3.2%-ით კლება).
რაც შეეხება ფინანსურ ანგარიშს, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს, პირველ კვარტალში გამოსაყოფია სავალუტო რეზერვებისა და ნაღდი ფულის და დეპოზიტების დინამიკა, რომლებზეც დეფიციტის დაფინანსების სამ მეოთხედზე მეტი მოდიოდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მეორე კვარტალში სავალუტო რეზერვები, წინა კვარტალთან შედარებით, $377 მილიონითაა გაზრდილი, რაც სავალუტო ბაზარზე სებ-ის მიერ აშშ დოლარის შესყიდვასთან არის დაკავშირებული, ლარის მხარდამჭერი ფაქტორების გაძლიერების ფონზე. მარტიდან მაისის ჩათვლით პერიოდში სებ-მა ბაზარზე $613 მილიონი შეიძინა. ჩვენი შეფასებით, ინტერვენციები ივნისსა და ივლისშიც გრძელდება.
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ბოლო პერიოდების მსგავსად, წამყვან როლს კვლავ რეინვესტირებული მოგება ასრულებდა, რომელზეც პირველ კვარტალში წმინდა პირდაპირი ინვესტიციების 67% მოდიოდა. საყურადღებოა პორტფელური ინვესტიციების დინამიკა, სადაც საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოური სავალო ფასიანი ქაღალდების შეძენა იკვეთება, რაც ისტორიულად საქართველოს საგადასახდელო ბალანსისთვის დამახასიათებელი მოვლენა არ ყოფილა. ამავდროულად, სახეზეა რეზიდენტების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდების ნაწილობრივი გამოსყიდვაც. სესხების კუთხით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორის მიერ მოზიდული სახსრები, დაახლოებით, თანაბარი იყო, რამაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, თუმცა პირველ კვარტალში სესხების მოცულობა მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზარდა“, - განმარტავენ თიბისი კაპიტალში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.07.2025.17:39
დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა.
ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივ და რეგიონულ პროექტებში პარტნიორობის მნიშვნელობას.
მინისტრებმა ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და პროექტებზე საგზაო და სარკინიგზო დაკავშირებადობის, ენერგეტიკული პოტენციალისა და ენერგოუსაფრთხოების, გადაზიდვებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
საუბარი, შეეხო საბაჟო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, საბაჟო-გამშვები პუნქტების მართვის მიმართულებით.
თავის მხრივ, თურქეთის დელეგაციის მხრიდან აღინიშნა საქართველოს როლი, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში. თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნული პარტნიორობის განმტკიცების მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სტუმრების მხრიდან - თურქეთის ვაჭრობის სამინისტროსა და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელები, ასევე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი.