უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ის დამფუძნებელთან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საინვესტიციო შესაძლებლობები განვიხილეთ - მარიამ ქვრივიშვილი
"დარწმუნებული ვარ, უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ისთან შეხვედრის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი, წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება, რომელიც დამატებით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და DAMAC Properties-ის დამფუძნებლის, ჰუსეინ საჯვანის შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი კორპორაციის დამფუძნებელთან, სადაც გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გვემსჯელა საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. არაერთი სექტორი განვიხილეთ, სადაც შესაძლებელია საქართველოში ინვესტიციის განხორციელება და დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი, წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება, რომელიც დამატებით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, DAMAC Properties უმსხვილესი მოთამაშეა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე როგორც დეველოპერულ, ისე სტუმარ-მასპინძლობის სექტორში.
DAMAC-ჯგუფი, რომელიც 15 ქვეყანაში ოპერირებს და დასაქმებული ჰყავს 4 ათასზე მეტი თანამშრომელი, ახლო აღმოსავლეთში სასტუმროებისა და უძრავი ქონების მოწინავე დეველოპერია და მისი წლიური შემოსავალი 4 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი ევროსთან გამყარდა
13.01.2026.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1467 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6969 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6969 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1467 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1503 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0,0036 ლარი შეადგინა.