ეკატერინე გალდავა კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტს (KFTC) ეწვია. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციისა და კლირინგის ინსტიტუტის პრეზიდენტს იონგ სეოკ პარკს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და მიმოიხილეს არსებული პროექტები. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს საგადახდო სისტემებსა და ცენტრალური ბანკის როლს ინოვაციებსა და ფინანსურ სტაბილურობაში, მდგრად მაკროეკონომიკურ გარემოს და სებ-ის მიერ გატარებულ პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.
KFTC-ში ვიზიტის ფარგებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, გაიმართა სემინარები. ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემებისა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ვარლამ ებანოიძემ და ნატალია ჭყოიძემ საქართველოს ფინტექ სტრატეგიისა და საგადახდო სისტემების თაობაზე პრეზენტაციები წარადგინეს.
თავის მხრივ, სემინარი კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტის წარმომადგენლებმაც გამართეს, რომელიც კორეის საგადახდო სისტემებს, კრედიტ სქორინგს, ფინტექ პოლიტიკასა და ღია ბანკინგის თემებს მოიცავდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
2025 წლის პირველ სამ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პროცენტულად მშპ-თან ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზეა და მშპ-ს 2.1%-ს შეადგენს
30.12.2025.15:08
საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს.
2025 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 338.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა წლიურ ჭრილში 3.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მშპ-ს 3.3 პროცენტს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომსახურების ბალანსმა. კერძოდ, წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი, რომლის ზრდის ტემპმა 88.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა 2.9 პროცენტს უტოლდება. გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც წლიურად 6.6 პროცენტით და მისი მშპ-თან ფარდობა 16.1 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის მშპ-თან ფარდობის გაუმჯობესებაში ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შემოსავლების ანგარიშის გაუმჯობესებაც.
რაც შეეხება 2025 წლის პირველი სამი კვარტლის ჯამურ მაჩვენებლებს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2.1 პროცენტს შეადგენს, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქონლის სავაჭრო ბალანსმა. კერძოდ, საქონლის ექსპორტი წლიურად გაიზარდა 8 პროცენტით, ხოლო იმპორტის ზრდის ტემპმა 6.3 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტის მშპ-თან ფარდობა კი 1.1 პპ-ით გაუმჯობესდა და 18.3% შეადგინა. ამასთანავე, მომსახურებისა და შემოსავლების ფორმირების ანგარიშებიც დადებითად აისახა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე.
მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომლის მოცულობა 2025 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით მშპ-თან 4.7 პროცენტს შეადგენს.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
ცნობისთვის, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშვებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.