2 მიკრობანკის [კრისტალი, ემბისი] ლიცენზიის გაცემას პოზიტიურად ვაფასებთ - Fitch Ratings
საქართველოში 2024 წლის დეკემბრის შემდეგ, ორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ — მათ შორის „კრისტალმა“ (B/სტაბილური) — მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Fitch Ratings-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
Fitch Ratings-ის შეფასებით, ცვლილება პოზიტიურია.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ლიცენზია სესხებისა და დეპოზიტების მოცულობისა და ტიპის მხრივ გარკვეულ შეზღუდვებს შეიცავს სრულფასოვან საბანკო ლიცენზიასთან შედარებით, ჩვენ ამ ცვლილებას კრედიტისთვის პოზიტიურად ვაფასებთ.
ეს ცვლილება ხელს უწყობს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციასა და სახსრების მოზიდვის ხარჯების შემცირებას. ასევე, უზრუნველყოფს გაფართოების შესაძლებლობას გადახდებისა და ციფრული ფინანსური სერვისების მიმართულებით. რეგულატორული ზედამხედველობის გამკაცრება ასევე პოზიტიურად აისახება ორგანიზაციების საკრედიტო პროფილზე“, - აღნიშნულია Fitch Ratings-ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მიკრობანკის ლიცენზიის მფლობელები გახდნენ სს მიკრობანკი "კრისტალი" და სს მიკრობანკი "ემბისი"
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მრავალფეროვან, თანამედროვე, ინოვაციურ, მწვანე ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს და მათ ყველა საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფს.
„კრისტალი“ წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების პლატფორმას, რომელიც ინდივიდუალური სერვისებითა და საჭირო გამოცდილების გაზიარებით, ფერმერების, მიკრო და მცირე მეწარმეების საქმიანობების ზრდას უწყობს ხელს, ეხმარება მათ ბიზნესპოტენციალის გაცნობიერებაში, ფინანსური სტაბილურობის მიღწევასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში.
„კრისტალი“ ისწრაფვის საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და გარემოს დაცვისკენ, რაც ინტეგრირებულია მის კორპორაციულ სტრატეგიასა და სამ ძირითად მიმართულებაში: ხალხი, პლანეტა და მოგება.
რაც შეეხება „ემბისის“, მისი მისიაა შექმნას მცირე მეწარმეების და ფერმერების განვითარების შესაძლებლობა. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების გზით ხელი შეუწყოს მიკრო ბიზნესის ფინანსურ სტაბილურობას.
„ჩვენი მიზანია მცირე მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების და პროდუქტების შეთავაზება, მომხმარებლებთან გრძელვადიანი და გამჭვირვალე ურთიერთობის ჩამოყალიბება.
ღირებულებები: გამჭვირვალობა; პასუხისმგებლობა; პარტნიორობა; ეთიკური კორპორაციული მართვა; ინოვაცია“, - აღნიშნულია „ემბისის“ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
15.07.2025.17:28
2025 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 315.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.2%-ით (34.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
6 თვეში გადმორიცხულია 1,715.1 მლნ აშშ დოლარი. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.4%-ს შეადგენს, შესაბამისი 140.2 მლნ აშშ დოლარით.
წლიური ზრდის ტემპი კი 17.3%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში. ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება.
კერძოდ, ივნისში, აშშ-დან 23.0%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 58.7 მლნ აშშ დოლარი შეადგენა. კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან.
კერძოდ, ივნისში წლიურად 15.9%-ით შემცირდა და 41.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, 2025 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.3 მლნ აშშ დოლარი (93.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ივნისის (28.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.8% მეტია.