წინასწარი შეფასებით, 8 თვეში ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა - საქსტატი
წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9 პროცენტით განისაზღვრა.
2025 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ენერგეტიკა და ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.
საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.
სხვა სიახლეები
30.09.2025.18:43
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა SWIFT-ის მიერ ორგანიზებული SIBOS-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში SWIFT-ის რეგიონულ დირექტორსა და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტმა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა SWIFT-თან თანამშრომლობის მთავარი თემები განიხილეს, მათ შორის SWIFT_ის ძირითადი პროდუქტების საქართველოში დანერგვის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საგადახდო სისტემების გაუმჯობესების მნიშვნელობას და მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის კომერციული ბანკების ISO 20022-ის დანერგვის საკითხს და ამ მიმართულებით გამართულ ერთობლივ ტრენინგებს.
თავის მხრივ, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადახდო ბაზარმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც ინოვაციური პროდუქტების სწრაფი დანერგვითაა განპირობებული.
„აქტიურად ვავითარებთ საგადახდო სისტემებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს ფინანსური ინფრასტრუქტურის თავსებადობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ ძალისხმევის ფარგლებში ვახორციელებთ ქვეყნის ძირითადი, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის მოწინავე დონეზე განახლებას. განახლების შედეგადაც მივიღებთ კიდევ უფრო ეფექტურ, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ ფუნქციონალურად გამდიდრებულ და ტექნოლოგიურად მეტად დახვეწილ სისტემას.
ასევე ხელს ვუწყობთ სხვადასხვა ინოვაციური საგადახდო სერვისის განვითარებას. მათ შორისაა სრულიად ახალი მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვა, რომელიც იმუშავებს 24/7/365 რეჟიმში და უზრუნველყოფს ფულადი სახსრების გადამხდელის ანგარიშიდან მიმღების ანგარიშზე დაუყოვნებლივ ჩარიცხვას, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეხვედრის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტმა SWIFT-ის რეგიონულ მენეჯერსა და სხვა წარმომადგენლებს SWIFT-ის ეროვნული წევრი ჯგუფების შეხვედრის თბილისში ორგანიზება შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ SIBOS-ის უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე, მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგება, რაც პირველი შემთხვევაა სებ-ის პრეზიდენტების ისტორიაში.