ვისურვებდი, რომ გვქონდეს ენერგიის დამგროვებლები, ე.წ. “სთორიჯები“ - მაია მელიქიძე
ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი სტრატეგიის მიხედვით, საქართველო განახლებადი ენერგიის გენერაციის მნიშვნელოვანი ზრდას გეგმავს. აღნიშნულ საკითხზე ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ ისაუბრა. მისი თქმით, სტრატეგიის პირველი ფაზა დაახლოებით 4 000 მეგავატის ახალი დადგმული სიმძლავრის დამატებას ითვალისწინებს, ხოლო მეორე ეტაპის დასრულებისას, 2036 წლისთვის, ქვეყნის საერთო დადგმულმა სიმძლავრემ 11 500 მეგავატს უნდა მიაღწიოს.
აღნიშნულ თემებზე საუბარი რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროსა და სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზეც შედგა.
„რამოდენიმე მიმართულებით ვისაუბრეთ. პირველი იყო თავად სტრატეგიის წარმოდგენა, რომელსაც სექტორი ითხოვდა, და ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იგი ორ ფაზად დაიყოფა. პირველი ფაზა ითვალისწინებს დაახლოებით 4 000 მეგავატის დამატებას ჩვენს უკვე არსებული 4 600 მეგავატის სიმძლავრეზე. საბოლოო ჯამში, მეორე ფაზის დასრულების შემდეგ, 2036 წლისთვის, ჩვენ უნდა გვქონდეს 11 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე, რათა ორი მნიშვნელოვანი პროექტით ვისარგებლოთ და ექსპორტიორ ქვეყანად ჩამოვყალიბდეთ. ერთი ეს გახლავთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, მეორე - მწვანე ენერგიის დერეფანი. ეს ორი გადამწყვეტი და კრიტიკული პროცესია.
ორი საკითხი მინდა გავამახვილო: ექსპორტი და ენერგიის ბალანსი. ჩვენი საექსპორტო ბაზარი ყოველთვის იყო თურქეთი და მიმზიდველი, რადგან ფასები, პანდემიის პერიოდში, 22 დოლარ-ცენტამდე იყო, შემდეგ 6, 8 დოლარ-ცენტამდე, ხოლო დღეს - 4 დოლარ-ცენტამდე შემცირდა. მიზეზი მარტივია: თურქეთმა ააშენა ატომური ელექტროსადგური და უზარმაზარი ჰიდროელექტროენერგიის გენერაციის ობიექტი. ჩვენც ვგეგმავთ პროექტებს ხუდონზე. თუმცა ფაქტია, თურქეთი ნელ-ნელა ხდება თვითკმარი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის იქნება პერიოდი, როდესაც ელექტროენერგიას ექსპორტზე გავიტანთ, მაგრამ აუცილებელია ჩვენი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია.
ამასთანავე, პრიორიტეტი ენიჭება ჰიდროენერგეტიკას, რაც სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. შემდეგი პრიორიტეტები უნდა იყოს ქარი და მზე, რომლებიც თანაბარწონად უნდა განთავსდეს, რადგან ქარს თავისი დატვირთვა აქვს ზამთარში, ხოლო მზეს - ზაფხულში. როგორც სექტორის წარმომადგენელი, მინდა მოვითხოვო, რომ გვქონდეს სთორიჯები, ანუ დამაგროვებლები, როგორც ჰესებისთვის, ასევე მზის ელექტროსადგურებისთვის. ეს აუცილებელია, რადგან ბირჟის გახსნის შემდეგ დაგეგმილია დღე-ღამის და დღის შიგნით ტარიფების დანერგვა. სისტემა ჯერ კიდევ შესამუშავებელია, თუმცა გვაქვს გამოცდილება, რომელიც შეგვიძლია გადავიტანოთ და მოვარგოთ ჩვენს რეალობას.
ამიტომ ვთვლი, რომ ქარისა და მზის სიმძლავრეები თანაბარწონად უნდა განაწილდეს, პარიტეტი უნდა განსაზღვრული იყოს და სტრატეგია სწორად ჩამოყალიბდეს“, - აცხადებს მაია მელიქიძე.
სხვა სიახლეები
გვესმის, რომ ჰიდროენერგეტიკა უნდა განვითარდეს, რათა გავხდეთ თვითკმარი ქვეყანა და უარი ვთქვათ იმპორტზე, თუმცა აუცილებელია მოხმარების გაზრდაც - Photomate Caucasus-ის რეგიონული დირექტორი
12.03.2026.22:20
Photomate Caucasus-ის რეგიონული დირექტორის, დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროენერგეტიკის განვითარება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, პარალელურად საჭიროა ქარისა და მზის ენერგიის პროექტების დაბალანსებული განვითარებაც, რათა ინვესტორებისთვის გრძელვადიანი პროგნოზირებადი გარემო შეიქმნას.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, დავით ტყეშელაშვილმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, რაც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებასა და ენერგოსისტემის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც სახელმწიფო მოდიოდა ბიზნესთან სალაპარაკოდ, ძალიან მისასალმებელია, რომ ისინი იყვნენ ღია და გულწრფელები. ქალბატონმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა და ყველას მოუწოდა, პირდაპირი სათქმელი ეთქვათ ბიზნესთან - ეს იქნება ჰიდრო, ქარი თუ მზე - რათა დაენახათ, რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე შეიძლება დადგნენ 10-წლიან გრძელვადიან პერიოდში. ისინი აპრიორიტეტებენ ჰიდროს, რაც, რა თქმა უნდა, სწორია ჰიდრო უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი და ნამდვილად უნდა განვავითაროთ ის, რაც ყველაზე მეტად შეგვიძლია. თუმცა ჩვენს ქვეყანაში არის შესაძლებლობა, რომ ასევე განვითარდეს ქარიც და მზეც. სახელმწიფო ფიქრობს, რომ ჯერ უნდა განვითარდეს ქარი, შემდეგ მზე.
მე, როგორც მზის სექტორის წარმომადგენელი, ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში კიდევ უფრო აუცილებელია მსჯელობა, ექსპერტების ჩართვა, ჰიდროსა და ქარის შედარება, სიმულაციების ჩატარება, რათა ზუსტად დავინახოთ, რამდენად შეესაბამება ეს რეალობას. საჭიროების შემთხვევაში, როცა იქნება ჭარბი ენერგია, უნდა მოხდეს შეზღუდვები და პრიორიტეტი დაინიშნოს ჰიდროსთვის, შემდეგ ქარისთვის, ხოლო მზის ენერგია გამოყენებული იქნას მხოლოდ ჭარბი სიმძლავრის დროს. ეს პროცესი ასე არ უნდა განხორციელდეს, რადგან როგორც ინვესტორი, რომელიც გეგმავს ძალიან დიდ პროექტებს, მნიშვნელოვანია, რომ 10-წლიან გეგმაში არ ვდგე ისეთ პრობლემებთან, რომ მომიწიოს ენერგიის შეზღუდვა ან გათიშვა. მესმის, რომ ჰიდრო უნდა განვითარდეს და ქვეყანა უნდა გახდეს თვითკმარი, თუმცა ამავე დროს აუცილებელია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა“, - აცხადებს დავით ტყეშელაშვილი.
ტყეშელაშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაცია, ისე ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა. მისი თქმით, ისეთი პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი, საქართველოს ექსპორტის შესაძლებლობებს გააფართოებს, თუმცა პარალელურად სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი მოხმარების ზრდასაც, მათ შორის შესაბამისი სტიმულებისა და სუბსიდიების მეშვეობით. ეს ხელს შეუწყობს ბიზნესს, ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადასვლასა და განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით მზის პროექტებში ინვესტიციების ზრდას.
„მე მხარს ვუჭერ იმას, რომ ქვეყანაში გაიზარდოს ელექტროენერგიის თვითმოხმარება. ვფიქრობ, სახელმწიფო ამაზე დაიწყებს ზრუნვას. ყველაფერი ერთად ვერ მოხდება, ამიტომ აუცილებელია სუბსიდიები, რომ მე, როგორც საწარმოს მფლობელს, გამიჩნდეს ინტერესი გადავიდე ელექტროენერგიის მოხმარებაზე. შედეგად, სახელმწიფოსა და ბიზნესს ექნება ნაკლები პრობლემა და მეც უფრო მეტად მომინდება მზის ინვესტიციების განხორციელება ქვეყანაში“, - განმარტავს Photomate Caucasus-ის რეგიონული დირექტორი.