წელს რეკორდული 95 მლნ ლარი გვქონდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ჯამში 200 მლნ ლარი დავხარჯეთ ბოლო 10 წელიწადში პროფესიული კოლეჯების განვითარებაში - პრემიერი
წელს რეკორდული 95 მილიონი ლარი გვქონდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ჯამში 200 მილიონი ლარი დავხარჯეთ ბოლო 10 წელიწადში პროფესიული კოლეჯების განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების რეფორმის მთავარი ამოცანა არის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა საფეხურზე.
"დიდი მადლობა, მოგესალმებით ყველას, ბატონო ელჩო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს, პატივცემულ სტუმრებს, ბიზნესის წარმომადგენლებს.
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ რათა მოვისმინოთ მინისტრისგან პროფესიული განათლების ახალი ხედვა, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ გვქონდა არა ერთი განხილვა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში ზოგადად თუ როგორ უნდა განვავითაროთ კიდევ უფრო მეტად პროფესიული განათლება, იცით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა განათლების რეფორმის არის ხარისხიანი განათლება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა საფეხურზე, ყველა დონეზე განათლების სისტემის.
იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება განათლების სფეროში, მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ ჩვენ დაახლოებით მილიარდი ლარი გამოვყავით ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განვითარებისთვის, ასევე ჩვენ მილიარდი ლარი გამოვყავით საშუალო სკოლების განვითარებაში, რეაბილიტაციაში, მშენებლობაში. ეს პროცესი დაწყებულია უკვე დაახლოებით ამის ნახევარი, 400 სკოლის კონტრაქტები არის გაფორმებული და მშენებლობა არის დაწყებული.
ასეთივე მდგომარეობა არის ბაგა-ბაღების მშენებლობის ნაწილშიც, რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ გავაოთხმაგეთ ზოგადად პროფესიული განათლების ბიუჯეტი- გავაოთხმაგეთ და მინდა გითხრათ რომ, დღეის მდგომარეობით, 30 საჯარო პროფესიული კოლეჯი არის შექმნილი, სახელმწიფო კოლეჯი არის შექმნილი, 40-ამდე ლოკაცია არის გამოყოფილი თავის ფილიალების ჩათვლით, მე ვგულისხმობ, 45 კერძო კოლეჯი ფუნქციონირებს დღეს ქვეყანაში და წელს რეკორდული 95 მილიონი ლარი გვქონდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ჯამში 200 მილიონი ლარი დავხარჯეთ ბოლო 10 წელიწადში პროფესიული კოლეჯების განვითარებაში", განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
მზად ვართ დამატებითი ინვესტიციები განვახორციელოთ, რათა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მლნ მგზავრამდე გავზარდოთ – თეა ზაქარაძე
20.02.2026.18:36
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ბათუმის აეროპორტის მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე აცხადებს, 2025 წელს აეროპორტი 1,2 მილიონი მგზავრი მოემსახურა, მაშინ როცა ტერმინალის მაქსიმალური სიმძლავრე 1,4 მილიონია.
გაფართოების შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი.
„წარმოვადგინეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი. მოგეხსენებათ, 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო აეროპორტისთვის - წელი ჩავხურეთ 1,2 მილიონი მგზავრით. ტერმინალის გამტარუნარიანობა 1,4 მილიონია, შესაბამისად, სასწრაფოდ არის დასაწყები გაფართოების სამუშაოები. პროექტი დაგვეხმარება უფრო სწორი დაგეგმვის განხორციელებაში და საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფოსთან ერთად საუკეთესო აეროპორტი გავაკეთოთ - გავაფართოვოთ არსებული ტერმინალი და ავაშენოთ ახალი ტერმინალი. ამის შესაძლებლობა ბათუმში არსებობს, და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები, რათა არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა 4 მილიონ მგზავრამდე გავზარდოთ“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აეროპორტის გაფართოების გეგმა წარუდგინა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, დეტალურად იმსჯელეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საჭიროებებზე, რაც მგზავრთნაკადის აქტიურ ზრდას უკავშირდება.
შეხვედრაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვის თანახმად, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა. პროექტი აეროპორტის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „იგლ ჰილსის“ ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, ბათუმის აეროპორტს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს - შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებისთვის, რაც უდიდეს გავლენას იქონიებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირებაზე, ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი იყო უპრეცედენტოდ გამორჩეული იყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რადგან პირველად ისტორიაში, აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1 230 200 მგზავრს მიაღწია, რაც 29%-ით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემებს.