ეროვნულმა ბანკმა აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 266.4 მლნ აშშ დოლარით შეივსო
სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. აპრილში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 266.4 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა აპრილის მდგომარეობით 4.52 მლრდ დოლარს შეადგენს.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
· იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
· მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
· აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 ივნისს გამოაქვეყნებს.
სხვა სიახლეები
28.05.2025.19:00
სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 16%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 7%-ით.
2025 წლის აპრილის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 9 876 131 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 8 496 221 ბარათს შეადგენდა.
საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2025 წლის აპრილის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 5 448 314 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.
Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი მარტის მაჩვენებლებთან მაჩვენებლებთან შედარებით 11%-იან, ხოლო 2024 წლის აპრილთან შედარებით 26%-იან ზრდას აჩვენებს.
აპრილის სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 55%-ს Mastercard-ი ფლობს, 27%-ს VISA, AMEX კი 14%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.
2025 წლის აპრილის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 635 758 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 2%-ია, ხოლო 2024 წლის აპრილთან შედარებით 3%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება AMEX-ს, აპრილში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1 391 423 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 2%-იან ზრდას, ხოლო წლიურ ჭრილში 24%-იანი ზრდაა.