ვისოლი რჩება ბაზრის უდიდეს მოთამაშედ და ბაზრის 26%-ს იკავებს - TBC Capital
საქართველოს ნახშირწყალბადების მოხმარება, ბენზინისა და დიზელის ჩათვლით, თითქმის სრულად იმპორტზეა დამოკიდებული. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში „საქართველოს საწვავის საცალო ბაზრის მიმოხილვაშია“ აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, 2024 წელს ქვეყანაში იმპორტირებული იყო 918 მილიონი ლიტრი ბენზინი (+7.6%, წ/წ) და 770 მილიონი ლიტრი დიზელი (+9.4%, წ/წ).
საქართველოს ავტოპარკის მზარდი ტენდენციის ფონზე მოსალოდნელია ბენზინისა და დიზელის იმპორტის ზრდა. 2025 წლის პირველ 9 თვეში ავტოპარკს 125.3 ათასი ავტომობილი დაემატა, რომლის 61% ბენზინს მოიხმარს, 21% ჰიბრიდული ძრავით, ხოლო 14%-ს დიზელის ძრავითაა.
„ამჟამად საქართველოს ავტოპარკი დაახლოებით 1.9 მილიონ ავტომობილს ითვლის, რომლის 64% ბენზინის ძრავითაა, 12% ჰიბრიდულძრავიანია, თუმცა ძირითად საწვავად ბენზინს მოიხმარს. ავტოპარკის 23%-ს აქვს დიზელის ძრავი.
2024 წელს საქართველოსთვის ბენზინის მთავარი მომწოდებლები ბულგარეთი (32%), რუსეთი (26%), და რუმინეთი (24%) იყვნენ. საექსპორტო შეზღუდვებისა და კვოტების შედეგად, საქართველოს იმპორტში რუსეთის წილი 2022-2023 წლების შემდეგ შედარებით შემცირდა.
2024 წელს საქართველოს დიზელის იმპორტის 74% რუსეთიდან, ხოლო 14% აზერბაიჯანიდან განხორციელდა.
2024 წელს, საცალო ბაზარზე საშუალო ფასი 1 ლიტრი ბენზინისთვის 3.1 ლარი, ხოლო დიზელისთვის 3.3 ლარი იყო.
ბაზრის 5 მთავარი მოთამაშის ამონაგები 2024 წელს 3.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 33%-იანი ზრდაა. ვისოლი რჩება ბაზრის უდიდეს მოთამაშედ და ბაზრის 26%-ს იკავებს. ამავე წელს, საერთო მოგების საშუალო მარჟა 10%-ის ტოლი იყო.
2024 წლის მონაცემებით, საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ნახევარზე მეტი, დაახლოებით 670 სადგური, ორგანიზებულ ბაზარზე ოპერირებს.
2025 წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ დაასანქცირა Lukoil PJSC, საქართველოში მოქმედი კომპანიის, ლუკოილის, საბოლოო მაკონტროლებელი მხარე“, - განმარტავენ თიბისი კაპიტალში.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა
11.12.2025.14:35
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაჟდენბერგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური პარამეტრები, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, აგრეთვე საქართველოსა და სავალუტო ფონდის სამომავლო თანამშრომლობა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მაკროეკონომიკური მახასიათებლები. აღინიშნა, რომ 2021-2024 წლებში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,7 პროცენტი, 2025 წლის 10 თვეში კი 7,6 პროცენტი შეადგინა. ხაზი გაესვა იმასაც, რომ 2024 წელს როგორც უმუშევრობის დონე, ასევე დასაქმება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა.
ყურადღება გამახვილდა მიზნობრივ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია, წარმატებით ახორციელებს. ხაზი გაესვა სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ამაღლების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, კერძოდ, სახელმწიფო საწარმოებში გატარებული ოპტიმიზაციის შედეგად 700 მლნ ლარის წლიური დანაზოგი გაკეთდა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე ენერგეტიკის სფეროს გაძლიერების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ყურადღება გამახვილდა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, თბილისის ახალ აეროპორტსა და სხვ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალში შეტანა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და ვახტანგ ცინცაძე.