2023 წელს ინფლაცია დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მიზნობრივ 3%-იან ნიშნულზე დასტაბილურდება - ნათია თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს, რაც გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
„დაბალი ინფლაცია მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე შემცირებული ინფლაციური მოლოდინებისა და ადგილობრივი ინფლაციის კლების შედეგია. ასევე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ლარის კურსის გამყარებამ, საგარეო შოკების ეფექტების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმპორტული ინფლაციის კლებას და მთლიანი ინფლაციის შემცირება განაპირობა. უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის შემცირების პროცესში დადებითი წვლილი შეიტანა მთავრობის ფისკალური კონსოლიდაციისკენ მიმართულმა პოლიტიკამ და ცალკეულ სასაქონლო ბაზრებზე კონკურენციის გაძლიერებისკენ მიმართულმა ღონისძიებებმა“, -აღნიშნა ნათია თურნავამ.
2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანი ინფლაცია 0.1 პროცენტს, ხოლო საბაზო ინფლაცია, 1.8 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2023 წლის ბოლომდე ინფლაცია სამიზნე, 3%-იანი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება. საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკრედიტო აქტივობის მშპ-თან ფარდობა ტრენდზე დაბალია.
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, 2018 წლიდან მოყოლებული ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია, რაც ჩვენთვის გრძელვადიან სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს. ინფლაციის მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებელი საშუალოვადიანი ინდიკატორია. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია მიზნობრივი დონისგან უმეტესწილად განსხვავებული იქნება, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის ამ მაჩვენებლისკენ იმოძრავებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე დღეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა. პროექტში მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და რისკები.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
Lion Finance-ს FTSE 100-ის განახლებულ სიაში მოხვედრით არჩილ გაჩეჩილაძე ყველაზე ახალგაზრდა CEO იქნება
20.02.2026.15:24
ბრიტანული გამოცემა Investor's Chronicle-ის ყურადღების ცენტრში Lion Finance (BGEO) ექცევა, რომელზედაც გამოცემამ ვრცელი სტატია მოამზადა
სტატიის თანახმად, თუ Lion Finance (BGEO)-ის აქციები უახლოეს დღეებში £105-ს მიაღწევს, მარტის რებალანსირებისას მისი FTSE 100-ში დამატება პრაქტიკულად გარანტირებული იქნება.
მაშინაც კი, თუ აქციის ფასი განსხვავებული მიმართულებით შეიცვლება, რაც ბოლო ერთ წელიწადში გაორმაგებისა და სამ წელზე ნაკლებ დროში გაოთხმაგების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა - FTSE 100-ში გადასვლა, როგორც ჩანს, უფრო დროის საკითხია.
აღსანიშნავია, რომ FTSE 100-ის განახლებული სია მარტის დასაწყისში გამოქვეყნდება.
£4.3 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, "საქართველოს ბანკის ჯგუფი" დაახლოებით იმავე ღირებულებისაა, რაც ინდექსის დაახლოებით მე-90 კომპანია - Burberry (BRBY). ირკვევა, რომ უახლოეს პერიოდში Beazley (BEZ) და Schroders (SDR) ინდექსიდან გასვლით ადგილს გაათავისუფლებენ.
„მარტში მოხდება, ივნისში თუ სექტემბერში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს,“ - განუცხადა Investors’ Chronicle-ს Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
Lion Finance Group, რეგიონულ ბაზარზე პოზიციებს მნიშვნელოვნად იმყარებს და საერთაშორისო მასშტაბით უფრო მსხვილ მოთამაშედ ყალიბდება. ჯერ კიდევ 2022 წელს მხოლოდ £500 მილიონს შეადგენდა.
თუ Lion Finance შეუერთდება FTSE 100-ს, მაშინ არჩილ გაჩეჩილაძე FTSE 100-ის ფარგლებში ყველაზე ახალგაზრდა CEO შეიძლება გახდეს.
Investor's Chronicle არჩილ გაჩეჩილაძეზე წერს, რომ ის 17 წლის ასაკში პრესტიჟულ საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, მას აკადემიური კარიერა უნდა გაეგრძელებინა.
თუმცა როდესაც მისმა ორივე მეცნიერმა მშობელმა სამსახური დაკარგა, მან სტაბილურობისთვის ბიზნესის გზა აირჩია. ფინანსების მიმართულებით მუშაობის შემდეგ, მოიპოვა სტიპენდია აშშ-ში - MBA-ის გასავლელად, იმუშავა ბრიტანულ კერძო კომპანიაში და მოკლე ხნით TBC Bank-ში (TBCG), რომელიც Lion Finance-ის ყველაზე ახლო ქართული კონკურენტია, იყო აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
არჩილ გაჩეჩილაძე 2009 წელს შეუერთდა Bank of Georgia-ს, როგორც კორპორაციული ბანკინგის მიმართულების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მოგვიანებით კი სათავეში ჩაუდგა საქართველოს კომუნალური მომსახურებისა და განახლებადი ენერგიის კომპანიებს — მაშინდელი BGEO Group-ის ქოლგის ქვეშ.
2018 წელს BGEO ორად გაიყო. საბანკო ოპერაციას ეწოდა Bank of Georgia, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში დალისტულ საინვესტიციო კომპანიას Georgia Capital (CGEO). რვა წლის შემდეგაც Georgia Capital რჩება Lion Finance-ის უმსხვილეს აქციონერად 16.9%-ით, თუმცა „დემერჯერის“ პირობების მიხედვით, მას დირექტორთა საბჭოში ადგილი არ აქვს და შეთანხმებულია, რომ ხმას ბანკის პოზიციის შესაბამისად მისცემს, რაც რეალურ კონტროლს ფაქტობრივად გამორიცხავს.