2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 5.4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა
2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 224.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, ხოლო აგვისტოში 199.6 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-აგვისტოში წმინდა შესყიდვებმა 1,5 მლრდ შეადგინა. წმინდა შესყიდვების სექტემბრის სტატისტიკა კი 27 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - სექტემბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.
2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.2%-ს (877.8 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 377.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
2025 წლის პირველ სამ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პროცენტულად მშპ-თან ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზეა და მშპ-ს 2.1%-ს შეადგენს
30.12.2025.15:08
საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს.
2025 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 338.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა წლიურ ჭრილში 3.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მშპ-ს 3.3 პროცენტს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომსახურების ბალანსმა. კერძოდ, წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი, რომლის ზრდის ტემპმა 88.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა 2.9 პროცენტს უტოლდება. გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც წლიურად 6.6 პროცენტით და მისი მშპ-თან ფარდობა 16.1 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის მშპ-თან ფარდობის გაუმჯობესებაში ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შემოსავლების ანგარიშის გაუმჯობესებაც.
რაც შეეხება 2025 წლის პირველი სამი კვარტლის ჯამურ მაჩვენებლებს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2.1 პროცენტს შეადგენს, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქონლის სავაჭრო ბალანსმა. კერძოდ, საქონლის ექსპორტი წლიურად გაიზარდა 8 პროცენტით, ხოლო იმპორტის ზრდის ტემპმა 6.3 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტის მშპ-თან ფარდობა კი 1.1 პპ-ით გაუმჯობესდა და 18.3% შეადგინა. ამასთანავე, მომსახურებისა და შემოსავლების ფორმირების ანგარიშებიც დადებითად აისახა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე.
მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომლის მოცულობა 2025 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით მშპ-თან 4.7 პროცენტს შეადგენს.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
ცნობისთვის, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშვებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.