ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა - ლევან მეხუზლა
ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა. საქართველოშიც, კომერციული, სამეწარმეო ვენახის გაშენება უნდა იყოს ორიენტირებული გრძელვადიან ხარისხზე, ნერგი უნდა იყოს კვალიფიციურ სანერგეში გამოყვანილი, ვენახი უნდა იყოს გაშენებული სწორ ადგილზე, რადგან ყველა ნიადაგი არ იძლევა საუკეთესო ხარისხის ყურძენს. ეს ფაქტორები თავიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული. ვენახი არის ის სიმდიდრე, რომელიც მომავალ თაობებს გადაეცემა, რადგან ახლა გაშენებული ვენახებიდან საუკეთესო მოსავლის მიღება 15 წლის შემდეგ იწყება, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება, რაც განიმარტება შემდეგნაირად: საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გაიზარდა გაშენებული ვენახების რაოდენობა და შესაბამისად ყურძნის მოსავლიანობა, ცვლილების თანახმად, დაცული ადგილწარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმლის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელი წარმოებული უნდა იყოს მხოლოდ ამ ღვინის ან/და სპირტიანი სასმლის წარმოების სპეციფიკაციაში განსაზღვრულ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან.
ცვლილება ასევე განსაზღვრავს ღვინის ყველა კომპანიისთვის მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა-შეტყობინების მოთხოვნების შესრულებას.
ცვლილებების მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა.
„ქართული ღვინო უნდა პოზიციონირებდეს იმ სეგმენტში, სადაც წარმოდგენილია უნიკალური და პრემიუმ ხარიხის ღვინოები. ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა და თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას. ამ ეტაპზე, ვენახების მასიური გაშენების ტემპი შენელებულია. ბოლოს წლების სტატისტიკით, ყოველწლიურად, 500 ჰექტრამდე ფართობი ახალი ვენახი შენდება. ამ მონაცემზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება შეეხება დაახლოებით 100-მდე პირს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას - თამარ იოსელიანი
16.04.2026.21:51
„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტია, რაშიც, მისი შეფასებით, დასასვენებელი თუ სამკურნალო რესურსების გარდა დიდი როლი აქვს მის სამეცნიერო მნიშვნელობას, ეს ყველაფერი ერთად კი უნიკალურ გარემოს ქმნის. ამასთან, თამარ იოსელიანი აქცენტს აკეთებს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსთან დაკავშირებით არსებულ გლობალური ტურიზმის ტენდენციებზე.
„გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალი მოთხოვნაა ეკოლოგიურად ჯანსაღ, მშვიდ გარემოზე, და შესაბამისად, იმ კურორტებზე, რომლებიც ვიზიტორებს სწორედ ასეთ გარემოს სთავაზობს. ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რაც მას კიდევ უფრო ღირებულ ტურისტულ ლოკაციად აქცევს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, აბასთუმნის კურორტის მაღალ ღირებულებას კიდევ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა უზრუნველყოფს - მისი კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, მინერალური წყლები, ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე. თამარ იოსელიანის განცხადებით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, კურორტის შემდგომი, კომპლექსური განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ამ მიზნით აქტიურად ვმუშაობთ - სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესი მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან და დაბალანსებულ განვითარებას, რაც მის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის " - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აბასთუმნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობაზე - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაზე, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს, მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტია და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე.მისი თქმით, ცვლილება ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვების ხარისხი.