უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა თუ როგორ ხედავს კერძო სექტორი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას - მარიამ ქვრივიშვილი
დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, თუ როგორ ხედავს კერძო სექტორი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მთავრობა მიესალმება ასეთ ინიციატივებს.
„საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული იყო რიგით მე-2 შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. შეგვიძლია უკვე თამამად ვთქვათ, რომ ყველა ის, დაახლოებით 8-9 ფაქტორი, რომელიც სახელმწიფომ კვლევის საფუძველზე დააიდენტიფიცირა, როგორც ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ სამომხმარებლო პროდუქციის ფასების ზრდაზე, დღეს ჩვენი შეხვედრის ბოლოს დადასტურდა და თითოეულ პუნქტზე იდენტური პოზიცია ჰქონდათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. შესაბამისად, აღნიშნულ გარემო ფაქტორებზე სწორი და ეფექტური რეაგირების შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს რესურსი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების. მისასალმებელია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, თუ როგორ ხედავს კერძო სექტორი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას. ჩვენ მივესალმებით ასეთ ინიციატივებს.
კომისიის ამოცანას წარმოადგენს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირება და შესაბამისად, დღეს გაჟღერებული ინიციატივების ძალიან დეტალური შესწავლა მოხდება კომისიის მხრიდან იმისთვის, რომ დავადგინოთ რამდენად საკმარისია აღნიშნული ინიციატივები იმისთვის, რომ მოხდეს ფასების იმ დონემდე და იმ მასშტაბით შემცირება, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესშია", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
ვფიქრობთ, რომ წელს საერთაშორისო რეზერვების დონით 7 მილიარდს მივაღწევთ - Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისი
23.01.2026.18:00
ვფიქრობთ, რომ წელს საერთაშორისო რეზერვების დონით 7 მილიარდს მივაღწევთ, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეზერვები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც საგარეო ფაქტორებით გამოწვეული უარყოფითი გავლენების შერბილებას უზრუნველყოფს, როგორც შოკების, ისე ბაზრის სენტიმენტების შემთხვევაში.
„2024 წლის სექტემბრიდან იყო, როდესაც ეროვნული ბანკი ჩაერია სავალუტო ბაზარზე და გაყიდა, მოუხდა რეზერვების დახარჯვა იმისათვის, რომ გაცვლითი კურსი სტაბილური დონე შეენარჩუნებინა. ეს ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ ფუნდამენტური ფაქტორები კარგად გამოიყურებოდა იმ პერიოდში და ძირითადად ზეწოლა გაცვლით კურსზე მოდიოდა უარყოფითი განწყობებიდან.
ის რომ ეროვნული ბანკი ჩაერია, გამართლებულია და ზოგადად ამას საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ რეკომენდაციებს, რომ ერთჯერადი შეტევები თუ არის გაცვლით კურსზე - პირიქით, რეზერვები რომ არ იყოს გამოყენებული შესაძლებელია დომინოს ეფექტი მიეცეს და ასე ვთქვათ გააუარესოს მთლიანობაში მაკროეკონომიკური გარემო. იმიტომ რომ გაცვლითი კურსი საქართველოსთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მყისიერად ფასების დონეზე, შესაბამისად საინვესტიციო განწყობებზე, სამომხმარებლო განწყობებზე, მთლიანობაში ეკონომიკურ აქტივობაზე. ამიტომაც გაცვლითი კურსის, როდესაც მოხდება მისი შეფასება, წონასწორული დონიდან გადახრა როგორი არის და ეს გადახრა საიდან არის გამოწვეული - ფუნდამენტური ფაქტორებიდან თუ სხვადასხვა განწყობებიდან, აქ მნიშვნელოვანი არის, რომ სწორი პოლიტიკა იყოს გატარებული. ნუ, 2024 წელი დასრულდა იმით, რომ რეზერვები მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, 4.4 მილიარდამდე იყო და 2025 წელი ფაქტობრივად უნდა აღვნიშნოთ იმით, რომ ისტორიაში პირველად ასე ვთქვათ ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა სავალუტო ბაზარზე და მნიშვნელოვნად გაზარდა რეზერვების დონე 4.4 მილიარდიდან 6.2 მილიარდამდე“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისტის თქმით, სებ-ის მხრიდან რეზერვების გაზრდა წელსაც გაგრძელდება.
„მოდი გავცეთ კითხვასაც პასუხი, რატომ არის რეზერვები მნიშვნელოვანი? ჯერ ის, რომ ასე ვთქვათ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები მნიშვნელოვნად უყურებენ რეზერვების დონეს რამდენი არის ქვეყანაში. ანუ რამდენად ადეკვატური არის რეზერვების დონე და ის, რომ სარეიტინგო კომპანიები, მაგალითად აფასებენ ქვეყნის აუთლუქს ან რეიტინგს - რეიტინგის გადახედვა მოხდება თუ არა - უყურებენ ამ რეზერვების დონეს სხვა ინდიკატორებთან ერთად და ერთ-ერთი წონადი არის ეს რეზერვების დონე და ამიტომ თუ რეზერვების დონე ადეკვატურ დონეზე ნარჩუნდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს უკვე არის ზრდის იმის ალბათობას, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა მოახდინონ გადახედვა იმ რეიტინგის, რომელიც მაგალითად ქვეყანას აქვს მიცემული.
ერთი მხრივ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როდესაც რეიტინგი გაგვიუმჯობესდება, შემდგომ ის მთლიანობაში პოზიტიურად აისახება ხოლმე ქვეყანაზე - ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა იაფდება, შემდგომ ეს გადაითარგმნება იმაში, რომ მეტი საინვესტიციო აქტივობა იქნება. მეტი საინვესტიციო აქტივობა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და ასევე მის პოტენციურ ზრდაზე მიუთითებს.
როგორ ასე ვთქვათ მოხერხდა აი ამ რეზერვების შევსება 2025 წელს? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ სავალუტო შემოდინებები იყო სტაბილური და მზარდი. ეს ერთი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ასევე წინა პერიოდები, სადაც ფუნდამენტური ფაქტორები, ანუ სავალუტო შემოდინებები იყო მაღალი, მაგრამ გაცვლითი კურსი უფასურდებოდა.
აი ამ სავალუტო შემოდინებების მზარდ დონეს დაემთხვა ის, რომ გლობალურად გაუფასურდა დოლარი და ფაქტობრივად განწყობები იქითკენ გადაეწყო მსოფლიოში - როგორც ჩვენს ქვეყანაში და ასევე მსოფლიოში, რომ დოლარი გლობალურად დასუსტებული დარჩებოდა დიდხანს. და ის, რომ საქართველოში დამატებით დიდი რაოდენობით სავალუტო შემოდინებები იყო, ამან ასე ვთქვათ გამყარების მიმართულებით გავლენა მოახდინა გაცვლით კურსზე და ფაქტობრივად ხელი შეუწყო იმას, რომ ეროვნულ ბანკს აქტიურად დაეწყო შესყიდვები მარტიდან და წლის ბოლოს შეავსო ეს რეზერვები 6.2 მილიარდის ფარგლებში. ვფიქრობთ, რომ ის, რომ აი ეს განწყობები კიდევ წელსაც იქნება შენარჩუნებული გლობალურად, რომ დოლარი სუსტი დარჩება, ეს არის ტრამპის როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკიდან გამომდინარე.
ვფიქრობთ, რომ რეზერვების გაზრდა წელსაც გაგრძელდება მიმდინარე წელს და ჩვენი განახლებული პროგნოზი, ზოგადად რთული არის რეზერვების პროგნოზი გააკეთო, იმიტომ რომ ცვალებადი არის გარემო და ასევე როგორი მიდგომა ექნება ეროვნულ ბანკს შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ვფიქრობთ, რომ წელს 7 მილიარდს მივაღწევთ რეზერვების დონით“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.