თხილისა და მოცვის ბაზრებზე კონკურენციის პრობლემა არ იკვეთება - ირაკლი ლექვინაძე
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თხილისა და მოცვის საექსპორტო ბაზრების მონიტორინგი ფერმერების ინიციატივით დაიწყო. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, ფერმერებს ჰქონდათ განცდა, რომ სეზონზე მათგან პროდუქციის შესყიდვის ფასი დაბალია, მაშინ როდესაც საექსპორტო ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ლეკვინაძის განმარტებით, კვლევის მიზანი იყო შეფასებულიყო, არსებობდა თუ არა ბაზარზე დომინანტი კომპანიები ან მცირე ჯგუფი, რომელსაც ფერმერებთან მოლაპარაკებებში განსაკუთრებული გავლენა ექნებოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ორივე მიმართულებით ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია და დაახლოებით 50-მდე ექსპორტიორი კომპანია ოპერირებს, რის გამოც არცერთი მსხვილი მოთამაშის წილი დომინანტობის ნიშნულს არ უახლოვდება. მისი თქმით, ფასებს შორის სხვაობა ძირითადად ტექნიკური და ხარისხობრივი პარამეტრებით არის განპირობებული და არა კონკურენციის პრობლემით.
„ეს ძალიან საინტერესო ბაზარია, ძირითადად ჩვენ შევაფასეთ აქ საექსპორტო ბაზრები, რადგანაც ორივე სფერო ძალიან დინამიურია და თავის დროზე ფერმერებმა მოგვმართეს ჩვენ ამ მონიტორინგის დაწყების ინიციატივით, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ განცდა და აღქმა, რომ სეზონზე ფასები არის შესასყიდი ფასები მათთგან ძალიან დაბალი და საექსპორტო ფასები შემდგომ განსხვავდებოდა ამ დინამიკისგან. ამიტომ ჩვენი მიზანი იყო შეგვეფასებინა - არის თუ არა ამ ბაზარზე ან დომინანტები ან გარკვეული კომპანიების მცირე ჯგუფი, რომლებსაც გააჩნიათ მოლაპარაკებებში ძალაუფლება ფერმერებთან მიმართებაში. თუმცა აღმოჩნდა, რომ როგორც ერთ ასევე მეორე მიმართულებით საკმაოდ ბევრი ექსპორტიორი კომპანია გვყავს - იქ დაახლოებით 50-მდეა ორივე შემთხვევაში და ეს დინამიკა სულ იცვლება. საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ყველაზე მსხვილი კომპანიების წილიც ახლოს არა არის დომინანტობის მაჩვენებელთან. და ფასთა შორის სხვაობები ძირითადად განპირობებულია სხვადასხვა ტექნიკური თუ ხარისხობრივი პარამეტრებით. ამიტომ აქაც ამ პროცესთან გვაქვს საქმე - არა კონკურენციაშია პრობლემა, არამედ უფრო სხვა ასე რომ ვთქვათ არსებულ საოპერაციო საკითხებთან.
ამიტომ ჩვენ ამ ბაზრის დაკვირვებას ვაგრძელებთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით მოცვის ბაზარი ძალიან დინამიურად მზარდია და მუდმივად ფერმერებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს გავუზიარებთ ინფორმაციას თუ რა ხდება ამ ნაწილში კონკურენციის კუთხით. მართლაც დინამიურია ამ კუთხით მოცვის ბაზარიც და კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია, რომ პროცესს ასე აკვირდებით, ვინაიდან არის საშუალება უფრო კვალიფიციური შეფასების ვითარების. აი დავაზუსტებ ერთ რამეს - აი თხილის ბაზარი გასული წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ საექსპორტო ღირებულება როგორც რაოდენობრივად ასევე ღირებულებით ჭრილში ძალიან გაზრდილია. და მოცვის ნაწილს თუ შევხედავთ - აქ ბოლო სამ-ოთხ წელიწადში თითქმის გაორმაგებასთან გვაქვს საქმე იმდენად უკვე ეს დინამიურად მზარდი სექტორია. ამიტომ ვფიქრობ რომ ამ დინამიური განვითარების ფონზე ალბათ ჩვენი შეფასებებიც მიეხმარება დაინტერესებულ მხარეებს გადაწყვეტილებების მიღებაში“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
სხვა სიახლეები
დღემდე 37 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული იმაში, რომ ქალაქს უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონდეს - რუსთავი მერი
13.03.2026.20:00
რუსთავში წყალგაყვანილობის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განხორციელდა GWP-ის ინვესტიციის საშუალებით. როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, 2021 წელს ქალაქში სასმელი წყლის და წყალარინების სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, რის შედეგადაც აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა კომპანიასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან. დღემდე 37 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის, რაც უზრუნველყოფს 24-საათიან წყალმომარაგებას, ხოლო წყალარინების პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა კვლავ გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ნინო ლაცაბიძე მონაწილეობდა ფორუმში, რომელიც რამდენიმე დღის უკან GWP-ის ორგანიზებით ჩატარდა.
„ფორუმი თავისთავად ძალიან საინტერესო ფორმატი იყო იმ ინფორმაციის და სამომავლო გეგმების გაზიარების, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იქ კითხვაც იყო დასმული, რომ როგორ შეაფასებთ იმ ინვესტიციას, რომელიც GWP-მ „აქვალიას“ სახით ინფრასტრუქტურაში განახორციელა. მე ჩემი ქალაქის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე მთავარი. 2021 წელს უმძიმესი პრობლემები დაიწყო, იმიტომ რომ იქამდე ინვესტიციების განხორციელება რეალურად არ ხდებოდა, არ ხდებოდა მილების გამოცვლა არც სასმელი წყლის მიმართულებით, არც წყალარინება იყო მოწესრიგებული და კრიზისი დაგვეწყო 2021 წელს. წარმოიდგინეთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ძალიან ბევრი ახალი პროექტი გვაქვს, ქალაქის ახალ განვითარებაზე ვსაუბრობთ და ამ დროს ქალაქში არ გაქვს წყალი - აბსოლუტურად აზრს კარგავს თითოეული პროექტი, რაშიც მთელ გულს და სულს ვდებდით. დავიწყეთ აქტიურად სემეკთან მუშაობა და სემეკთან დავაყენეთ საკითხი, რომ კომპანიას განესაზღვრა ის გეგმა და ეს გეგმა ყოფილიყო ჩვენთან შეთანხმებული და მას შემდეგ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. დღემდე 37 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული იმაში, რომ ქალაქს უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონდეს. შემდეგ უკვე გადავედით წყალარინების პრობლემებზე, რაც ასევე ქალაქის დაარსებიდან თითქმის შეუცვლელი იყო და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. და დღეს გვაქვს ხედვა, გვაქვს გეგმა და ვიცით, რომ წყალმომარაგების პრობლემა სრულად არ გადაჭრილა, თუმცა დღეს 24-საათიანი წყალმომარაგებაა, თუმცა ისევ ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას იმისთვის, რომ ეს გამოწვევა დავძლიოთ ერთხელ და სამუდამოდ, ქალაქი ამას აღარასდროს დაუბრუნდეს, გავაგრძელოთ ჩვენი პროექტები და ის გეგმები, რაც ქალაქის განვითარებისთვის გვაქვს“, - აღნიშნა რუსთავის მერმა.
ნინო ლაცაბიძის თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის და ინვესტორების თანხმობაში მოქმედება.
„იმდენად რთული ინფრასტრუქტურაა, იმდენად რთულია თვითონ პროცესი, ჩვენც ვცდილობთ ხოლმე რომ მოსახლეობასთან ავხსნათ, რომ ეს ერთ წელში და ორ წელში რომ არ გადაიჭრება, ძალიან კარგად გვაქვს დანახული. დღეს ყველაზე კარგი არის ის, რომ ჩვენს პროექტებთან ერთად პარალელურად მათ აქვთ უკვე გეგმა და ჩვენთან ერთად თანხვედრაშია მათი და ჩვენი პროექტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხშირად ვფერხდებოდით მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანიას არ ჰქონდა სახსრები გამოყოფილი და მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას ვერ ახერხებდა, ჩვენ გზას ვერ ვაგებდით და ამ ჭიდილში ვიყავით. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკება, თანამშრომლობა, საქმიანი ურთიერთობა კარგ ეტაპზეა, სემეკის ჩართულობით და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეფექტიანი იყოს ჩვენი თითოეული პროექტი“, - განმარტავს ლაცაბიძე.