თხილის ბაზარზე არ იკვეთება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები - GCCA
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) თხილის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
GCCA-ის შეფასებით, თხილის მთლიანი ბაზრის შემთხვევაში, 2021-2024 წლებში ექსპორტის მოცულობის კლების შემდეგ, 2025 წელს ექსპორტის ზრდა ფიქსირდება - 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობა 18%-მდეა გაზრდილი.
„დამატებით, მცირე კლება ფიქსირდება HHI ინდექსსა და წამყვანი კომპანიების საბაზრო წილებში. ამასთან, სახეზეა პროდუქტზე საშუალო ფასების ზრდის ტენდენცია: 2020-2022 წლებში საშუალო ფასის კლების შედეგად, ყველაზე დაბალი ფასი 2022 წელს - კგ-ზე 13 ლარამდე დაფიქსირდა. ექსპორტის ღირებულება 2024 წლისათვის 17 ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2025 წელს 1 კგ-ის ფასმა 23.4 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის 10 თვის მაჩვენებელთან შედარებით 35%-იანი ზრდაა.
სააგენტოს შეფასებით, თხილის ბაზარზე არ იკვეთება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები - ბაზრის ექსპორტის დონე ხასიათდება კონცენტრაციის დაბალი ხარისხით, ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტების სიმრავლით და ადგილი არ აქვს დომინანტურ მდგომარეობას“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი 2023 წელს დაიწყო. საქართველოდან თხილის ექსპორტი ყველაზე დიდი ოდენობით იტალიაში ხორციელდება, შემდეგ მოდის - გერმანია, ესპანეთი, სომხეთი და სხვ. GCCA-ი თხილის, ისევე როგორც სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრების მონიტორინგს განაგრძობს.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ
17.04.2026.12:07
აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს, მარნიქს ვან რეის შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და საფინანსო სექტორის ჯანსაღი მაჩვენებლები. ხაზი გაესვა საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრულ მონეტარულ პოლიტიკას, ასევე საფინანსო სისტემის მდგრადობას.
საუბარი შეეხო გლობალურ გამოწვევებს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს, რომლის ხანგრძლივობას გავლენა ექნება არსებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე.
თავის მხრივ, სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს წარმატებით ინარჩუნებს ჯანსაღ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ძლიერ ბუფერებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე გუნცაძე და გიორგი კაკაურიძე.
