2025 წლის პირველ სამ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პროცენტულად მშპ-თან ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზეა და მშპ-ს 2.1%-ს შეადგენს
საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს.
2025 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 338.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა წლიურ ჭრილში 3.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მშპ-ს 3.3 პროცენტს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომსახურების ბალანსმა. კერძოდ, წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი, რომლის ზრდის ტემპმა 88.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა 2.9 პროცენტს უტოლდება. გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც წლიურად 6.6 პროცენტით და მისი მშპ-თან ფარდობა 16.1 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის მშპ-თან ფარდობის გაუმჯობესებაში ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შემოსავლების ანგარიშის გაუმჯობესებაც.
რაც შეეხება 2025 წლის პირველი სამი კვარტლის ჯამურ მაჩვენებლებს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2.1 პროცენტს შეადგენს, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქონლის სავაჭრო ბალანსმა. კერძოდ, საქონლის ექსპორტი წლიურად გაიზარდა 8 პროცენტით, ხოლო იმპორტის ზრდის ტემპმა 6.3 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტის მშპ-თან ფარდობა კი 1.1 პპ-ით გაუმჯობესდა და 18.3% შეადგინა. ამასთანავე, მომსახურებისა და შემოსავლების ფორმირების ანგარიშებიც დადებითად აისახა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე.
მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომლის მოცულობა 2025 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით მშპ-თან 4.7 პროცენტს შეადგენს.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
ცნობისთვის, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშვებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.
სხვა სიახლეები
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი
16.01.2026.15:00
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 291 928 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 25 042 675 ათასი ლარია. აღნმიშნულის შესახებ მაჩვენებლები ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 8,1%-ითაა გაზრდილი.
წინა თვესთან, ანუ 2025 წლის ნოემბრის მონაცემებთან კი 1.9%-ით არის გაზრდილი.
სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 589 061 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 107 775 ათას ლარს შეადგენდა.
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 990 866 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 231 282 ათასი ლარს უტოლდება.
დეკემბრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 904 104 ათასი დოლარია, ანუ 18 607 251 ათასი ლარი.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
