ეროვნული ბანკი სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგად წარმატებით მართავს არსებულ რისკებს - დუგლას ლაქსტონი
"ეროვნული ბანკი რისკებზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკის მიდგომით ხელმძღვანელობს, რის შედეგადაც ფასების სტაბილურობას წარმატებით უზრუნველყოფს. სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგად კი ეფექტურად მართავს არსებულ რისკებს", - განაცხადა მსოფლიოს წამყვანმა ეკონომისტმა და ეროვნული ბანკის საერთაშორისო კონსულტანტმა დუგლას ლაქსტონმა, სებ-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით ,,მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები".
ლაქსტონმა ხაზი გაუსვა, რომ განვითარებადი ქვეყნების ნებისმიერი ცენტრალური ბანკი, რომელსაც დოლარიზაციის ისტორია აქვს, ინფლაციის მართვისას ყურადღებით უნდა იყოს და განსაკუთრებით იფრთხილოს, რომ ინფლაციური მოლოდინები არ გაიზარდოს.
„ქვეყანაში გრძელვადიანად არის შენარჩუნებული მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია და ფასების სტაბილურობა, საქართველო ძალიან მაგარ ფორმაშია", - აღნიშნა დუგლას ლაქსტონმა.
შეგახსენებთ, რომ უკვე ზედიზედ 20 თვეა, საქართველოში მიზნობრივ ინფლაციაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
ეროვნული ბანკის ორგანიზებით ჩატარებული ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის მიზანი, მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს არსებული გამოწვევებისა და სამომავლო დახვეწის შესახებ დისკუსიების ანალიზი იყო. ღონისძიებაში ქართველი და მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები მონაწილეობდნენ.
სხვა სიახლეები
TBC Capital-ი ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს
09.12.2025.17:30
წლიური ინფლაცია ნოემბერში 4.8%-მდე შენელდა, რაც კვლავ პროგნოზებთან თანხვედრაშია, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული.
თიბისი კაპიტალის პუბლიკაციების მკითხველისთვის ცნობილია, რომ ინფლაციური ზეწოლის შემცირებაზე, უკვე რამდენიმე თვეა, მიუთითებს სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია, რომელიც ბოლო ხუთ თვეში საშუალოდ 3.4%-ს შეადგენს.
„ამავეს მიუთითებს ფასების დინამიკის სხვა მაჩვენებლებიც: მაგალითისათვის, მომსახურების ინფლაცია ნოემბერში სამიზნე 3%-იან ნიშნულზე დაბალი იყო. ამდენად, მიმდინარე პროგნოზით, წლიური ინფლაცია დეკემბერში 4.5%-მდე შენელდება, მომდევნო წლის მარტიდან კი 4%-ზე ქვემოთ დაფიქსირდება.
ნოემბერში კიდევ ერთხელ გაიზარდა პურის ფასი, რომელიც ბოლო ცხრა თვეში კუმულატიურად 21.5%-ით არის მომატებული. აღნიშნულს წლიურ ინფლაციაში 0.9 პროცენტული პუნქტის (პპ) წვლილი შეაქვს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მომდევნო წლიდან ინფლაციას გაზრდის იმპორტულ სიგარეტზე აქციზის დაგეგმილი ზრდაც. ადგილობრივმა ინფლაციამ ნოემბერში 6.4% შეადგინა, იმპორტული ინფლაცია კი ბოლო შვიდ თვეში პირველად დადებით ნიშნულზე დაფიქსირდა და 0.8%-ს მიაღწია, საწვავზე ფასების დეფლაციური ეფექტის ამოწურვის პარალელურად. ამასთან, 8.2%-დან 5.8%-მდე შენელდა ინფლაცია შერეულ პროდუქტებზე, თუმცა კლება დიდწილად საბაზო ეფექტით არის განპირობებული“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.