ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია - სებ
სებ-ი ინფლაციური მოლოდინების შესახებ ბიზნესის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ თებერვალში იანვართან შედარებით ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია.
„მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის თებერვლის თვის შედეგები:
ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით მოლოდინები ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური შემცირებულია. ერთი მხრივ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4% 6%-ის ფარგლებში ფიქრობენ, შემცირდა. მეორე მხრივ, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 2%-4%-ის ფარგლებში, ელოდებიან. ასევე, თებერვალში, წინა თვისგან განსხვავებით, გამოჩნდნენ ისეთი რესპონდენტებიც, რომლებიც სამომხმარებლო ფასების შემცირებას -2%-0% ინტერვალსა და 2%-ზე მეტად ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, იანვართან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 0%-2%-ისა და 4%-6%-ის ფარგლებში, ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, თებერვალში იანვართან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 4%-6%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ფარგლებში, 2%-4%-ის მიდამოში ვარაუდობენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20% 30%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ის ფარგლებში ფიქრობენ.
გამოკითხულთა აზრით, თებერვალში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) იანვართან შედარებით მცირედით შემცირებულია“, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში.
სხვა სიახლეები
2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში სრულად არის გათვალისწინებული იმ შენიშვნებისა და წინადადებების უმეტესობა, რომელიც პარლამენტის მხრიდან იქნა გამოთქმული საკომიტეტო მოსმენების დროს - ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე
06.11.2026.16:19
2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში სრულად არის გათვალისწინებული იმ შენიშვნებისა და წინადადებების უმეტესობა, რომელიც პარლამენტის მხრიდან იქნა გამოთქმული საკომიტეტო მოსმენების დროს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
მისი თქმით, დოკუმენტში, მათ შორის, ასახულია პენსიის ზრდა ინდექსაციაზე უფრო მაღალი მოცულობით, ასევე გაზრდილია საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება.
„ჯამში, 2027 წლის ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრები შეცვლილი არ არის, თუმცა ასახულია პარლამენტის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების უმეტესობა, მათ შორის, ასახულია პენსიის ზრდა ინდექსაციაზე უფრო მაღალი მოცულობით. დაახლოებით, იგივე პროცენტული მაჩვენებლით იზრდება 70 წლამდე პირთა პენსია, რაც 70 წელზე ზევით მეტი ასაკის პირთა პენსია. ამავდროულად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიაც და ისევე, როგორც 70 წლამდე პირთა პენსია, ინდექსაციის მიღმა იზრდება. ამ მიმართულებებით, ჯამში, 150 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. გარდა ამისა, გაზრდილია საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება. მნიშვნელოვანი მიმართულება უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების უზრუნველყოფის ნაცვლად კომპენსაციების თანხის გამოყოფას. ამ მიმართულებით, 2026-2027 წლებში, ჯამში, 300 მლნ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი. გარდა ამისა, დამატებითი რესურსები გამოიყო თავდაცვისა და პოლიციის მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი ინიციატივების დაფინანსება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
როგორც მან აღნიშნა ორშაბათს პარლამენტში, ასევე, დარეგისტრირდება 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი.
„ეს არის 2027 წლის ბიუჯეტის, გარკვეულწილად, შემავსებელი დოკუმენტი. ჩვენ წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი, რაც დამატებით შემოსავლებს გვაძლევს. დამატებითი რესურსი გამოყენებულ იქნა ერთი მხრივ, ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად, მეორეს მხრივ, იმ საჭიროების დასაფინანსებლად, რაც წლის განმავლობაში გამოიკვეთა. ამავდროულად, გარკვეული რესურსები გამოიყო იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება დაგეგმილია მომდევნო წელს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.