ჩემი აზრით სებ-ის გადაწყვეტილება სწორია - ნიკოლოზ ყაველაშვილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებაზე
ჩემი აზრით სებ-ის გადაწყვეტილება სწორია, აცხადებს Business Insider Georgia-თან ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი, ნიკოლოზ ყაველაშვილი. მისი განმარტებით, სებ-ი სიფრთხილეს იჩენს, რადგანაც ამჯერად განაკვეთი მხოლოდ 0,25%-ით დაწია.
„ასეთი დაკლებული ინფლაციის ფონზე საპროცენტო განაკვეთიც უნდა დაწეულიყო. თუმცა გადაწყვეტილება საკმაოდ ფრთხილია. წინათ იყო ნახევარი ბიჯით, ახლა არის 0.25%-ით. ეს ჩემი აზრით ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მაინც ფრთხილობს და არ ჩქარობს, რომ მკვეთრად დაწიოს საპროცენტო განაკვეთი. თუმცა აღნიშნავს ტენდენციას, რომ საპროცენტო განაკვეთი დაიწევს“, - ამბობს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი.
ნიკოლოზ ყაველაშვილის აზრით, სხვა თანაბარ პირობები მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ეკონომიკა 6%-ით, ან უფრო მეტადაც გაიზარდოს.
„თუ ის ტემპი გაგრძელდა როგორიც არის ახლა და არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდა შესაძლოა 6%-ზე მაღალიც კი იყოს. ძალიან რთულია პროგნოზების გაკეთება. ის პირობები და ის მდგომარეობა თუ შენარჩუნდება რაც დღესაა შესაძლოა ზრდა 6%-ი, ან მეტიც იყოს“, - აცხადებს ყაველაშვილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 პროცენტს შეადგენს.
„ივნისში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა. ამას საგარეო ფაქტორებმაც შეუწყო ხელი. კერძოდ, წინა წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეულისა და ნავთობის ფასებს კლებადი ტენდენცია აქვს. საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც თითქმის პანდემიამდელ დონემდე შემცირდა. ეს კი, ლარის გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, საქართველოში იმპორტული საქონლის ფასებს ამცირებს. ინფლაციის კლებას, ასევე, ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინები. შედეგად, ადგილობრივი ინფლაციაც, შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც იკლებს და ივნისში ის 8.5 პროცენტს გაუტოლდა. წლის განმავლობაში, მისი კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის შემდგომ თვეებში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა.
პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის. საგარეო რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ჯერ კიდევ საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია და ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდა, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის გამო, შედარებით მაღალი იქნება, ინფლაციაზე დამატებითი წნეხი წარმოიქმნება. გარდა ამისა, შრომის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები კვლავ გასათვალისწინებელია. ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას მნიშვნელოვნად აჭარბებს. ამ ტენდენციის ხანგრძლივად შენარჩუნება წარმოების ხარჯებს გააძვირებს და საბოლოოდ ფასებზეც აისახება.
ამ რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს და, წინა სხდომაზე უცვლელად დატოვების შემდეგ, მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.25 პროცენტული პუნქტით ამცირებს. ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 13 სექტემბერს ჩატარდება“,- აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
სხვა სიახლეები
03.10.2025.17:29
სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 12,8%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 1,2%-ით.
2025 წლის აგვისტოს ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 10 346 892 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 9 176 105 ბარათს შეადგენდა.
საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2025 წლის აგვისტოს ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 5 640 930 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.
Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი ივლისის მაჩვენებლებთან შედარებით 0,9%-იან, ხოლო 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 17,9%-იან ზრდას აჩვენებს.
აგვისტოს სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 54,5%-ს Mastercard-ი ფლობს, 27,9%-ს VISA, AMEX კი 14,3%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.
2025 წლის აგვისტოს ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 888 980 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 1,8%-ია, ხოლო 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 7,9%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება AMEX-ს, აგვისტოში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1 483 489 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 1,4%-იანი, ხოლო წლიურ ჭრილში 21,3%-იანი ზრდაა.