ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა შუა დერეფანში, ვინც ფინანსური ტექნოლოგიები და ახალი გადახდის სისტემები ფაქტობრივად დააწყვილა რეალური ეკონომიკის მიმდინარე პოზიტიურ ტრენდთან - ვარლამ ებანოიძე
„ჩვენ ვართ, შეიძლება ითქვას, პირველი ქვეყანა შუა დერეფანში ვინც ფინანსური ტექნოლოგიები, ახალი გადახდის სისტემები ფაქტობრივად დააწყვილა რეალური ეკონომიკის მიმდინარე პოზიტიურ ტრენდთან. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ - რეგიონში - ძირითად მხარეებს, ეგრეთ წოდებულ სტეიკჰოლდერებს, დავარწმუნებთ ამ კონცეფციის სიცოცხლისუნარიანობასა და მის პერსპექტივებში" - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ, სებ-ის მიერ ორგანიზებულ ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
ებანოიძის შეფასებით შუა დერეფანში მიმდინარე პოზიტიური ტენდენცია ვაჭრობაში კიდევ უფრო მეტად შეიძლება დაჩქარდეს. „შუა დერეფანის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება, თუ ჩვენ ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებს - პირდაპირ გადახდის მექანიზმებსა და ღია ბანკინგის დაკავშირებადობას სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან გავზრდით"- განაცხადა მან.
ვარლამ ებანოიძემ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკი ფინანსურ ტექნოლოგიებში საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ახორციელებს, ფინტექის განვითარების სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობა კი მისი შეფასებით დრომ მოიტანა.
„ჩვენ მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც ძალიან მარტივად, ორი სიტყვით შეგვიძლია არტიკულაცია გავუკეთოთ ჩვენს ხედვას ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით ქვეყანაში. ქვეყნის შიგნით ეს ნიშნავს ახალი მოთამაშეებისთვის შემოსვლის ბარიერების შემსუბუქებას; ქვეყნის გარეთ კი ნიშნავს ისეთი ფინტექზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხიდების გაბმას რეგიონში, რაც აქსელერაციას მისცემს რეალურ ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ ტრენდს," - აღნიშნა ვარლამ ებანოიეძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგია გავა ეროვნული ბანკის ფარგლებს მიღმა და რეალურად იქცევა ქვეყნის ეროვნულ ფინტექ სტრატეგიად.
ეროვნული ბანკის მიერ გამართული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ფინტექის განვითარების სტრატეგიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მიეძღვნა, მიზნად ისახავდა კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც სტრატეგიის შემუშავების, ისე მისი პრაქტიკული იმპლემენტაციის პროცესში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი რობერტ ბრეგი. ასევე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.06.2025.11:00
Mastercard, ფინანსური ტექნოლოგიების მსოფლიო ლიდერი, საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად შექმნილ ინიციატივას აძლიერებს და Rezto-სთან, ქართულ ციფრული სარესტორნო პლატფორმასთან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში შემოსული უცხოელი ტურისტები, რომლებიც Mastercard-ის ბარათებით გადაიხდიან, Rezto-ს პარტნიორ რესტორნებში ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ.
ახალი ინიციატივა Mastercard-ის ტურისტული ინდუსტრიის მხარდაჭერის სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ისახავს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის უნიკალური, ტექნოლოგიურად მოწინავე სერვისების შეთავაზებას.
„Mastercard-სთვის ტურიზმის სექტორი ყოველთვის იყო მთავარი პრიორიტეტი და ეს ინიციატივა წარმოადგენს ჩვენი გლობალური ტურისტული პროგრამების ლოგიკურ გაგრძელებას", - აცხადებს დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში. "სწორედ საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი სარესტორნო ინდუსტრიის სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, Mastercard-მა გადაწყვიტა Rezto-სთან პარტნიორობა, რათა ჩვენი რეგიონის 500 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა საქართველოში უნიკალური გამოცდილება მიიღოს”.
Mastercard-ის საერთაშორისო ბარათის მფლობელი ტურისტები Rezto-ს პლატფორმის მეშვეობით:
„ეს პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში მიიღონ ევროპული სტანდარტის ციფრული სერვისი ლოკალური გემოს გამოცდილებასთან ერთად. პროგრამა ითვალისწინებს როგორც მაღალი კლასის სასტუმროების რესტორნებს, ისე ლოკალურ ობიექტებს, რომლებიც ტურისტებს ქართული გასტრონომიული ტრადიციების ავთენტურ გამოცდილებას სთავაზობენ“. - დავით წიკლაური, Rezto-ს დამფუძნებელი.
Mastercard-ის მონაცემებით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში როგორც საბარათე, ასევე, ციფრული გადახდების მაჩვენებლები მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ეს მიუთითებს როგორც ტურიზმის, ასევე ბარათების გამოყენების კულტურის განვითარებაზე.
„საქართველო ტურისტული მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია ჩვენს რეგიონში და ამიტომ გადავწყვიტეთ სპეციალური ინიციატივის დანერგვა, რომელიც ადგილობრივ სპეციფიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე არის აგებული. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები და მომხმარებლებზე დაკვირვება ადასტურებს, რომ ტურისტები უფრო მეტად არიან ორიენტირებულები ციფრული სერვისების გამოყენებასა და გამარტივებული საგადახდო ფორმებით სარგებლობაზე", - განმარტავს დავით ზღუდაძე.
Mastercard-ის და Rezto-ს პარტნიორობის პირველი ეტაპი მოიცავს თბილისის ცენტრალურ რაიონებში მდებარე 50-მდე რესტორნის ჩართვას. www.rezto.ge, რომელიც სულ რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მალევე მოიპოვა ცნობადობა, გაფართოებას საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ცენტრებში, მათ შორის ბათუმში, მცხეთაში, გუდაურსა და ბაკურიანში გეგმავს. შესაბამისად გაფართოვდება Mastercard-ის და Rezto-ს პარტნიორობის არეალიც და სულ მალე, მთელს საქართველოს დაფარავს.