ტურიზმი, ინვესტიციები, ვაჭრობა, როგორია საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკური ურთიერთობები
უნგრეთიდან საქართველოში ტურისტების ნაკადი მზარდია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში საქართველოში უნგრეთიდან 69.9%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა.
უნგრეთიდან ვიზიტორების ზრდას და პირიქით, საქართველოდან უნგრეთში ტურისტული ნაკადების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ საქართველოში წლებია ოპერირებს ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი, უნგრული ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული და ყოველწლიურად ქუთაისიდან მიმართულებებს და სიხშირეებს ზრდის.
რაც შეეხება უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს, 2022 წელს უნგრეთიდან საქართველოში 2.7 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 32.5%-ით ნაკლები მაჩვენებელია. უნგრეთის წილი მთლიან FDI-ში 0,1%-ია.
ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობების თუ დავაკვირდებით, სახეზეა, რომ უნგრეთიდან იმპორტი ზრდას, ხოლო საქართველოდან ექსპორტი კლებას აჩვენებს.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში უნგრეთიდან საქართველოში 46,023.79 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 36,074.75 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 28%-ია.
2022 წელს უნგრეთიდან იმპორტმა 57,494.68 ათასი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ უნგრეთში 598.58 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვანი კლებაა. 2022 წლის 8 თვეში საქართველოდან უნგრეთში 2,328.05 ათასი დოლარის პროდუქციის გაგზავნა ფიქსირდება.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო უნგრეთში ყიდის
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო უნგრეთიდან ყიდულობს
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
მზად ვართ დამატებითი ინვესტიციები განვახორციელოთ, რათა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მლნ მგზავრამდე გავზარდოთ – თეა ზაქარაძე
20.02.2026.18:36
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ბათუმის აეროპორტის მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე აცხადებს, 2025 წელს აეროპორტი 1,2 მილიონი მგზავრი მოემსახურა, მაშინ როცა ტერმინალის მაქსიმალური სიმძლავრე 1,4 მილიონია.
გაფართოების შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი.
„წარმოვადგინეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი. მოგეხსენებათ, 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო აეროპორტისთვის - წელი ჩავხურეთ 1,2 მილიონი მგზავრით. ტერმინალის გამტარუნარიანობა 1,4 მილიონია, შესაბამისად, სასწრაფოდ არის დასაწყები გაფართოების სამუშაოები. პროექტი დაგვეხმარება უფრო სწორი დაგეგმვის განხორციელებაში და საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფოსთან ერთად საუკეთესო აეროპორტი გავაკეთოთ - გავაფართოვოთ არსებული ტერმინალი და ავაშენოთ ახალი ტერმინალი. ამის შესაძლებლობა ბათუმში არსებობს, და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები, რათა არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა 4 მილიონ მგზავრამდე გავზარდოთ“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აეროპორტის გაფართოების გეგმა წარუდგინა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, დეტალურად იმსჯელეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საჭიროებებზე, რაც მგზავრთნაკადის აქტიურ ზრდას უკავშირდება.
შეხვედრაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვის თანახმად, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა. პროექტი აეროპორტის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „იგლ ჰილსის“ ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, ბათუმის აეროპორტს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს - შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებისთვის, რაც უდიდეს გავლენას იქონიებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირებაზე, ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი იყო უპრეცედენტოდ გამორჩეული იყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რადგან პირველად ისტორიაში, აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1 230 200 მგზავრს მიაღწია, რაც 29%-ით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემებს.