ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოება მოიცავს საქართველოს საკვანძო სარკინიგზო, საპორტო და ლოგისტიკურ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირის სატრანსპორტო ქსელთან ურთიერთთთავსებადია - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა მეორე ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ევროკავშირის თანაორგანიზებით "Global Gateway"-ის ინიციატივის ფარგლებში გაიმართა. ფორუმი გახსნეს უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ჯამშიდ ხოჯაევმა და ტრანსპორტის მინისტრმა ილჰომ მაჰკამოვმა, აგრეთვე ევროკომისარმა საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში იოზეფ სიკელამ და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა.
მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის განვითარებას მიეძღვნა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, საქართველომ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიცია განახორციელა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ტრანსპორტირების და მგზავრობის ხანგრძლივობა, ასევე გაუმჯობესდა საგზაო უსაფრთხოების ხარისხი.
მარიამ ქვრივიშვილმა რამდენიმე მსხვილ პროექტზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალზე, რომლის 70 პროცენტზე მეტი უკვე ექსპლუატაციაშია. კიდევ ერთ მნიშვნელოვნად პროექტად, მინისტრმა საქართველოს რკინიგზის მთავარი ხაზის მოდერნიზაცია დაასახელა, რომლის შედეგადაც გაიზარდა გამტარუნარიანობა და შემცირდა სატრანზიტო დრო, კერძოდ, საკონტეინერო ვაგონით გადაზიდვის პერიოდი 24 საათიდან 12 საათამდე შემცირდა, რამაც ხელი შეუწყო ტვირთების უფრო ეფექტურ, დაჩქარებულ და საიმედო გადაზიდვას აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გასწვრივ.
„მომავალ წელს გაფართოვდება რკინიგზის მოძრავი შემადგენლობა, რათა ტრანზიტულ და საექსპორტო ტვირთებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება შევძლოთ. ასევე დასკვნით ფაზაშია ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზა. მისი სრულად ამოქმედება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. პროექტი უზრუნველყოფს უწყვეტ და ეფექტიან ოპერაციებს როგორც საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, ისე მთელ დერეფანში," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა კიდევ ერთ სტრატეგიულ პროექტად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარება დაასახელა. მისი ინფორმაციით, ანაკლიის პორტი მოემსახურება დიდ კონტეინერმზიდ გემებს და გახდება საკვანძო საზღვაო ჰაბი ტრანზიტისთვის ევროპასა და აზიას შორის. „ამ პროექტს დამატებით ხელს უწყობს საბორნე სერვისების გაფართოება ევროკავშირის პორტებთან, მათ შორის კონსტანცასთან, ბურგასთან და ვარნასთან, ასევე ლოგისტიკური ზონებისა და მშრალი პორტების განვითარება, რათა ხელი შეეწყოს მულტიმოდალურ ოპერაციებს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
„ჩვენი სატრანსპორტო და დაკავშირებადობის დღის წესრიგი მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და მას ევროკავშირის ინიციატივები აძლიერებს. ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოება მოიცავს საქართველოს საკვანძო სარკინიგზო, საპორტო და ლოგისტიკურ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირის სატრანსპორტო ქსელთან ურთიერთთთავსებადია. შედეგად, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები სინქრონიზებული და სრულად თავსებადია ფართო ევროპულ ქსელთან. ევროკავშირის Global Gateway ინიციატივაში საქართველოს როლი ცალსახაა. შავი ზღვის, როგორც სტრატეგიული გასასვლელის პოზიციონირებით, სატრანზიტო მარშრუტების დაცვით და ვაჭრობის ხელშეწყობით, საქართველო აძლიერებს მთელი ევროპისა და აზიის კონტინენტების მდგრადობას, რითაც სატრანზიტო ქვეყნიდან დამაკავშირებელ ჰაბად გარდაიქმნება, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ფორუმში მონაწილე საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.
სხვა სიახლეები
2027 წლის 1 ივლისი არის ის საბოლოო თარიღი, როდესაც ბირჟა უნდა გაიხსნას და დროა, კერძო და სახელმწიფო სექტორი თამაშის წესებზე შევთანხმდეთ - მაია მელიქიძე
12.03.2026.19:20
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გამარტივდა, რაც სექტორში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ღიად განხილვას უწყობს ხელს.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მაია მელიქიძემ აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ესკო და სხვა დაინტერესებული მხარეები აქტიურად ერთვებიან შეხვედრებში, სადაც ენერგეტიკის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. მელიქიძის თქმით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მორიგი შეხვედრაც, სადაც მთავარი განხილვის თემა ელექტროენერგიის ბირჟა იქნება. ბირჟის ამოქმედება 2027 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი და სექტორისთვის გამჭვირვალე წესებისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა გახდეს.
„ფაქტია, რომ ენერგეტიკა წლების განმავლობაში უძრაობის ხანაში იყო და სამწუხაროდ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული ბაზარი, რომელსაც სექტორის წარმომადგენლები სპეკულაციურს უწოდებდნენ. დღეს უკვე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან მნიშვნელოვნად გამარტივდა, რაც არის მთავარი პოლიტიკის შემქმნელის დამსახურება, რადგან ეს პროცესი ჩვენ წინა წლის თებერვალში დავიწყეთ. ძალიან კარგად მახსოვს GREDA-ს ბორდის შეხვედრა ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, როდესაც პირდაპირ განვიხილეთ სექტორში არსებული პრობლემები, გამოწვევები და სირთულეები. ამას მოჰყვა შემხვედრი ნაბიჯები, რაც მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგით დასრულდა - სექტორის წარმომადგენლები პრობლემებზე ღიად ესაუბრებოდნენ, ყოველგვარი დაფარვისა და ოფიციალური კომუნიკაციის გარეშე.
საბოლოოდ, უკვე ორჯერ გაიმართა მაღალი რანგის შეხვედრები, სადაც არა მხოლოდ სამინისტრო იყო წარმოდგენილი, არამედ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც გადამცემ ქსელზე დიდი დატვირთვით მუშაობს, ესკო, როგორც ბაზრის კომერციული ოპერატორი, და GDF, სახელმწიფო ფონდი, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს. ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად ესწრებოდა პროცესს, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები.
მინდა დავაანონსო, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია მესამე შეხვედრა, სადაც მთავარ თემას, ელექტროენერგიის ბირჟას, განვიხილავთ. ბირჟის გახსნა ექვსჯერ გადაიდო, საბოლოო თარიღად კი 2027 წლის 1 ივლისი არის განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორი შეთანხმდნენ თამაშის წესებზე. ამ პროცესში საჭიროა კვალიფიციური ინვესტორების ჩართულობა, რათა საბოლოოდ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სწორად მოაზროვნე ინვესტორი და გაზრდილი გენერაციის ობიექტების რაოდენობა“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.