ტურიზმი განსაკუთრებით ინკლუზიური დარგია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში - ირაკლი ნადარეიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე 2025 წლის შედეგები შეაჯამა.
მინისტრის მოადგილემ კერძო სექტორს დარგის ზრდის დინამიკა, მისი შემდგომი განვითარების ხედვა, ამ მიზნით არსებული გეგმები, პროგრამები და პროექტები გააცნო. შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას ირაკლი ნადარეიშვილმა აქცენტი გააკეთა ტურიზმის დარგის განვითარების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით კერძო სექტორთან დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ტურიზმი განსაკუთრებით ინკლუზიური დარგია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში.
„ტურიზმის სექტორის განვითარება ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ტურიზმის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს და დასაქმების 9%-ს შეადგენს, ამასთან, მომსახურების ექსპორტის თითქმის 60% სწორედ ტურიზმზე მოდის. ეს არის განსაკუთრებით ინკლუზიური დარგი, რომელიც დიდ როლს თამაშობს მცირე და მიკრო მეწარმეობის, ასევე რეგიონების განვითარების პროცესში. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული სექტორის განვითარების მიმართულებით და დღეს საქართველოს ნამდვილად აქვს თავისი ადგილი მსოფლიო რუკაზე, საერთაშორისო აღიარება, ჩვენი ქვეყანა მიმზიდველ დანიშნულების ადგილად იქცა, მათ შორის ბევრი ისეთი ქვეყნისთვის, სადაც მანამდე არ გვიცნობდნენ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. შეხვედრაზე წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2025 წლის სამი კვარტლის მონაცემებით ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი 3.6 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, +5.1%-ით მეტია. ასევე რეკორდულია ტურისტული ვიზიტების 9 თვის მაჩვენებელი -4.3 მილიონი, რაც +7.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სხვა სიახლეები
ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა დარგის განვითარებისთვის აუცილებელია - გია არაბიძე
18.12.2025.13:08
ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა დარგის განვითარებისთვის აუცილებელია, - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც სემეკის გადაწყვეტილება შეაფასა,რომელიც მომდევნო წლიდან ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდას გულისხმობს.
ენერგეტიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი მექანიზმების ამოქმედება, რომლებიც ტარიფის მატებისგან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაიცავს.
"როგორც ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელი, ბუნებრივია, ფასის მატებას არ მივესალმები, მაგრამ როგორც ენერგეტიკოსი ვთვლი, რომ ფასის მატება დარგის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ ცოტა დაგვიანებულიც კი არის. ვფიქრობ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებაც არ იყო სწორი, 2013 წელს ტარიფების გაუქმებაც არ ყოფილა სწორი, რადგან ამან დარგს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. გარდა ამისა, ასევე, არ იყო სწორი 2024 წელს ტარიფების შემცირება. მე ახლა გესაუბრებით როგორც დარგის სპეციალისტი და არა მომხმარებელი. აბსოლუტურად სხვა საკითხია ეს ტარიფის გაზრდა რა პრობლემას შეუქმნის მოსახლეობას და მათ შორის, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რაზედაც სახელმწიფომ უნდა ისაუბროს და თავის თავზე უნდა აიღოს აღნიშნულის მოგვარების საკითხი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა აუცილებლობას წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხში სამი კომპონენტი არსებობს. ერთ-ერთი არის ის, რომ იმპორტირებული ენერგია, რომელიც ჩვენ შემოგვქონდა - გაძვირდა. შესაბამისად, იძულებული გავხდით სრული დატვირთვით ჩაგვერთო თბოელექტროსადგურები, რომლებიც ასევე, იმპორტირებული ენერგიაა, ვინაიდან იქ ელექტროენერგია იმპორტირებული გაზის ხარჯზე გამომუშავდება, რაც ბუნებრივია, ელექტროენერგიის ფასს ზრდის. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები ჩვენს დარგში, მათ შორის, როგორც ადგილობრივი, ისე ახალი სადგურების მშენებლობისთვის შემოსული ინვესტორები. ძალიან სერიოზულად არის გადასახედი ენერგეტიკული სისტემის ინფრასტრუქტურა. ამასთან არის კიდევ ერთი კომპონენტი - როგორც იცით, უკვე ინტენსიურად დაიწყეს განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებით მშენებლობის საკითხი, მათ შორის, მზის, ქარის და ა.შ. განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის ფასი კი ჯერჯერობით კიდევ მაღალია და გარდა ამისა, ახალი სადგურები, რომლებიც ექსპლუატაციაში შედის, მათი ნაწარმოები ელექტროენერგიის ფასიც საკმაოდ მაღალია.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა აუცილებელია. სხვა საკითხია რამდენად უნდა გაიზარდოს და როგორ ტვირთად დააწვება ეს გადაწყვეტილება მოსახლეობას", - აცხადებს გია არაბიძე.
კითხვაზე "რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა მოსახლეობას ტვირთად არ დააწვეს" - ენერგეტიკოსი განმარტავს, რომ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს მექანიზმები, რითაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ასეთი წნეხისგან დაცული იქნება.
ცნობისთვის, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მომდევნო წლიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა იგეგმება, ხოლო რამდენით გაიზრდება ტარიფი, ეს 29 დეკემბერს კომისიის სხდომაზე გახდება ცნობილი.
დღეს მოქმედი ტარიფები დადგენილია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით − სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო იმ მიზნით, რომ კომპანიებს დაუდგინდეთ ტარიფები მომდევნო პერიოდისთვის. ტარიფები დგინდება კომპანიების მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის ანალიზისა და მარეგულირებელი აუდიტის შედეგად.
ტარიფის დადგენის პროცესი არის გამჭვირვალე და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია ყველა ინფორმაცია, რაც ექვემდებარება საჯაროობას.
ტარიფში გათვალისწინებული იქნება ინვესტიციების მხოლოდ ის მოცულობა, რაც უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურ ფუნქციონირებასა და რომელთა გათვალისწინების გარეშე, შეუძლებელია მომსახურების გაწევა.