მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

Walnuts.ge ფართოვდება - კომპანია სექტემბერში ახალ საწარმოს გახსნის, რომელიც ევროკავშირისა და ამიერკავკასიის სივრცეში კაკლის ყველაზე დიდი გადამამუშავებელი ქარხანა იქნება

news image

2025 წელი Walnuts.ge-სთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი მაჩვენებლებით. კომპანიის კაკლის ბაღები თანდათანობით აღწევს სრულ მსხმოიარობას, ხოლო 2026 წელს გეგმავენ გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ეფექტურობის გაზრდას.

კომპანიის მარკეტინგისა და ხარისხის მენეჯერი გიო ქადარია/Gio Kadaria განმარტავს, რომ შემოდგომაზე კომპანია ახალ საწარმოს გახსნის, რომელიც ევროკავშირისა და ამიერკავკასიის სივრცეში ყველაზე დიდი კაკლის გადამამუშავებელი ქარხანა იქნება.
უფრო მეტს Walnuts.ge-ს საქმიანობასა და გეგმებზე გიო ქადარია Business Insider Georgia-სთან საუბრობს.

- Walnuts.ge-მ კაკლის ბაღების გაშენება 2017 წლიდან დაიწყო. დღეისათვის ბაღები თუ არის შესული სრულ მსხმოიარობაში და ზოგადად, როგორ შეაფასებდით 2025 წლის მოსავალს რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით?

- ჩვენი კაკლის ბაღები მართლაც 2017 წლიდან, თუმცა თანდათანობით გაშენდა. შესაბამისად, ხეების გარკვეული ნაწილი სრულ მსხმოიარობაში 2026 წელს შევა, ხოლო დანარჩენები 2028 წლიდან.
2025 წლის სრულმა მოსავალმა უოლნათს.ჯი (Walnuts.ge) ხეების ორივე ასაკობრივ ჯგუფზე ჯამში 430 ტონა კაკალი შეადგინა. აქედან წილობრივად 40 ტ ჰოვარდის, ხოლო 290 ტონა ჩენდლერის ჯიშის კაკალზე მოვიდა.

- გეგმავთ თუ არა 2026 წელს ბაღების ფართობის გაზრდას, თუ აქცენტი მხოლოდ არსებული ბაღების მოსავლიანობის პიკში აყვანა იქნება? ზრდის შემთხვევაში, კვლავ კახეთის რეგიონს განიხილავთ?

- 2026 წლისათვის ნარგავების გაზრდა არ იგეგმება, თუმცა ყურადღება ტექნოლოგიების, კაკლის გადამამუშავებელი საწარმოს მასშტაბებისა და მომსახურების წარმადობის გაზრდას დაეთმობა. მომავალში, თუკი კომპანია ბაღების გაშენებას კვლავაც გადაწყვეტს, აუცილებლად კახეთის მიწების ერთგული დარჩება.

- დაიტვირთა თუ არა თქვენი საწარმოო ხაზი (გაშრობა/ტეხვა/დახარისხება) სრულად 2025 წელს?

- ჩვენი გადამამუშავებელი ქარხანა 2025 წელს მხოლოდ 30%-ით დაიტვირთა. ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი - ბაღები არ არის სრულ მოსავლიანობაში შესული, და მეორე - საწარმო მაღალ დღიურ 100 ტონა (მშრალი წონა) წარმადობაზეა გათვლილი, ხოლო ჩვენი კაკლის ბაღების სრულმა მოსავალმა წელს მხოლოდ 430 ტონა შეადგინა.
ბუნებრივია, მაღალი ტექნოლოგიების დანერგვამ ძლიერი გავლენა მოახდინა გადამუშავების ხარისხსა და ხარჯების კონტროლის მხრივ. ერთი მხრივ, შემცირდა ბაღების მოვლის, მოსავლის აღებისა და მისი გადამუშავების დრო; მეორეს მხრივ, გაიზარდა ზედამხედველობის, ხარისხის დაცვისა და მართვის დონე.

- 2025 წლის ჭრილში, რა გავლენა მოახდინა ბიოდინამიკურმა მეურნეობამ და საკუთარი სასუქის (Ecocompost) გამოყენებამ ნაწარმის თვითღირებულებასა და ნიადაგის მდგრადობაზე?

- მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია მეოთხე წელია უნაშთო წარმოების წრედის შეკვრითაა დაკავებული, რაც ჟანგბადივით საჭიროა და მნიშვნელოვანი სასარგებლო დანამატია, როგორც ნარჩენების შემცირება გადამუშავების პროცესში, ისე ნიადაგის, მცენარისა და ნაყოფის გაჯანსაღებაში. კომპოსტის წარმოებამ და ბაღში შეტანამ (გნებავთ, ეკო-ბიო კომპოსტი უწოდეთ) უპირველეს ყოვლისა გაანებივრა მცენარე, რადგან მის ფესვებში შეიქმნა მუდმივად ხელმისაწვდომი საჭირო საკვები მინერალების ბადე, ნიადაგისთვის გაიზარდა ნეშომპალა-ჰუმუსის ფენა, მართვაში კი შემცირდა ტენის აოთქლების პროცენტი, რაც კახეთის გვალვურ თვეებში მნიშვნელოვნად ამცირებს რწყვის რაოდენობას და ქმნის დამატებით ეკონომიას. ამასთან ერთად, შექმნა მთავარი ღირებულება - 80%-ით შეამცირა სინთეტიკური სასუქების გამოყენება, რაც უოლნათს.ჯი-ს კაკალს ყველაზე სუფთა და ჯანსაღ ნაწარმად აქცევს ქართულ ბაზარზე

- ის ფაქტი, რომ კომპანიას გააჩნია საკუთარი გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა, როგორ აისახება პროდუქტის საბოლოო ღირებულებაზე და რამდენად შემცირდა დანაკარგები ტექნოლოგიური ციკლის ოპტიმიზაციით?

- უნდა ვაღიაროთ, რომ 2024-25 წლებში ჩვენ მიერ დაფასოებულმა, სერთიფიცირებულმა, კოხტად შეფუთულმა და მიწოდებულმა კაკალმა მოლოდინს გადააჭარბა, და არა მხოლოდ საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ბაზარზე გამოჩენისთანავე მოაწყდა მოთხოვნათა ტალღა, რომელიც ჩვენც სიხარულით დავაკმაყოფილეთ. გვახარებს ის ფაქტი, რომ ქართველი შემსყიდველი, საბითუმო თუ საცალო მომხმარებელი უკვე ითხოვს ხარისხს და მასზე გარანტიებს, რაც შეფუთვაში მიწოდებული კაკლის გაყიდვების ტემპით დასტურდება, რასაც ამყარებს განმეორებითად -  პირველი შესყიდვის შემდეგ ისევ ხელმეორედ და მრავალჯერად შესყიდული ნედლეული.
სწორედ ამან გაზარდა სანდოობაც, რადგან ყიდვიდან ყიდვამდე არაერთხელ გადამოწმდა ჩვენი კომპანიის მხრიდან კეთილსინდისიერი მიდგომა, ხარისხისადმი ერთგულება. ამას ეხმარება ისიც, რომ მომხმარებლებს სოციალური ქსელების მეშვეობით შეუძლიათ თვალი ადევნონ კაკლის ბაღების მოვლასა და გადამუშავებას მთელი წლის მანძილზე. რადგან ეს ორივე ციკლი ერთ კომპანიას ეკუთვნის და ყველაფერს გამჭვირვალედ ხედავს დაინტერესებული პირი, ნდობა კიდევ უფრო მყარდება.

- 2025 წელს რომელ საერთაშორისო ბაზრებზე მოახდინეთ აქცენტი? არის თუ არა ევროკავშირის ქვეყნები ან სპარსეთის ყურის რეგიონი თქვენი ძირითადი სამიზნე 2026 წლისთვის?

- გასულ წელს ძირითადად ქართული ბაზრის დაკმაყოფილებაზე იყო აქცენტი, რადგან ჩვენი კომპანიის პირველადი ამოცანაა შექმნას „ხარისხიანი და ქართული - ქართველებისთვის“, ხოლო ექსპორტი სხვა ქვეყნებში ჩვენი ნაწარმით შესვლა უფრო ქართული კაკლის პოპულარიზაციისა და სამომავლო გეგმებისთვის მოიაზრება. 2025 წელი ამ მხრივ ევროკავშირის ორ ქვეყანასთან თანამშრომლობით შემოიფარგლა - იტალია და გერმანია. აქედან, იტალიაში ყველაზე მსხვილ კომპანიასთანაც ვითანამშრომლეთ, და მათგან მოთხოვნა არ შეწყვეტილა; პირიქით, ძალიან დიდი დაინტერესებაა ხანგრძლივი და მაღალ რაოდენობებზე თანამშრომლობის ჭრილში.
სპარსეთის ყურეში ჯერჯერობით არ შევსულვართ, თუმცა „აწარმოე საქართველო“ და „TRADE WITH GEORGIA“-ს დახმარებითა და მათი დიდი ძალისხმევით მეწარმეებსა თუ ფერმერებს ეძლევათ საშუალება უსასყიდლოდ ან დიდი ფინანსური შეღავათით მოვხვდეთ მსოფლიოს უმსხვილეს საექსპორტო გამოფენებზე. სწორედ ასეთია 2026 წლის იანვრის ბოლოს დუბაიში გასამართი GULFOOD DUBAI გამოფენა, სადაც მსურველებს 26 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ WALNUTS.GE / უოლნათს.ჯი - ის დახლს (South Hall 4 - Dubai Exhibition Centre at Expo City), სადაც დიდი სიხარულით ვუამბობთ ჩვენი ნაწარმისა და საქართველოს შესახებ.

- თქვენ აქტიურად მუშაობთ პირდაპირ გაყიდვებზე (Walnuts.ge). როგორია მოთხოვნა ბრენდირებულ, დაფასოებულ პროდუქციაზე და რომელ ქალაქებში გიფიქსირდებათ ყველაზე მაღალი გაყიდვები?

- გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს მასშტაბით, რა თქმა უნდა, თბილისია - 65-75%. დანარჩენი რეგიონებსა და ქალაქებში თითქმის თანაბრად ნაწილდება დარჩენილი 25-35%, საიდანაც იმერეთი ყველაზე მეტს მოიხმარს.

- ხომ არ გეგმავთ 2026 წელს კაკლისგან მიღებული სხვა პროდუქტების წარმოებას?

- დიახ, 2026 წელს დიდი გეგმები გვაქვს. უპირველესყოვლისა, დიდ საიდუმლოს წინასწარ გაგანდობთ: 15 სექტემბერს გვექნება ახალი საწარმოს გრანდიოზული გახსნა. ეს იქნება ევროკავშირისა და ამიერკავკასიის სივრცეში ყველაზე დიდი კაკლის გადამამუშავებელი ქარხანა, რომლის საერთო ფართობი 30 000 კვადრატული მეტრია. აქედან 10 000 კვადრატული მეტრი მთლიანად დაეთმობა კაკლის რეცხვა, შრობა, კალიბრაციასა და შეფუთვას.

ამისათვის შევიძინეთ ევროპაში წარმოებული საუკეთესო მანქანა-დანადგარები, რომელსაც კომპანია OBREO INGENIERIA დაამზადებს და თავად დაამონტაჟებს ჩვენს ქარხანაში. ასევე წელს ჩამოვიტანთ მსოფლიოში არსებული კაკლის ტეხვა-გარჩევის საუკეთესო დანადგარებს, რომელსაც ამერიკული მწარმოებელი JESEE EQUIPMENT MANUFACTURING დაამზადებს და დაამონტაჟებს.

ეს ყოველივე კი უოლნათს.ჯი-ს მშრალი ხილის ინდუსტრიის მწარმოებელ-გადამამუშავებელთა ჭრილში მსოფლიო ყურადღების ქვეშ აქცევს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარზე 2026 წლის ბოლოდან შევძლებთ გატეხილი-გარჩეული კაკლის მიწოდებას. მომხმარებლებს შევთავაზებთ სხვადასხვა წონის შეფუთვებს და ქართული სუპერმარკეტების ქსელში მათი შეძენის შესაძლებლობას. ამ პროცესში გამოიყენება საუკეთესო იტალიური დანადგარები VAI PACKAGING, რომლებიც უახლოეს მომავალში ჩამოვა და წარმოებაში ჩაეშვება.

რაღა თქმა უნდა, ყველაფერი განხორციელდება ეკოლოგიური მიდგომით და ქარხანა მთლიანად მზის პანელებისგან  გამომუშავებული ელექტროენერგიით იქნება უზრუნველყოფილი.

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ იქმნება საერთო სარგებელი.   2026 წლის ბოლოდან ჩვენი კომპანია მზად იქნება სხვადასხვა ფერმერებსაც მოემსახუროს და მათ მიერ მოყვანილი კაკლის გადამუშავებაში დაეხმაროს. მოგეხსენებათ, არასაკმარისი გადამამუშავებლების გამო, კაკლის მწარმოებლებს ბევრი სირთულის გავლა უწევთ, და ხშირად, დაგვიანებული პროცესების გამო ჯერ ხარისხი უფუჭდებათ, შემდეგ კი გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი მცირდება.

ჩვენგან ხელშეწყობის ჭრილში კაკლის მეწარმეებს ვთავაზობთ გადამუშავებული კაკლის დასაწყობებისა და მათ შორის შესყიდვის ან გაყიდვების დაორგანიზებაში დახმარებას. იმედი გვაქვს, რომ ღვთის ნებით, საქართველოსა და მსოფლიოში მშვიდობა იქნება და ქართველ მეწარმეთა განვითარება და ეკონომიკური წინსვლა უწყვეტად გაგრძელდება, რაც კვლავ ჩვენი თანამემამულეების სარგებელი იქნება.

- თუ არის დათვლილი, დღეისათვის რა მოცულობის ინვესტიცია გაქვთ ჩადებული პროექტის წარმატებაში და როგორია გეგმები ამ მიმართულებით?

- 2017 წლიდან 2026 წლის ბოლომდე განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებში ჯამურად 50 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.

- როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, როგორ შეიცვალა თქვენი პოზიციონირება ადგილობრივ ბაზარზე გასულ წელს და რამდენად გაიზარდა ნდობა ქართული კაკლის მიმართ?

- საქართველოში და მის ბაზრებზე კომპანია WALNUTS.GE დღეისათვის უკომპრომისო ლიდერია ხარისხისა და მიწოდების მექანიზმების მიხედვით და 2026 წლის 15 სექტემბერს ქარხნის ოფიციალური და გრანდიოზული გახსნის შემდეგ ეს პოზიცია კიდევ უფრო გამყარდება მას შემდეგ რაც წარმოების რაოდენობა, ნაწარმისა და მომსახურების მრავალფეროვნება გაიზრდება.

აქვე დავძენ, რომ დაინტერესებულმა პირებმა, სუპერმარკეტების ქსელებმა, ფერმერება, კერძო ბრენდებმა, შესყიდვების ხელმძღვანელმა და ექსპორტიორ-დისტრიბუტორებმა და სხვა უკვე უნდა მოგვმართონ, რომ დროულად ჩაინიშნოს მათთვის სასურველი შესყიდვების, მომსახურებებისა თუ სხვა ტიპის თანამშრომლობის დროულად დასაგეგმად.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2025 წლის IV კვარტალში 8 336 მართვის მოწმობა გაიცა

18.02.2026.11:00

2025 წელს შესაბამისი უწყების მიერ 29 684 ერთეული მართვის მოწმობა გაიცა, რომლის 28%-იც გასული წლის მეოთხე კვარტალზე მოდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით ირკვევა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალში 8 336 ერთეული მართვის მოწმობა გაიცა, მესამე კვარტალში 7 939 ერთეული მართვის მოწმობა, მეორე კვარტალში - 7 261 ერთეული მართვის მოწმობა, ხოლო პირველ კვარტალში 6 148 ერთეული.

მეოთხეზე კვარტალში გაცემული მართვის მოწმობების მფლობელთა ასაკი 16 წლიდან იწყება და 68 წელს აღწევს. უფრო კონკრეტულად იმ პირთა შორის, ვინც მეოთხე კვარტალში მართვის მოწმობები მიიღო 3 პირი 68 წლისაა.

კატეგორია "AM"
მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი;
მოპედი: ორ-ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ორთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძრავის ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ3 -ს; სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე უნდა აღემატებოდეს 1 კვტ-ს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს.
მსუბუქი კვადროციკლი: ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ3 -ს; ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტს; ოთხთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ამ პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი მასა (ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აკუმულატორის მასის ჩაუთვლელად) არ უნდა აღემატებოდეს 350 კგ-ს.
 "AM" კატეგორიის მიღების წესი
კატეგორია  "A"
 
მოტოციკლი;
 "A" კატეგორიის მიღების წესი
კატეგორია  "B"
ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1” ქვეკატეგორიას ან „A” კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, არ აღემატება 8-ს. აგრეთვე „B” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს;

  "B" კატეგორიის მიღების წესი

 კატეგორია  "C"

ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1” ან „D” კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე „C” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

 "C" კატეგორიის მიღების წესი

 კატეგორია  "D"

ავტომობილი, რომელიც მგზავრთა გადასაყვანადაა განკუთვნილი და რომლის დასასხდომი ადგილები, მძღოლის ადგილის გარდა 8-ს აღემატება, აგრეთვე „D” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს არ აღემატება;
 "D" კატეგორიის მიღების წესი

კატეგორია  "BE"

"B" კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, აგრეთვე „B” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს;

"BE" კატეგორიის მიღების წესი

კატეგორია  "CE"

"C"კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
 
"CE" კატეგორიის მიღების წესი

კატეგორია  "DE"

"D" კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
"DE" კატეგორიის მიღების წესი
კატეგორია  "T"
სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
"T" კაზეგორიის მიღების წესი
კატეგორია "S"
საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, აგრეთვე „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
"S" კატეგორიის მიღების წესი

 "A,B,C,CE,D,DE"- კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:
ქვეკატეგორია  "A1"
მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი);

ქვეკატეგორია "A2"

მოტოციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი 0,2 კვტ/კგ-ს;

 "A2" ქვეკატეგორიის მიღების წესი

 ქვეკატეგორია  "B1"

 
მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი;

ქვეკატეგორია  "C1"

ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
"C1" ქვეკატეგორიის მიღების წესი

ქვეკატეგორია  "D1"

მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
 
"D1" ქვეკატეგორიის მიღების წესი

ქვეკატეგორია  "C1E"

„C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს;
"C1E" ქვეკატეგორიის მიღების წესი

ქვეკატეგორია  "D1E"

„D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა