ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ფორუმსა და მინისტერიალზე ვრცლად ვისაუბრეთ საქართველოს, როგორც ტრანზიტულ-ლოგისტიკური ჰაბის უმნიშვნელოვანეს როლზე - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმსა და მის ფარგლებში გამართული ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრის შედეგები შეაჯამა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ევროკავშირის თანაორგანიზებით ტაშკენტში გამართულ ღონისძიებას ძალიან დიდი როლი აქვს არამარტო ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის, არამედ შუა დერეფნის განვითარების პროცესში.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის - საშუალება მოგვეცა, რომ ვრცლად გვესაუბრა განვითარების გეგმებზე, მათ შორის საქართველოს, როგორც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ტრანზიტულ-ლოგისტიკური ჰაბის უმნიშვნელოვანეს როლზე, ისევე როგორც შუა დერეფნის მარშრუტზე. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის მხარდამჭერია ევროკავშირი, რომელსაც კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტები გააჩნია, მის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაფინანსება მიიღონ მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, სადაც ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრ ფილიპ ტაბაროსთან.
მარიამ ქვრივიშვილმა მინისტერიალსა და პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავარი აქცენტი შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჯაჭვში მათ საჭიროებაზე გააკეთა.
„საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრთან განვიხილეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, ისევე როგორც ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები. როგორც ორმხრივი შეხვედრებისას, ისე პანელური დისკუსიისა და მინისტერიალის ფორმატების ფარგლებში ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ იმ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს 2032 წლამდე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჯამში 7 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც განვითარდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მოხდება საქართველოს რკინიგზის სრული მოდერნიზება, ასევე განვითარდება და აშენდება მაგისტრალური გზები და ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა თამარ იოსელიანმა და გენადი არველაძემ და საქართველოს ელჩმა უზბეკეთში დავით კოტარიამ.
სხვა სიახლეები
საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას, მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით - უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი
27.11.2025.17:47
უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის ილჰომ მაჰკამოვის განცხადებით, საქართველოსა და უზბეკეთს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და სხვადასხვა სექტორში მჭიდრო თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი შუა დერეფნის განვითარების პროცესში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე გააკეთა.
ილჰომ მაჰკამოვის შეფასებით, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმი და მის ფარგლებში გამართული ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრა მნიშვნელოვანია ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხითაც.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანის მნიშვნელობას ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია უზბეკეთის საქართველოსთან მჭიდრო და ეფექტიანი კომუნიკაცია ახალი სატრანსპორტო დერეფნების, დივერსიფიცირებული მარშრუტების შექმნისა და არსებულის განვითარების მიმართულებით.
უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ტურიზმის სექტორში, რომელიც მზარდი დინამიკით ხასიათდება, ისევე, როგორც ორ ქვეყანას შორის არსებული საავიაციო მიმოსვლა. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისსა და ტაშკენტს შორის პირდაპირი ფრენები სრულდება. ილჰომ მაჰკამოვის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.