ეკატერინე გალდავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ გლობალური გადახდების კვირეულში მიიღო მონაწილეო
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ, ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ „გლობალური გადახდების კვირეული 2025“ - ში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაში 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინანსური რეგულატორები და გადახდების სისტემების ექსპერტები. გაიმართა დისკუსია გადახდების სფეროში გლობალურ ტენდენციებსა და მიმდინარე გამოწვევებზე.
კვირეულის ძირითადი განსახილველი თემები იყო ციფრული გადახდების ინოვაციები, საერთაშორისო გადარიცხვების გაუმჯობესება, ტოკენიზაცია, კიბერუსაფრთხოება და მყისიერი გადახდების სისტემების დანერგვა.
ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ვიცე-პრეზიდენტებს და ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს მთავარ მრჩეველს დანიელა რუსოს. მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს მყისიერი გადახდების სისტემების დანერგვის, ინოვაციურ პროდუქტებთან დაკავშირებული რისკების მართვისა და ციფრული ფინანსური სერვისების უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით.
ეკატერინე გალდავას განცხადებით, ელექტრონული გადახდების საკითხი საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულია, შესაბამისად გლობალურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება მნიშნელოვანი საკითხია.
"გლობალურ საგადახდო ფორუმებზე მონაწილეობა საქართველოსთვის არა მხოლოდ პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალება, არამედ მნიშვნელოვან პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაც არის. ელექტრონული გადახდების განვითარება, მათი სანდოობა და მომხმარებელთა დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია და ამ მიმართულებით რეგიონული და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მეტად ღირებულია," - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.
ბრაზილიაში გამართულ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსების, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების პრაქტიკის მენეჯერთან ჰარიშ ნატარაჯანთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილეს საერთაშორისო გადახდების გაუმჯობესებისა და რეგულაციური ინტერპერატაბელურობის მიმართულებით არსებული რეგიონული მიდგომები.
„გლობალური გადახდების კვირეული 2025“ მსოფლიო ბანკის, გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტის (CPMI – BIS) და ბრაზილიის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებული ღონისძიებაა. კვირეული გადახდების სფეროში მნიშვნელოვან გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს დიალოგისთვის, ინოვაციებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე
09.04.2026.19:00
FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.
„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.