ევროობლიგაციების მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, ბოლო 4 წელიწადში - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
ევროობლიგაციების მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი, ევროობლიგაციების ბაზრისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, ბოლო 4 წელიწადში. აღნიშნული განთავსებით მოხდა 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირება, კუპონის საბოლოო განაკვეთი დაფიქსირდა 5,125%-ის ფარგლებში, რაც საკმაოდ წარმატებული გამოშვების ნიშანია, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, გარდა მოზიდული ფინანსური რესურსისა, ახალი ევროობლიგაციის გამოშვება, განსაზღვრავს ქვეყნის რისკის დონეს, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ.
„ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატება დაფიქსირდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელი შემცირებულია 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, რაც ნიშნავს 25 პროცენტზე მეტით შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ, ვნახეთ რეკორდულად მაღალი მოთხოვნა საქართველოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებზე. ჯამში, 2,8 მილიარდ დოლარამდე ოდენობის მოთხოვნა დაფიქსირდა, რაც არის 5,5-ჯერ მეტი ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობასთან მიმართებით. ის, რომ ძალიან მაღალია შეფასება საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და გაზრდილია მოთხოვნა, მიუთითებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური და ფისკალური რეფორმების მიმართ ინტერესსა და ნდობაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, გაგრძელდება მუშაობა, როგორც ევროობლიგაციების ისე, მსოფლიოს სხვა ბაზრებზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ.
„ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ გვექნება ღონისძიებები, მოვიწვევთ საერთაშორისო ინვესტორებს ქართულ ბაზარზე, სადაც ინტერესი ძალიან მზარდია ბოლო თვეების განმავლობაში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში ხაშურისა და გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა - რა განიხილეს
05.03.2026.17:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას, რომელიც ბანკის პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია საქართველოს.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიანი ურთიერთობები.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, აზიის განვითარების ბანკი თანამშრომლობის პირველივე დღიდან, საქართველოსთვის უაღრესად ღირებული პარტნიორია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ასევე სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში. ამჟამად, ბანკის პორტფელი საქართველოში 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
მათ ყურადღება გაამახვილეს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ADB-ის ჩართულობაზე, რაც შუა დერეფნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში საქართველოს შესაძლებლობებისა და პოზიციების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ლაშა ხუციშვილმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ენერგეტიკული უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობის განმტკიცების, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაჩქარებისკენ. საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის როლს კერძო სექტორის მხარდაჭერის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც საქართველოსთვის სუვერენული სესხის გამოყოფა ადგილობრივ ვალუტაში განახორციელა.
თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ბანკი გააგრძელებს აზიასა და ევროპას შორის რეგიონალურ კარიბჭედ საქართველოს წარმოჩენის მისწრაფების მხარდაჭერას. მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ოფისის გაფართოების ფაქტი ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობასა და თანამშრომლობის დიდ მასშტაბზე მეტყველებს.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი, ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი, ბანკის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი კეიჩირო ინუი, უფროსი მრჩეველი ერიკ ალბერსი, კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარი დირექტორი ბერნარდ ვუდსი.