ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ სცენარებს აქვეყნებს
საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ სცენარებს აქვეყნებს.
აღნიშნული სცენარების მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას. სცენარების მიმდინარე განახლება, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებთან არსებული გაურკვევლობის ფონზე, ფინანსური ინსტიტუტების მაკროეკონომიკური ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფას ემსახურება.
დოკუმენტში ასახულ სცენარებში, ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები გლობალური სატარიფო პოლიტიკის ხანგრძლივობასთან და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის ნორმალიზების სისწრაფესთან დაკავშირებული დაშვებებია. საბაზო სცენარში, მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორებად მაღალპროდუქტიული სექტორები და საგარეო მოთხოვნა მოიაზრება, ხოლო საშუალოვადიან ზრდას აღნიშნული ფაქტორების ნორმალიზება განსაზღვრავს. ოპტიმისტური სცენარი მიმდინარე წელს დაწესებული ტარიფების, საბაზო სცენართან შედარებით, სწრაფად შერბილებასა და სავაჭრო მიმოქცევასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემცირებას განიხილავს. პესიმისტური სცენარი გლობალური სატარიფო და მიგრაციული პოლიტიკების, საბაზო სცენართან შედარებით, მეტად დამძიმების ფონზე, გლობალური სავაჭრო და ფინანსური პირობების გამკაცრების რისკებზე ამახვილებს ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ მომავალ პერიოდთან დაკავშირებით გაურკვევლობა და რისკები მაღალია.
ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სცენარებში წარმოდგენილ ინფორმაციას. კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს მოსალოდნელი ტენდენციები და ადგილობრივი და გლობალური რისკები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე. დოკუმენტში წარმოდგენილი რისკ-სცენარები არ წარმოადგეს ეროვნული ბანკის პროგნოზს და მათი გამოქვეყნება ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფასს 9 ანგარიშგების გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარმოებას ემსახურება.
ამასთან, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებები იყოს ურთიერთშესადარისი, რასაც წარმოდგენილი სცენარების გამოყენება უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
Lion Finance-ს FTSE 100-ის განახლებულ სიაში მოხვედრით არჩილ გაჩეჩილაძე ყველაზე ახალგაზრდა CEO იქნება
20.02.2026.15:24
ბრიტანული გამოცემა Investor's Chronicle-ის ყურადღების ცენტრში Lion Finance (BGEO) ექცევა, რომელზედაც გამოცემამ ვრცელი სტატია მოამზადა
სტატიის თანახმად, თუ Lion Finance (BGEO)-ის აქციები უახლოეს დღეებში £105-ს მიაღწევს, მარტის რებალანსირებისას მისი FTSE 100-ში დამატება პრაქტიკულად გარანტირებული იქნება.
მაშინაც კი, თუ აქციის ფასი განსხვავებული მიმართულებით შეიცვლება, რაც ბოლო ერთ წელიწადში გაორმაგებისა და სამ წელზე ნაკლებ დროში გაოთხმაგების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა - FTSE 100-ში გადასვლა, როგორც ჩანს, უფრო დროის საკითხია.
აღსანიშნავია, რომ FTSE 100-ის განახლებული სია მარტის დასაწყისში გამოქვეყნდება.
£4.3 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, "საქართველოს ბანკის ჯგუფი" დაახლოებით იმავე ღირებულებისაა, რაც ინდექსის დაახლოებით მე-90 კომპანია - Burberry (BRBY). ირკვევა, რომ უახლოეს პერიოდში Beazley (BEZ) და Schroders (SDR) ინდექსიდან გასვლით ადგილს გაათავისუფლებენ.
„მარტში მოხდება, ივნისში თუ სექტემბერში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს,“ - განუცხადა Investors’ Chronicle-ს Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
Lion Finance Group, რეგიონულ ბაზარზე პოზიციებს მნიშვნელოვნად იმყარებს და საერთაშორისო მასშტაბით უფრო მსხვილ მოთამაშედ ყალიბდება. ჯერ კიდევ 2022 წელს მხოლოდ £500 მილიონს შეადგენდა.
თუ Lion Finance შეუერთდება FTSE 100-ს, მაშინ არჩილ გაჩეჩილაძე FTSE 100-ის ფარგლებში ყველაზე ახალგაზრდა CEO შეიძლება გახდეს.
Investor's Chronicle არჩილ გაჩეჩილაძეზე წერს, რომ ის 17 წლის ასაკში პრესტიჟულ საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, მას აკადემიური კარიერა უნდა გაეგრძელებინა.
თუმცა როდესაც მისმა ორივე მეცნიერმა მშობელმა სამსახური დაკარგა, მან სტაბილურობისთვის ბიზნესის გზა აირჩია. ფინანსების მიმართულებით მუშაობის შემდეგ, მოიპოვა სტიპენდია აშშ-ში - MBA-ის გასავლელად, იმუშავა ბრიტანულ კერძო კომპანიაში და მოკლე ხნით TBC Bank-ში (TBCG), რომელიც Lion Finance-ის ყველაზე ახლო ქართული კონკურენტია, იყო აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
არჩილ გაჩეჩილაძე 2009 წელს შეუერთდა Bank of Georgia-ს, როგორც კორპორაციული ბანკინგის მიმართულების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მოგვიანებით კი სათავეში ჩაუდგა საქართველოს კომუნალური მომსახურებისა და განახლებადი ენერგიის კომპანიებს — მაშინდელი BGEO Group-ის ქოლგის ქვეშ.
2018 წელს BGEO ორად გაიყო. საბანკო ოპერაციას ეწოდა Bank of Georgia, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში დალისტულ საინვესტიციო კომპანიას Georgia Capital (CGEO). რვა წლის შემდეგაც Georgia Capital რჩება Lion Finance-ის უმსხვილეს აქციონერად 16.9%-ით, თუმცა „დემერჯერის“ პირობების მიხედვით, მას დირექტორთა საბჭოში ადგილი არ აქვს და შეთანხმებულია, რომ ხმას ბანკის პოზიციის შესაბამისად მისცემს, რაც რეალურ კონტროლს ფაქტობრივად გამორიცხავს.