ჩვენი შეფასებით, მარტი-ნოემბრის პერიოდში სებ-მა ჯამურად $2 მილიარდი შეიძინა - TBC Capital
თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წელს ლარის მხარდამჭერ ძირითად ფაქტორებს შორისაა სავალუტო კონვერტაციები, წმინდა სავალუტო შემოდინებები და აშშ დოლარის გლობალური სისუსტე. მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში აშშ დოლარის პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე მეტნაკლებად უცვლელია, პირველი ორი ფაქტორი კვლავ ლარის სასარგებლოდ მოქმედებს.
„სახელდობრ, დეპოზიტების ლარიზაცია (არარეზიდენტების გამორიცხვით), უახლესი მონაცემებით, ნოემბრის ბოლოს, სავარაუდოდ, 2024 წლის აპრილის პიკურ მაჩვენებელს გადააჭარბებს. შესაბამისად, დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები, რაც წლის დასაწყისიდან გამოიკვეთა და ოქტომბრის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით აჩქარდა, უკვე დასკვნით ფაზაში გადის, თუმცა ჯერ დასრულებული არაა.
დეპოზიტების ლარიზაციის დინამიკა მჭიდრო კავშირშია სებ-ის სავალუტო ინტერვენციებთან. კერძოდ, ლარიზაციის ბოლოდროინდელი გააქტიურება ოქტომბერსა და ნოემბერში ინტერვენციების კვლავ აჩქარებაშიც აისახა. ჩვენი შეფასებით, მარტი-ნოემბრის პერიოდში სებ-მა ჯამურად 2 მილიარდი აშშ დოლარი შეიძინა.
ამასთან, ოქტომბერში გაიზარდა წმინდა სავალუტო შემოდინებები, რაც უცხოური ვალუტის მიწოდების ზრდის კუთხით ასევე ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. წმინდა სავალუტო შემოდინებების მატებას, ერთი მხრივ, ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და, შედარებით მოკრძალებულად, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა განაპირობებს, ხოლო, მეორე მხრივ, იმპორტის შენელება. ამ კუთხით, გამოვყოფთ ავტომობილებით ვაჭრობის დინამიკას: ბოლო ორ თვეში, იმპორტის მკვეთრი კლების ფონზე, მანქანების წმინდა ექსპორტი დადებით ნიშნულზე დაფიქსირდა, პირველად 2013 წლის შემდეგ. ეს ქვეყანაში ავტომობილების არსებული მარაგების ზრდაზე მიუთითებს.
მთლიანობაში, მართალია, ბოლო ორ თვეში წმინდა სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესება, ავტომობილებით ვაჭრობის დინამიკის გამო, დროებითია, თუმცა ამავდროულად, წლის დასაწყისიდან, პირიქით, ავტომობილების რე-ექსპორტის გარეშე, უფრო მეტად არის გაზრდილი“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია
სხვა სიახლეები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
13.03.2026.14:48
ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში: უახლესი მონაცემები საქართველოს ეკონომიკაზე
ახლო აღმოსავლეთში მორიგი ესკალაციის დაწყებიდან თითქმის ორი კვირა გავიდა. კონფლიქტის პირველ დღეებში თიბისი კაპიტალმა საქართველოს ეკონომიკაზე პოტენციური ზეგავლენის ძირითადი არხების შესახებ მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც გარკვეული მონაცემები უკვე ხელმისაწვდომია, შეგვიძლია აღნიშნული ცვლადების დინამიკას რეალურ დროში დავაკვირდეთ.
პირველ რიგში, ალბათ, ყველაზე აქტუალური საკითხი - ლარის გაცვლითი კურსი. გასული ორი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ, დაახლოებით, 2.5%-ით გაუფასურდა (ევროს მიმართ - 0.5%-ით), თუმცა 6 მარტის შემდგომ დასტაბილურდა და თითქმის უცვლელად ნარჩუნდება.
რამ განაპირობა ლარის გაუფასურება? ჩვენი შეფასება, რომ ამის მიზეზი კონვერტაციები იყო, დასტურდება. დეპოზიტების კონვერტაციების ყოველდღიურ შეფასებაზე დაყრდნობით, 28 თებერვლიდან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი უცხოური ვალუტის დეპოზიტები, ლარის დეპოზიტები კი შემცირებულია. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ ეს ფაქტორი, ლარის გაცვლითი კურსის კუთხით, სავალუტო შემოდინებებზე არანაკლები და ხშირად უფრო მეტი მნიშვნელობისაც კია.
ამავდროულად, წინასწარი მონაცემებით, დასტურდება მორიგი დაშვებაც კონვერტაციებით გამოწვეული ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში სებ-ის ინტერვენციების შესახებ. თუმცა, ჩვენი შეფასებით, სებ-მა გასულ დღეებში, 12 მარტის მდგომარეობით, მხოლოდ მცირე მოცულობის, დაახლოებით, 25-30 მილიონ აშშ დოლარამდე გაყიდა. რატომ არ გახდა საჭირო უფრო ძლიერი ჩარევა?
პირველი, როგორც იკვეთება, 6 მარტის შემდგომ დეპოზიტების ლარიზაცია თითქმის უცვლელია, რაც მიუთითებს, რომ დამატებით კონვერტაციები, ამ ეტაპისთვის მაინც, არ ფიქსირდება, ანუ სენტიმენტები უფრო დასტაბილურდა.
მეორე, იანვარ-თებერვალში ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებისა და, მიმდინარე დინამიკისაგან განსხვავებით, დეპოზიტების ლარიზაციის ზრდის ფონზე, სავალუტო ბაზარზე სიჭარბე ვლინდებოდა, რამაც კონვერტაციების შედეგად უცხოურ ვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნა დიდწილად დააკომპენსირა. ამდენად, ინტერვენციებით დამატებით მოზრდილი მოცულობის მიწოდება ბაზრისთვის საჭირო არ გამხდარა. მთლიანობაში, ლარის კურსის კუთხით ჩვენი შეფასება ნეიტრალური რჩება, იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები დღეიდან, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება.
წინასწარი შეფასებით, თებერვალი სებ-ის მიერ ვალუტის შესყიდვის მიმართულებით ერთ-ერთ რეკორდული თვე იყო, დაახლოებით 420 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. არსებული მონაცემებით, თებერვალში წმინდა სავალუტო რეზერვები (სსფ-ის სპეციალური ნასესხობის უფლების გარეშე), წინა თვესთან შედარებით, 371 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
უახლესი ინდიკატორების მხრივ, ჯამური უნაღდო ხარჯები მარტის პირველ კვირაში, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია. მართალია, ზრდა დიდწილად ადგილობრივი ბარათების დანახარჯებით არის განპირობებული, თუმცა საერთო ჯამში, ჯერჯერობით, კლება არც უცხოური ბარათების კუთხით შეინიშნება, რაც ტურიზმიდან შემოსავლების წინასწარი შეფასებისთვის ერთ-ერთი სანდო მაჩვენებელია. ამასთან, 27 თებერვლის შემდეგ სასტუმროებისა და ავიახაზების კატეგორიებში უცხოური ბარათებით ხარჯებში შენელება იკვეთება, თუმცა, საპირისპიროდ, გაზრდილია სხვა კატეგორიებში დანახარჯები. მოცემულ კონტექსტში, გასათვალისწინებელია პოტენციური მიგრაციის ეფექტებიც, მით უფრო, რომ ისრაელის მოქალაქეების წილი არარეზიდენტების უნაღდო ხარჯებში მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
ამავდროულად, იზრდება ინფლაციური რისკებიც. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კვლავ ძალზე მერყევი რჩება. ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში 9 მარტიდან მსხვილ ქსელებში ბენზინის ფასების ზრდა ფიქსირდება, დაახლოებით 4-6%-ის ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ფასი 30%-ით არის მომატებული, ფასების კორექტირება, შესაძლოა, კვლავ გაგრძელდეს. მხედველობაშია მისაღები აღნიშნულის გავლენა სხვა პროდუქტებზეც, რადგან საწვავის ფასების ზრდა, პირდაპირი ეფექტის გარდა, შუალედური ხარჯების ზრდასაც იწვევს. მომატებულია ტრანსპორტირებისა და დაზღვევის დანახარჯებიც, რაც შემდგომ პროდუქციის ფასებში ითარგმნება. ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ინფლაციაზე მიმდინარე მოვლენების ეფექტი 0.3-დან 1.2 პროცენტული პუნქტის ფარგლებში იქნება, თუ დავუშვებთ, რომ წლის ბოლოს ნავთობის ფასი კონფლიქტამდე არსებულ დონეზე ან, დაახლოებით, 10-15%-ით მეტი იქნება.
გაზრდილი რისკების ფონზე, კვლავ იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები დღეიდან, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება, იზრდება იმის ალბათობაც, რომ სებ-მა წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით, 7.75%-მდე შეამციროს, ნაცვლად აქამდე არსებული 7.5%-ის მოლოდინისა. ამ კუთხით, საყურადღებოა, რომ, ბაზრის მოლოდინებით, 2026 წელს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის შემცირება უკვე საბაზო სცენარს აღარ წარმოადგენს.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007430-macro-update-georgia