თურქეთმა და აზერბაიჯანმა, საქართველოს გავლით, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესახებ ახალი შეთანხმება გააფორმეს
თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს 33 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის საქართველოს გავლით მიწოდების შესახებ ახალ შეთანხმებას, რის შესახებაც, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტარზე დაყრდნობით, სააგენტო Report-ი იტყობინება.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაზი თურქეთს არსებული ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის მეშვეობით მიეწოდება. ბაირაქტარის ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს კასპიის ზღვაში მდებარე აფშერონის საბადოდან წელიწადში 2.25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას 15 წლის განმავლობაში, კონტრაქტი 2029 წელს შევა ძალაში და 2040 წლამდე გაგრძელდება.
მისივე თქმით, გრძელვადიანი კონტრაქტებისა და დივერსიფიკაციის სტრატეგიის მეშვეობით, თურქეთი უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და გააგრძელებს საწვავის ფასების კონკურენტულ დონეზე მართვას.
Report-ის ცნობით, თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს (EMRA) მონაცემებით, აზერბაიჯანმა გასული წლის იანვრიდან ოქტომბრამდე თურქეთში 9.8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტირება მოახდინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5%-იან ზრდას წარმოადგენს.
ამჟამად აზერბაიჯანი, რუსეთის შემდეგ თურქეთში, ბუნებრივი აირის სიდიდით მეორე ექსპორტიორია.
სხვა სიახლეები
ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ სავალუტო რეზერვების რეკორდულად ზრდის შესაძლებლობა მოგვცა - თამთა სოფრომაძე
07.01.2026.17:40
2025 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებისა და ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვებს აქტიურად ახორციელებდა, ჯამურად გასული წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაახლოებით 2,07 მილიარდი აშშ დოლარი შევისყიდეთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, თამთა სოფრომაძემ სავალუტო რეზერვების რეკორდულად ზრდის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. ამასთან, სარეზერვო პორტფელის დივერსიფიკაციის ფარგლებში, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს წილი საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.3%-ს, ანუ 1,002.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ოქროს ფასის ზრდის შედეგად, მისი ღირებულება შეძენის მომენტიდან გაორმაგდა და რეზერვებს დამატებით 502.3 მილიონი აშშ დოლარი შემატა, რაც ეროვნული ბანკის სტრატეგიული მიდგომის ეფექტიანობაზე მიუთითებს“, - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.
2025 წლის ბოლოს მდგომარეობით ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს - 6.16 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით რეზერვების მოცულობა 38%-ით, დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.