Fitch საკმაოდ დადებითად აფასებს ზოგადად ეკონომიკურ ტენდენციებს საქართველოში, ინფლაციის მიმართულებითაც საკმაოდ პოზიტიური შეფასებებია - ეკატერინე მიქაბაძე
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების სწორედ რეზერვების შევსება იყო, - აღნიშნულის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ Fitch-ის რეიტინგზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, Fitch დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებს.
„Fitch-მა სულ ახლახან საქართველოს სუვერენული რეიტინგი „bb“ დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებისა სწორედ რეზერვების შევსება, დაგროვება იყო. სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს თავის ანგარიშში, რომ სებ-მა ხელსაყრელი სავალუტო შემოდინებების, ეკონომიკური ზრდის და დედოლარიზაციის/ლარიზაციის პირობებში შეძლო და ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი ინტერვენციები განახორციელა, რამაც მისცა საფუძველი Fitch-ის პერსპექტივის გაუმჯობესებისა. გარდა ამისა Fitch საკმაოდ დადებითად აფასებს ზოგადად ეკონომიკურ ტენდენციებს საქართველოში, ინფლაციის მიმართულებითაც საკმაოდ პოზიტიური შეფასებებია. მათი პროგნოზით 2026-2027 წლებში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3,2% იქნება და ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს, მათი პროგნოზის მიხედვით, 7,3%-ი იქნება. ასევე სტაბილურობაზე, როგორც ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებას ამახვილებს Fitch და მათი შეფასებით ქართული საბანკო სექტორი სტაბილურია, გამოირჩევა კაპიტალის და ლიკვიდურობის მაღალი ბუფერებით, მომგებიანობით და ასევე აქტივების მაღალი ხარისხით“, - აღნიშნა სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.
„დედოლარიზაცია-ლარიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მხრივ საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები გაქვს. გასულ წელს დაფიქსირებული. საკმაოდ მაღალი ზრდის შემდგომ დედოლარიზაციის პროცესი გაგრძელდა, საკმაოდ აქტიური ტემპით მიმდინარეობს და უკვე მიმდინარე მონაცემებით დეპოზიტების დოლარიზაციამ 48,8% შეადგინა. დოლარიზაცია დაახლოებით 4%-ით არის შემცირებული პიკიდან. კიდევ უფრო კარგი ტენდენციებია სესხების ლარიზაციის მიმართულებით. სესხებში დოლარიზაცია მხოლოდ 42%-ს შეადგენს. ეს ერთ მნიშვნელოვნად მიუთითებს ლარის ნდობის მიმართულებით. ის, რომ ლარში დაზოგვა უფრო და უფრო სანდო ხდება საქართველოს საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი ‘BB’ დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა - სტაბილურამდე გააუმჯობესა.
პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ ფაქტორად საკრედიტო სარეიტინგო კომპანია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდას ასახელებს.
როგორც Fitch-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 2024 წლის ოქტომბრის დაბალ ნიშნულთან შედარებით 37.2%-ით გაიზარდა და 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ისტორიულ მაქსიმუმს 5.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
სარეიტინგო კომპანია ასევე ხაზს უსვამს, რომ რეზერვების ზრდა სებ-ის პოლიტიკის შედეგია, რაც წლის დასაწყისიდან განხორციელებულ შესყიდვებს, ოქროს ფასის გადაფასებას და 2024 წლის ბოლო სარეზერვო მოთხოვნების ზრდას უკავშირდება. მათივე განმარტებით, თავის მხრივ, საგარეო შემოდინებებმა და დეპოზიტების დედოლარიზაციამ წვლილი შეიტანა რეზერვების ზრდაში.
“საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია, მაღალი მომგებიანობით (სექტემბრის მდგომარეობით ROE 22.7%), მაღალი კაპიტალიზაციით (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 20%) და აქტივების მაღალი ხარისხით (უმოქმედო სესხების წილი 2.6%).“ პოზიტიურია დედოლარიზაციის ტენდენციები“ - ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.
Fitch პროგნოზით, 2026-2027 წლებში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს - საშუალოდ 3.2% იქნება, ხოლო ეკონომიკური ზრდა ძლიერი და 2025 წელს 7.3%-ს, 2026 წელს კი 5.3%-ს მიაღწევს.
დღის ტოპ 10 სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია
სხვა სიახლეები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
13.03.2026.14:48
ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში: უახლესი მონაცემები საქართველოს ეკონომიკაზე
ახლო აღმოსავლეთში მორიგი ესკალაციის დაწყებიდან თითქმის ორი კვირა გავიდა. კონფლიქტის პირველ დღეებში თიბისი კაპიტალმა საქართველოს ეკონომიკაზე პოტენციური ზეგავლენის ძირითადი არხების შესახებ მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც გარკვეული მონაცემები უკვე ხელმისაწვდომია, შეგვიძლია აღნიშნული ცვლადების დინამიკას რეალურ დროში დავაკვირდეთ.
პირველ რიგში, ალბათ, ყველაზე აქტუალური საკითხი - ლარის გაცვლითი კურსი. გასული ორი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ, დაახლოებით, 2.5%-ით გაუფასურდა (ევროს მიმართ - 0.5%-ით), თუმცა 6 მარტის შემდგომ დასტაბილურდა და თითქმის უცვლელად ნარჩუნდება.
რამ განაპირობა ლარის გაუფასურება? ჩვენი შეფასება, რომ ამის მიზეზი კონვერტაციები იყო, დასტურდება. დეპოზიტების კონვერტაციების ყოველდღიურ შეფასებაზე დაყრდნობით, 28 თებერვლიდან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი უცხოური ვალუტის დეპოზიტები, ლარის დეპოზიტები კი შემცირებულია. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ ეს ფაქტორი, ლარის გაცვლითი კურსის კუთხით, სავალუტო შემოდინებებზე არანაკლები და ხშირად უფრო მეტი მნიშვნელობისაც კია.
ამავდროულად, წინასწარი მონაცემებით, დასტურდება მორიგი დაშვებაც კონვერტაციებით გამოწვეული ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში სებ-ის ინტერვენციების შესახებ. თუმცა, ჩვენი შეფასებით, სებ-მა გასულ დღეებში, 12 მარტის მდგომარეობით, მხოლოდ მცირე მოცულობის, დაახლოებით, 25-30 მილიონ აშშ დოლარამდე გაყიდა. რატომ არ გახდა საჭირო უფრო ძლიერი ჩარევა?
პირველი, როგორც იკვეთება, 6 მარტის შემდგომ დეპოზიტების ლარიზაცია თითქმის უცვლელია, რაც მიუთითებს, რომ დამატებით კონვერტაციები, ამ ეტაპისთვის მაინც, არ ფიქსირდება, ანუ სენტიმენტები უფრო დასტაბილურდა.
მეორე, იანვარ-თებერვალში ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებისა და, მიმდინარე დინამიკისაგან განსხვავებით, დეპოზიტების ლარიზაციის ზრდის ფონზე, სავალუტო ბაზარზე სიჭარბე ვლინდებოდა, რამაც კონვერტაციების შედეგად უცხოურ ვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნა დიდწილად დააკომპენსირა. ამდენად, ინტერვენციებით დამატებით მოზრდილი მოცულობის მიწოდება ბაზრისთვის საჭირო არ გამხდარა. მთლიანობაში, ლარის კურსის კუთხით ჩვენი შეფასება ნეიტრალური რჩება, იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები დღეიდან, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება.
წინასწარი შეფასებით, თებერვალი სებ-ის მიერ ვალუტის შესყიდვის მიმართულებით ერთ-ერთ რეკორდული თვე იყო, დაახლოებით 420 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. არსებული მონაცემებით, თებერვალში წმინდა სავალუტო რეზერვები (სსფ-ის სპეციალური ნასესხობის უფლების გარეშე), წინა თვესთან შედარებით, 371 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
უახლესი ინდიკატორების მხრივ, ჯამური უნაღდო ხარჯები მარტის პირველ კვირაში, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია. მართალია, ზრდა დიდწილად ადგილობრივი ბარათების დანახარჯებით არის განპირობებული, თუმცა საერთო ჯამში, ჯერჯერობით, კლება არც უცხოური ბარათების კუთხით შეინიშნება, რაც ტურიზმიდან შემოსავლების წინასწარი შეფასებისთვის ერთ-ერთი სანდო მაჩვენებელია. ამასთან, 27 თებერვლის შემდეგ სასტუმროებისა და ავიახაზების კატეგორიებში უცხოური ბარათებით ხარჯებში შენელება იკვეთება, თუმცა, საპირისპიროდ, გაზრდილია სხვა კატეგორიებში დანახარჯები. მოცემულ კონტექსტში, გასათვალისწინებელია პოტენციური მიგრაციის ეფექტებიც, მით უფრო, რომ ისრაელის მოქალაქეების წილი არარეზიდენტების უნაღდო ხარჯებში მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
ამავდროულად, იზრდება ინფლაციური რისკებიც. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კვლავ ძალზე მერყევი რჩება. ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში 9 მარტიდან მსხვილ ქსელებში ბენზინის ფასების ზრდა ფიქსირდება, დაახლოებით 4-6%-ის ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ფასი 30%-ით არის მომატებული, ფასების კორექტირება, შესაძლოა, კვლავ გაგრძელდეს. მხედველობაშია მისაღები აღნიშნულის გავლენა სხვა პროდუქტებზეც, რადგან საწვავის ფასების ზრდა, პირდაპირი ეფექტის გარდა, შუალედური ხარჯების ზრდასაც იწვევს. მომატებულია ტრანსპორტირებისა და დაზღვევის დანახარჯებიც, რაც შემდგომ პროდუქციის ფასებში ითარგმნება. ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ინფლაციაზე მიმდინარე მოვლენების ეფექტი 0.3-დან 1.2 პროცენტული პუნქტის ფარგლებში იქნება, თუ დავუშვებთ, რომ წლის ბოლოს ნავთობის ფასი კონფლიქტამდე არსებულ დონეზე ან, დაახლოებით, 10-15%-ით მეტი იქნება.
გაზრდილი რისკების ფონზე, კვლავ იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები დღეიდან, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება, იზრდება იმის ალბათობაც, რომ სებ-მა წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით, 7.75%-მდე შეამციროს, ნაცვლად აქამდე არსებული 7.5%-ის მოლოდინისა. ამ კუთხით, საყურადღებოა, რომ, ბაზრის მოლოდინებით, 2026 წელს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის შემცირება უკვე საბაზო სცენარს აღარ წარმოადგენს.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007430-macro-update-georgia