თურქეთი უკვე წლების განმავლობაში საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ინვესტორია, რაც მკაფიოდ ადასტურებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე ეკონომიკურ კავშირებს - მარიამ ქვრივიშვილo
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გახსნა.
მინისტრმა თავის გამოსვლაში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ამ პროცესში მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა იმ სექტორებსა და მიმართულებებზე, სადაც საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური პარტნიორობის კიდევ დიდი პოტენციალი არსებობს.
„წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა განავითარეს ძლიერი და დინამიური ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო აქტიური როლი შევასრულოთ მათი გაღრმავების განვითარების პროცესში. თურქეთი უკვე წლების განმავლობაში საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ინვესტორია, რაც მკაფიოდ ადასტურებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე ეკონომიკურ კავშირებს და თანამშრომლობის მზარდ დინამიკას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას თურქეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის.
თურქეთის დელეგაცია მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომაში თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულქადირ ურალოღლუს ხელმძღვანელობით მონაწილეობს. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კომისია ეფექტური ფორმატია ქვეყნებს შორის არამხოლოდ ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად, არამედ ითვალისწინებს თანამშრომლობის ფართო სპექტრს.
ამასთან, მან ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა ინვესტიციები, ენერგეტიკა, ციფრული ტექნოლოგიები, ვაჭრობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ა.შ.
მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ როლს შუა დერეფნის როგორც სანდო, მდგრადი და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტის ფორმირებაში.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელობის რეგიონულ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა, რომელიც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის ზრდას და მოიზიდავს დამატებით ტვირთებს შუა დერეფანში. ხაზი გაესვა ერთობლივ კოორდინირებულ მუშაობის მნიშვნელობას შუა დერეფნის ქვეყნებს შორის მისი უფრო მეტად განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის კუთხით. მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და დაასახელა ის პროექტები, რომელთაც საქართველო ახორციელებს ამ მიმართულებით. ესენია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი; საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია; თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი; შავი ზღვის ელექტროგადამცემი წყალქვეშა კაბელი და სხვ.
„ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და რეგიონალური კავშირების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათი განვითარება დამატებითი ეკონომიკური მიზიდულობის წყარო გახდება როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია აქტიური თანამშრომლობა ისეთ პარტნიორთან, როგორიც თურქეთია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
თავის გამოსვლაში, მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და თურქეთს შორის მზარდ ავიამიმოსვლაზე, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ორ ქვეყანას შორის საქმიანი კავშირების გაღრმავებას. მისი თქმით, არსებულ მზარდ მოთხოვნაზე მიუთითებს ფრენების გაზრდილი სიხშირეც, რაც დღეის მდგომარეობით ჯამურად 100 - ზე მეტ რეისს შეადგენს კვირაში. „რამდენიმე დღის წინ თურქეთის წამყვანი ავიაკომპანიის – Turkish Airlines-ის – ხელმღვანელობასთან განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ახალი საჰაერო მარშრუტის გახსნის პერსპექტივები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კავშირების გაფართოებას და ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თურქეთის დელეგაციის წევრებს ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ მიღწეული ეკონომიკური პროგრესი გააცნო. როგორც მან აღნიშნა, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა - ამ მაჩვენებლით საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 2025 წელი ასეთივე მაღალი ეკონომიკური აქტივობით დაიწყო და იანვარ-მაისის წინასწარი მონაცემებით, საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.8%-ია.
სხდომაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გამყარების კუთხით. აღინიშნა, რომ 2008 წელს შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად მატულობს და 2024 წლის ჩათვლით ეს მაჩვენებელი 3,2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ასევე აქცენტი გაკეთდა იმაზეც, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია.
საქართველო - თურქეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, კულტურა, განათლება, ჯანდაცვა და სხვ.
სხდომის დასასრულს, მინისტრებმა მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს.
სხვა სიახლეები
მომავალი სამი წელიწადი იქნება მზისთვის ძალიან აქტუალური - განვითარდება საშუალო სიმძლავრის პროექტები l Photomate Caucasus-ის რეგიონული დირექტორი
13.03.2026.00:00
საქართველოში მზის ენერგეტიკის სექტორში მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ბაზარზე მზის ელექტროსადგურების მიმართ ინტერესი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან, მატულობს. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, Photomate Caucasus-ის რეგიონულმა დირექტორმა, დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანიას უკვე რამდენიმე მსხვილ პროექტზე აქვს მუშაობა დაწყებული და, მიუხედავად იმისა, რომ სექტორში გარკვეული გამოწვევები არსებობს, ინვესტორები მზის ენერგიას მომავალის ენერგიად მიიჩნევენ და პროექტების განხორციელებას არ აპირებენ შეაჩერონ.
„ჩვენ უკვე დაახლოებით ოთხი წელია ვოპერირებთ ბაზარზე - მთლიანად კავკასიას ვფარავთ. გარდა ამისა, როდესაც შემოვედით ბაზარზე, შევქმენით ჰაბი, რომელიც მოიაზრებს იმას, რომ სრულიად საქართველოდან ხდებოდა დაფარვა ამიერკავკასიაში: სომხეთში, აზერბაიჯანში. მახსოვს იყო დრო, როცა პროდუქციას ვაწვდიდით უზბეკეთში, ყაზახეთში და, რაც უფრო შორს წავიდა საქმე, მონღოლეთშიც კი საქართველოდან გავიდა პროდუქცია.
შემდგომ შეიცვალა სურათი, და მთელი ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად სომხეთი იყო ბაზარზე. ისინი აქტიურობდნენ მაშინ, როცა ჩვენთან იყო ძალიან ნელი ფაზა, და ერთი-ორი პროექტი თუ სადღაც უფრო სწრაფად ვითარდებოდა. ამ პერიოდში სომხეთმა ააშენა 1000 მეგავატი მზის ელექტროსადგური, და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 70%-ში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა. შემდგომ უცებ აღმოჩნდა, რომ საქართველოდან ვეღარ ხდებოდა პროდუქციის მიწოდება, რადგან ეს ორმაგი დანიშნულების პროდუქცია იყო. თუმცა ჩვენ გამოსავალი ვიპოვეთ, რადგან ვიყავით ჩეხური კომპანია და ტრანზიტის პირობებში პროდუქცია კვლავ მივაწოდეთ. ამით ქვეყანამ გარკვეული შემოსავალი დაკარგა, რადგან საუბარი იყო კოლოსალურ თანხებზე, როდესაც უზარმაზარი პროექტი ხორციელდებოდა სომხეთში.
შარშან და წელს სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. ბიზნესმა იქ დაიწყო აქტიურობა და ახლა აპირებენ სთორიჯებზე, ე.წ. „შემნახველებზე“ გადასვლას. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ეს ბიზნესი „აფეთქდა“ - დაიწყო მოთხოვნა, მოთხოვნა, მოთხოვნა, და ჩვენ მიწოდებას, მიღება-მიწოდებას ვეღარ ვახერხებდით, იმდენად დიდი იყო მოთხოვნა. თუმცა წელს ყურადღება ძირითადად დიდი სიმძლავრის პროექტებზეა გადატანილი და მოდიან სერიოზული და კვალიფიციური ინვესტორები. ვმუშაობთ რამდენიმე დიდ პროექტზე.
განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, მზის ბიზნესი არ გაჩერდება. ინვესტორები განაგრძობენ ფიქრს გრძელვადიან პერსპექტივაში და მზად არიან 20-25 მლნ დოლარიანი პროექტები ააშენონ. ტენდენცია არ წყდება, სურვილიც არა. ინვესტორები ფიქრობენ, რომ ეს არის მომავლის ენერგია და მზის ენერგია აუცილებლად უნდა განვითარდეს საქართველოში.
პირველ ეტაპზე სახელმწიფო ამბობს, რომ უნდა აშენდეს 1700 მეგავატი. აღსანიშნავია, რომ „დაბევებული“ პროექტები, ვისაც ჰქონდა, ჩამოერთმევა, ხოლო სამშენებლო მემორანდუმამდე დამამშვიდებელი ეტაპები მოითხოვება, რათა პროექტის რეალურობა დასტურდებოდეს. სახელმწიფო ამ მხრივ მკაცრად ოპერირებს და ზომებს იღებს. შესაბამისად, მომავალი სამი წელი მზის სექტორისთვის განსაკუთრებულად აქტიური იქნება - განვითარდება საშუალო სიმძლავრის პროექტები, რამდენიმე დიდი სიმძლავრის პროექტიც, დანარჩენი კი დრო გვიჩვენებს, როგორ მოახერხებს სახელმწიფო ყველაფრის თანმიმდევრულად ორგანიზებას და მხარდაჭერას“, - აღნიშნა Photomate Caucasus-ის რეგიონულმა დირექტორმა, დავით ტყეშელაშვილმა.