CIPS-ში ინტეგრაცია საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს ტრანსსასაზღვრო გადახდების დივერსიფიკაციასა და ჩინეთ-საქართველოს შორის ფინანსური ოპერაციების გამარტივებაში დაეხმარება - ელჩი
ამჟამად, საქართველოს კომერციული ბანკები და CIPS აქტიურად თანამშრომლობენ გადახდის სფეროში, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი. ელჩმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ CIPS-ში ინტეგრაცია დაეხმარება საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს ტრანსსასაზღვრო გადახდის სისტემების დივერსიფიკაციაში.
„2025 წლის დეკემბრის ბოლოს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის (CIPS) პრეზიდენტთან ხუანგ ფუსთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ეს იყო მათ შორის გამართული მეორე შეხვედრა მას შემდეგ, რაც ბატონი ხუანგ ფუ დელეგაციით ეწვია საქართველოს იმავე წლის ივლისში. ორმა მხარემ საკუთარი მოსაზრებები გაცვალა საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების CIPS-ის გლობალურ ქსელზე წვდომის ხელშეწყობის შესახებ. ამჟამად, საქართველოს კომერციული ბანკები და CIPS აქტიურად თანამშრომლობენ გადახდის სფეროში. ჩინეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სწრაფ განვითარებასთან ერთად, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სულ უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ინფრასტრუქტურა, ახალი ენერგიის განვითარება, ტრანსპორტი და ლოგისტიკა და ციფრული ეკონომიკა. CIPS-ში ინტეგრაცია დაეხმარება საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს ტრანსსასაზღვრო გადახდის სისტემების დივერსიფიკაციაში, ორ ქვეყანას შორის გადახდების, გადარიცხვებისა და ტრანზაქციების გამარტივებაში, ჩინეთ-საქართველოს შორის მზარდი სავაჭრო და საინვესტიციო საჭიროებების დაკმაყოფილებაში და ასევე ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაადვილებაში“, - აღნიშნა ელჩმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეკონომიკური კავშირები სპარსეთის ყურის ქვეყნებთანაც მცირეა - Galt & Taggart
10.03.2026.15:18
2026 წლის 28 თებერვლიდან ირანის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე რყევები გაზარდა და დროებითი შეფერხებები გამოიწვია რეგიონულ საჰაერო სივრცესა და საზღვაო ტრანსპორტში. როგორც Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, ირანზე პირდაპირი ეკონომიკური დამოკიდებულება დაბალია. „საქართველოს ირანთან პირდაპირი ეკონომიკური კავშირები მცირეა. 2025 წელს ირანის წილი საქართველოს მთლიან სავალუტო შემოდინებებში (ექსპორტი, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები) მხოლოდ 0.9% იყო. გარდა ამისა, 2025 წელს ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიან კონფლიქტსაც საქართველოზე თვალსაჩინო მაკროეკონომიკური გავლენა არ მოუხდენია. ეს აჩვენებს, რომ მოკლე დროით მიმდინარე და გეოგრაფიულად შეზღუდული ესკალაციები, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკაზე უმნიშვნელო გავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება კვლავ ცვალებადია, ეკონომიკური გავლენა ძირითადად დამოკიდებული იქნება არა თავად პირველად ესკალაციაზე, არამედ იმაზე თუ რამდენ ხანს გასტანს ეს დაძაბულობა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
Galt & Taggart-ის ცნობით, თუ დაძაბულობა განიმუხტება და შეფერხებების გავლენა შეზღუდული დარჩება - როგორც ამ ეტაპზე ველით - საქართველოს ეკონომიკაზე ეკონომიკური გავლენა იქნება მცირე და დროებითი.
„სცენარში, როდესაც კონფლიქტი დაახლოებით ერთ თვეს გასტანს, 2026 წლის მშპ-ის ზრდა ჩვენი 6.0%-იანი საბაზისო პროგნოზიდან მხოლოდ 0.2 პროცენტული პუნქტით შენელდება. ინფლაციური ეფექტები დარჩება ზომიერი და უმეტესად გარდამავალი“, - აცხადებენ თუ დაძაბულობა განიმუხტება და შეფერხებების გავლენა შეზღუდული დარჩება - როგორც ამ ეტაპზე ველით - საქართველოს ეკონომიკაზე ეკონომიკური გავლენა იქნება მცირე და დროებითი. სცენარში, როდესაც კონფლიქტი დაახლოებით ერთ თვეს გასტანს, 2026 წლის მშპ-ის ზრდა ჩვენი 6.0%-იანი საბაზისო პროგნოზიდან მხოლოდ 0.2 პროცენტული პუნქტით შენელდება. ინფლაციური ეფექტები დარჩება ზომიერი და უმეტესად გარდამავალი“, - Galt & Taggart-ში.
საქართველოს ეკონომიკური კავშირები ირანთან, ისრაელთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ზომიერია და ძირითადად რამდენიმე არხშია კონცენტრირებული, განსაკუთრებით ტურიზმში. „ირანთან პირდაპირი ეკონომიკური კავშირები საკმაოდ მცირეა. 2025 წელს ირანის წილი საქართველოს მთლიან სავალუტო შემოდინებებში მხოლოდ 0.9% იყო. ირანიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები მთლიანი ტურისტული შემოსავლების 2.6%-ს შეადგენდა, ხოლო საქონლის ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 0.5% იყო. ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ ირანიდან შემოდინებები პრაქტიკულად არ ფიქსირდება. ეს მიუთითებს, რომ მხოლოდ ირანთან დაკავშირებული მოკლევადიან შეფერხებებს ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვნი გავლენა ჰქონდეს საქართველოს ეკონომიკაზე.
ისრაელი საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით. 2025 წელს ისრაელიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები მთლიანი ტურისტული შემოსავლების 12.5% იყო, ხოლო ფულადი გზავნილების წილი 7.6%. ამასთან, საქონლის ექსპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირეა და თითოეული დაახლოებით მშპ-ის 0.1%-ს შეადგენს. მთლიანობაში, 2025 წელს ისრაელის წილი საქართველოს სავალუტო შემოდინებებში მშპის დაახლოებით 2.5% იყო, რაც ზომიერ დამოკიდებულებას მიუთითებს. საქართველოს ეკონომიკური კავშირები სპარსეთის ყურის ქვეყნებთანაც მცირეა, თუმცა დივერსიფიცირებულია ტურიზმსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. 2025 წელს ყურის ქვეყნებიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები მთლიანი ტურისტული შემოსავლების 4.5% იყო, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი 4.2%. მიუხედავად ამისა, ეს ნაკადები მთლიან ეკონომიკასთან შედარებით მცირეა და მშპ-ის დაახლოებით 1.1%-ს შეადგენს. მოკლევადიან პერიოდში ყველაზე მგრძნობიარე არხად კვლავ ტურიზმი რჩება“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის პუბლიკაციაში.