Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის საუკეთესო sub-custodian ბანკები მსოფლიოს შვიდ რეგიონსა და 83 ქვეყანაში დაასახელა. დაჯილდოების ფარგლებში, საქართველოს ბანკმა ქვეყანაში საუკეთესო sub-custodian ბანკის აღიარება მიიღო.
„Sub-custodian ბანკების როლი სტრატეგიულად სულ უფრო მნიშვნელოვანი და ტექნოლოგიური ხდება. ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისა და გლობალური ფინანსური ოპერაციების მნიშვნელობის ზრდის გამო, ეს მიმართულება ფინანსური სექტორისთვის შეუცვლელი ხდება. Global Finance-ის ამ დაჯილდოებით ვაღიარებთ ინსტიტუტებს, რომლებიც კასტოდიან სერვისების მაღალი სტანდარტების დამკვიდრების კუთხით ლიდერობენ“, - აღნიშნა გამოცემის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი საუკეთესო sub-custodian ბანკების დაჯილდოებაში 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას და ამ წლების განმავლობაში ლიდერულ პოზიციებს ინარჩუნებს.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო sub-custodian ბანკად დაასახელა. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს მაღალი ხარისხის, სანდო და ტექნოლოგიურად გამართული მომსახურების შექმნისთვის ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას. ჩვენ მუდმივად ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს, ვავითარებთ მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს და რაც მთავარია, არ ვჩერდებით, რათა კიდევ უფრო მეტი ინოვაცია დავნერგოთ ამ მიმართულებით” – აღნიშნა საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელმა, ელენე ცხადაიამ.
გამარჯვებულების გამოვლენის მიზნით, Global Finance-ის რედაქცია 2024 წლის მონაცემების ანალიზს დაეყრდნო. შეფასების პროცესში გათვალისწინებული იყო როგორც ბაზრის სიღრმისეული კვლევების შედეგები, ისე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები. აპლიკანტების საქმიანობის ეფექტურობის შესაფასებლად კონკრეტული კრიტერიუმები დადგინდა, მათ შორის: მომხმარებლის კმაყოფილების დონე, სერვისების ხარისხი, ტექნოლოგიური პლატფორმების გამოყენება, ბიზნესის მდგრადობის სტრატეგია, ანგარიშსწორების შემდგომი ოპერაციები და სხვა.
ინფორმაციისთვის, კასტოდიანი ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაციაა, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი კი წამყვანი sub-custodian ბანკია ქვეყნის მასშტაბით და იგი მომხმარებელს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებასა და შენახვას სთავაზობს.
სხვა სიახლეები
30.07.2025.17:47
ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რომლითაც უფრო გამჭვირვალე გახადა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა, რითაც აუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის გამჭვირვალობასა და აღქმადობას, რაც პოლიტიკის გადაცემის არხების ეფექტურობას აძლიერებს.
"მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.
ზოგადად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზსა და, მათზე საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიების კომუნიკაციას.
ცენტრალური სცენარი
გლობალურად მიმდინარე ტენდენციების ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. აქედან გამომდინარე, სებ-ი ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა რისკ-სცენარსაც განიხილავს.
ერთი მხრივ, სებ-ი განიხილავს მაღალინფლაციურ სცენარს, რომელიც ეფუძნება გეოპოლიტიკური და ადგილობრივი ინფლაციური რისკების ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მწვავე რეალიზებას. აღიშნული სცენარი, ასევე ითვალისწინებს სასაქონლო ბაზრებიდან მომდინარე დამატებით ინფლაციურ წნეხს.
მეორე მხრივ, დაბალინფლაციური რისკის სცენარი მოიაზრებს რელევანტური რისკების იმგვარ რეალიზებას, რომელიც ცენტრალურ სცენართან შედარებით ნაკლებად ინფლაციურია. საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილების ფონზე, პროდუქტიულობა მაღალია. შესაძლებელია ეს ტენდენცია მოსალოდნელზე ხანგრძლივად შენარჩუნდეს, რასაც დისინფლაციური ეფექტი ექნება. ამასთან, გლობალური ტენდენციებიც შესაძლებელია ცენტრალურ სცენართან შედარებით ნაკლებად მწვავე იყოს.
არსებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, რისკების მინიმიზაციის მიდგომიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა.
თუ ცენტრალურ სცენართან შედარებით, მაღალინფლაციური ან დაბალინფლაციური რისკები მონაცემებში მეტად გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან შერბილება გახდეს საჭირო.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.