ბოლო ორ თვეში ბენზინსა და დიზელზე ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.5 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა - TBC Capital
თიბისი კაპიტალმა მორიგი მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტი მოკლევადიან პერიოდში რისკების ზრდის მიმართ მოწყვლადი, უპირველეს ყოვლისა, ტურიზმია. პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო ორ თვეში ბენზინსა და დიზელზე ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.5 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტი, სამწუხაროდ, კვლავ გამწვავდა. რეგიონში ესკალაციის საქართველოს ეკონომიკაზე პოტენციური გავლენის შესახებ ჩვენს პუბლიკაციებში ადრეც მრავალჯერ გვისაუბრია. რასაკვირველია, მოვლენათა შესაძლო განვითარების სხვადასხვა სცენარში სხვადასხვა ეფექტია მოსალოდნელი, თუმცა გამოვყოფთ გადაცემის ძირითად არხებს. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ეს არგუმენტები სიახლეს არ წარმოადგენს, გარდა ერთი გამონაკლისისა: აშშ დოლარის უსაფრთხო ვალუტის სტატუსის დასუსტება.
დავიწყოთ პირდაპირი გავლენის შეფასებით. მოკლევადიან პერიოდში რისკების ზრდის მიმართ მოწყვლადი, უპირველეს ყოვლისა, ტურიზმია. 2024 წელს ისრაელზე საქართველოს ეკონომიკაში უცხოური ვალუტის ჯამური შემოდინების 5%, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლების 10% მოდიოდა. დღეის მდგომარეობით, ისრაელის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის დახურული რჩება. ამავდროულად, მიუხედავად ოფიციალური შეზღუდვების არარსებობისა, კონფლიქტურ არეალთან სიახლოვის გამო მოსალოდნელია ფრენების შემცირება რეგიონის სხვა ქვეყნებიდანაც, მაგალითად საუდის არაბეთიდან, რომელიც ბოლო პერიოდში ტურიზმიდან შემოსავლებში მზარდი წილით ხასიათდება. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია მიგრაციის ეფექტიც. მაგალითად, 2023 წლის ოქტომბერში განვითარებული მოვლენების ფონზე ისრაელიდან ტურისტული ხარჯების კლებას თან ახლდა ისრაელიდან არარეზიდენტების სამომხმარებლო ხარჯების ზრდა, რაც მიგრაციის გარკვეულ პოზიტიურ ეფექტთან იყო დაკავშირებული.
ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია და, შესაბამისად, ნავთობის ფასის ბოლოდროინდელი ზრდა - 7.5% ბოლო ხუთ დღეში - გამოწვევას წარმოადგენს, ასეთ დროს ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ფაქტორები ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს. თუმცა, გამოვყოფთ, რომ ბოლო ორ თვეში ბენზინსა და დიზელზე ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.5 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა, რაც ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასების კვლავ ზრდის შემთხვევაში მოცემულ დეზინფლაციურ ზეწოლას შეასუსტებს. ასევე, საყურადღებოა ტვირთების ტრანსპორტირებისა და დაზღვევის შესაძლო გაძვირებაც.
თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ზემოაღნიშნული არგუმენტები კარგად ნაცნობია, თუმცა არის მნიშვნელოვანი სიახლეც: როგორც წესი, მომატებული რისკის პერიოდებში, აშშ დოლარი მყარდება, რადგან ინვესტორები აქტივების უსაფრთხო ვალუტაში გადატანას არჩევენ. თუმცა, ამჯერად აშშ დოლარი მხოლოდ კონფლიქტის გამწვავების პირველ საათებში გამყარდა მცირედით, შემდგომ კი კვლავ გაუფასურდა. წინა პუბლიკაციაში ფართოდ ვისაუბრეთ აშშ დოლარის უჩვეულო, განვითარებადი ეკონომიკების ვალუტებისთვის დამახასიათებელ ქცევაზე. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? შესაბამისად, თუკი ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში დოლარის გაუფასურება ადრინდელთან შედარებით დოლარში უფრო ნაკლები სესხის აღებას ნიშნავს, უსაფრთხო აქტივის სტატუსის დასუსტება საპირისპირო არგუმენტია. ამის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესებისთვის, რადგან, თუ უსაფრთხო სტატუსი „ცუდ დროს“ უფრო ძლიერ ვალუტას მოიაზრებს, გაყიდვებისა და მომგებიანობის ვარდნის პარალელურად ვალის ზრდა მოვლენათა სწორედ კიდევ უფრო არასასურველ განვითარებას წარმოადგენს.
უფრო კონკრეტულად, ჩვენი შეფასებით, ევრო/დოლარის წყვილის გრძელვადიანი წონასწორული ნიშნული 1.29-ზე რჩება, საქართველოსთვის შედარებითი რისკიანობის გათვალისწინებით კი უფრო დაბალი, 1.18-ია. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ, რადგან საქართველოსთვის ევრო დოლართან შედარებით ნაკლებად რისკიანია, სესხის აღებისას ევროს უფრო მაღალი წილია ოპტიმალური, ვიდრე ეს თანაბარი რისკის შემთხვევაში იქნებოდა. ამასთან, მხედველობაშია მისაღები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების სცენარიც, როდესაც ევროს გამყარებას, შესაძლოა, ლარის გამყარება არ მოჰყვეს, რაც, ამ კონკრეტულ სცენარში, სესხებში უკვე ნაკლები ევროს არგუმენტია, ისევე როგორც აშშ დოლარის უსაფრთხო აქტივის სტატუსის დასუსტება.
მთლიანობაში, რა არის ჩვენი განახლებული რეკომენდაცია? ერთი მხრივ, მიუხედავად უსაფრთხო აქტივის სტატუსის გარკვეული ცვლილებისა, ევროს ბოლოდროინდელი გამყარება კვლავ ევროში უფრო ნაკლებად, მაგრამ შედარებით ევროში უფრო მეტი სესხების არგუმენტია. მეორე მხრივ, სავალუტო რისკის აღებისას ვალის სტრუქტურაში, ევროსთან შედარებით, აშშ დოლარის წილი კვლავ მეტი უნდა იყოს. შესაძლოა, ეს ყოველივე, ერთი შეხედვით, რთულად ჟღერს, თუმცა აშკარაა, რომ ამ სტრატეგიის გამოყენება ძალზე დიდი ფინანსური სარგებლის მომტანია“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
17.06.2025.11:00
ხვალ, 18 ივნისს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. როგორც ცნობილია, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.
სხდომის ჩატარების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, კომიტეტის გადაწყვეტილება პრესრელიზის სახით გამოქვეყნდება, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და აღწერილია ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 7 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.
„ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება. აპრილის მდგომარეობით წლიურმა ინფლაციამ 3.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.3 პროცენტი იყო. მიმდინარე წელს ინფლაციის დინამიკას, ერთი მხრივ, საერთაშორისო სურსათის ფასების მზარდი ტენდენცია განაპირობებს, რასაც, მიმდინარე ეტაპზე, გლობალურად დოლარის შესუსტების შედეგად, ლარის გაცვლითი კურსის შედარებით მყარი პოზიცია ამსუბუქებს. მეორე მხრივ, საერთაშორისოსთან ერთად სურსათის ინფლაციის ზრდა, 2025 წლის მარტიდან, ადგილობრივ ბაზარზე პურის ფასის ერთჯერადმა გაძვირებამ გამოიწვია. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ფასების სტაბილურობის ხელშემწყობია. კერძოდ, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის ფასებზე გავლენას წარმოების პოტენციალის გაუმჯობესება გარკვეულწილად ანეიტრალებს. ამის პარალელურად, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია, რაზეც ადგილობრივი (პურის ფასის ეფექტის გამორიცხვით) და მომსახურების ინფლაციების ინდიკატორების მიზნობრივ, 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნება მიუთითებს.
გლობალურად არსებული ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე, ინფლაციაზე როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით მოქმედი რისკები გამოიკვეთა. ერთი მხრივ, ბოლო პერიოდში მიმდინარე გლობალური მოვლენები ეკონომიკური ფრაგმენტაციის ნიშნებს გამოკვეთს, რაც სტაგფლაციურ რისკებს აძლიერებს და საქართველოში იმპორტირებული ინფლაციის ზრდის რისკებს წარმოშობს. მეორე მხრივ, როგორც უკვე აღინიშნა, დოლარის გლობალური ინდექსის (DXY) შესუსტებას ლარის დოლართან მიმართებით პოზიციების გაუმჯობესება მოჰყვა. ეს კი დოლარში დენომინირებული სესხების მომსახურების ტვირთს ამცირებს და, შესაბამისად, ამ არხით ინფლაციურ წნეხს ამსუბუქებს. პარალელურად, გლობალური მოთხოვნის შემცირებისა და ნავთობის მიწოდების ზრდის მოლოდინების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები კლებულობს. აღნიშნულს, ლარის დოლართან მყარი პოზიციის შენარჩუნებასთან ერთად, დისინფლაციური ეფექტი აქვს.
საქართველოში, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდამ, საშუალოდ 9.3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულს დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობებს, რაც მშპ-ის ზრდაში პროდუქტიული სექტორების კვლავ მაღალი წვლილით დასტურდება. თუმცა ამასთან, ძლიერი შიდა მოთხოვნაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია. ეს კი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას საყურადღებო ფაქტორად ტოვებს.
გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის, ადგილობრივი ტენდენციებისა და ფინანსურ ბაზარზე არსებული მოლოდინების გათვალისწინებით შემუშავებული სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2025 წელს ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება. ეკონომიკაში ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და მიმდინარე ძლიერი ეკონომიკური ზრდის საფუძველზე, ცენტრალურ სცენარში, წინა სცენართან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს 5-დან 6.7 პროცენტამდე გადაიხედა. გრძელვადიან პერიოდში კი, მოსალოდნელია მისი პოტენციური დონის, 5 პროცენტის, ფარგლებში დასტაბილურება.
მზარდი გაურკვევლობის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ერთი მხრივ, იმსჯელა მაღალინფლაციური რისკების სცენარზეც, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. მაღალინფლაციური სცენარი ძირითადად ითვალისწინებს საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო დროს მომატებულ გაურკვევლობას, რომელიც სატარიფო პოლიტიკისა და ეკონომიკური ფრაგმენტაციის დაჩქარებას უკავშირდება. აღნიშნული რისკების რეალიზაცია, თავის მხრივ, მიწოდების ჯაჭვებს შეაფერხებს და გლობალურად მაღალინფლაციურ გარემოს ჩამოაყალიბებს, რაც საქართველოზეც შესაბამისად აისახება.
მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი,რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. გლობალურად გაზრდილმა გაურკვევლობამ და სატარიფო პოლიტიკამ, შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით ვაჭრობის დივერსიფიკაციის პროცესი დააჩქაროს, რის შედეგადაც მოსალოდნელია მიწოდების ჯაჭვების გადაწყობა და რეგიონალიზაცია. ამ პროცესში კი საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ ქვეყნის, როლი დამატებით გაძლიერდება. ამასთან, აღნიშნული სცენარით აშშ დოლარი კვლავ გლობალურად შესუსტებული დარჩება და ამ ტენდენციების ფონზე გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი, იმპორტული ინფლაციის არხით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე მსჯელობის შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება რისკების ანალიზსა და მასზე დაფუძნებით განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებზე.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება“, - აღნიშნული იყო მაშინ კომიტეტის გადაწყვეტილებაში.