მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.6
-0.0049
flag
AZN 1.5927
-0.0005
flag
CNY 37.788
-0.007
flag
EUR 3.1783
-0.0042
flag
GBP 3.645
-0.0227
flag
KZT 49.68
-0.0019
flag
TRY 0.0668
-0.0001
flag
USD 2.7086
-0.0008

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა: სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით

news image

წმინდა სავალუტო შემოდინებების ჩვენი ყოველთვიური შეფასება, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და ფულად გზავნილებს აერთიანებს, ივნისში კვლავ გაუმჯობესდა. ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ, როგორც ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ აღვნიშნეთ, სწორედ ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები წარმოადგენს ლარის მხარდამჭერი სამი მთავარი ფაქტორიდან ერთ-ერთს. ბალანსის გაუმჯობესება ასევე მიანიშნებს, რომ მეორე კვარტალში მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც, რომელიც პირველ კვარტალში, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, მშპ-ის 6.7%-მდე გაიზარდა. სავალუტო ნაკადების ყველაზე დიდი წყარო კვლავ ევროკავშირია, რომელზეც მეორე კვარტალში ჯამური შემოდინებების 20.3% მოდიოდა, ნაცვლად პირველი კვარტლის 21.7%-ისა. 

საკუთრივ ბალანსის გაუმჯობესება კი განპირობებულია როგორც უფრო ძლიერი სავალუტო შემოდინებებით, ასევე - შესუსტებული გადინებით. სახელდობრ, ივნისის მდგომარეობით, საგარეო ვაჭრობაში კვლავ ნარჩუნდება ბოლო თვეებისათვის დამახასიათებელი დინამიკა - ექსპორტი ძლიერი რჩება მეტწილად ავტომობილების რე-ექსპორტის ხარჯზე, ხოლო იმპორტის ზრდა სუსტია, მათ შორის სწორედ ავტომობილების შემცირებული იმპორტის შედეგადაც. კერძოდ, აშშ დოლარში გამოხატული საქონლის ექსპორტი ივნისში წლიურად 10.4%-ით გაიზარდა (წლის პირველ 6 თვეში ზრდა - 13.7%), ხოლო იმპორტი - მხოლოდ 0.9%-ით (5.8%-ით 6 თვეში, იანვრის ერთჯერადი ფაქტორის გამორიცხვით).

ავტომობილების რე-ექსპორტისა და იმპორტის ურთიერთსაპირისპირო დინამიკას სავარაუდოდ ხელს უწყობს ქვეყანაში საექსპორტოდ შემოტანილი ავტომობილების მოცულობითი მარაგის დაგროვებაც, რომელიც ნაწილობრივ მაინც აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნას. ამ ფონზე, წლიურად შემცირება ფიქსირდება ადგილობრივი ექსპორტის ისეთ ტრადიციულად მნიშვნელოვან კატეგორიებში, როგორებიცაა ღვინო და ფერო-შენადნობები, თუმცა, ადგილობრივი ექსპორტი წლის პირველ 6 თვეში მაინც გაიზარდა 6.4%-ით, რაშიც ძირითადი წვლილი ძვირფასი ლითონების, ბოსტნეულის, ხილის, თხილეულის, მინერალური წყლებისა და გამაგრილებელი სასმელების გაზრდილმა ექსპორტმა შეიტანა.

გაუმჯობესება გრძელდება ფულადი გზავნილების დინამიკაში, რომელიც ივნისში 12.2%-ით გაიზარდა. გზავნილებში ევროკავშირის წილი ბოლო 12 თვის განმავლობაში თითქმის უცვლელად ნარჩუნდება ისტორიულ მაქსიმუმზე და 46%-ს უტოლდება. ასევე პიკზეა შემოდინებების წილი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, საიდანაც საქართველო გზავნილების თითქმის 19%-ს იღებს. 2022 წლიდან მზარდი ტენდენციით ხასიათდება ისრაელიც, თუმცა მეორე კვარტალში ამ ქვეყნიდან მიღებული შემოდინებების წილი მარტში დაფიქსირებული 8.8%-დან 7.6%-მდე შემცირდა. რაც შეეხება რუსეთს, წილი ფულად გზავნილებში მიმდინარე წლის იანვარში ისტორიულ მინიმუმამდე - 10.5%-მდე შემცირდა, ხოლო, ივნისის მდგომარეობით, მცირედით გაიზარდა და 13.0%-ს მიაღწია.

ამავდროულად, ტურიზმიდან შემოსავლების წლიურმა ზრდამ მეორე კვარტალში 5% შეადგინა, რაც პირველი კვარტლის მაჩვენებელს მცირედით აღემატება (2.3%), ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან გარკვეული დროებითი უარყოფითი ეფექტის მიუხედავად. მათ შორის, ევროკავშირიდან შემოსავლებმა მთლიან ზრდაში 3.3 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, მეორე კვარტალში ევროკავშირის წილმა ტურიზმიდან ჯამურ შემოსავლებში 15.2%-ს მიაღწია, რაც 2021 წლის მე-3 კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სიდიდით მეორე იყო წლიურ ზრდაში კონტრიბუცია ისრაელიდან, მიუხედავად იმისა, რომ, სეზონურად შესწორების შემთხვევაში, ისრაელიდან შემოსავლები პირველ კვარტალთან შედარებით მცირედით შენელდა. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის რეალურ დროში შეფასება, რომელიც შეზღუდული ხანგრძლივობისა და მასშტაბის ეფექტზე მიუთითებდა, კვლავ ძალაში რჩება: არარეზიდენტების უნაღდო ხარჯები ტურისტულ კატეგორიებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდგომ ზრდის ტენდენციით ხასიათდება, ხოლო ისრაელიდან Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ ძებნათა სიხშირე, კონფლიქტის პერიოდში ვარდნის შემდეგ, თვალსაჩინოდ გაიზარდა და ივლისში ბოლო ოთხი თვის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. ზრდაში კონტრიბუციების კუთხით, აგრეთვე გამოვყოფთ აზერბაიჯანს, ხოლო, საპირისპიროდ, კლების კუთხით ყველაზე დიდი წილი რუსეთსა და თურქეთზე მოდიოდა. მართალია, ოფიციალური მონაცემები მხოლოდ კვარტალური სიხშირითაა ხელმისაწვდომი, მაგრამ ჩვენი საპროგნოზო მოდელის თანახმად, ივნისში ტურიზმიდან ჯამური შემოსავლები, სეზონურად შესწორების შემთხვევაში, თვიურად თითქმის უცვლელი იყო, თუმცა ივლისში უფრო მზარდი ტენდენცია იკვეთება. 

გარდა უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინებისა, ლარის მხარდამჭერი სხვა ფაქტორების კუთხით, აღსანიშნავია, რომ აშშ დოლარი მსოფლიო ბაზარზე კვლავ სუსტი რჩება, ხოლო დეპოზიტების უკან ლარში კონვერტაციების მიმდინარე დინამიკა ივლისში შედარებით შერეულ სურათს აჩვენებს. პარალელურად, ჩვენი შეფასებით, სებ-მა ივნისში, წინა თვეების მსგავსად, საკმაოდ დიდი მოცულობით აშშ დოლარი შეიძინა და ამავე მიმართულებით ინტერვენციებს ივლისშიც განაგრძობს. 

რაც შეეხება უახლეს ინდიკატორებს, ჯამური უნაღდო დანახარჯები ივნისსა და ივლისში დაახლოებით ერთ დონეზე ნარჩუნდება, რამაც, ზედიზედ სამთვიანი მატების შემდეგ, წლიური ზრდის შენელება გამოიწვია. დინამიკა მსგავსია მიგრანტების დანახარჯების კუთხითაც, ხოლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, არარეზიდენტების ხარჯვაში, რომელიც ტურისტული შემოსავლების რეალურ დროში შეფასებისთვის გამოიყენება, ივლისში გაუმჯობესება ფიქსირდება.

გასული თვეების ტენდენციები მეტწილად ნარჩუნდება სამომხმარებლო ფასების დინამიკაშიც. ინფლაცია კვლავ მზარდია და ივნისის მდგომარეობით წლიურად 4.0%-ს უტოლდება. აჩქარება შეინიშნება წინა თვესთან შედარებითაც, თუმცა ეს მაჩვენებელი დიდწილად მოლოდინების შესაბამისია. ფასების ზრდის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად კვლავ სურსათი რჩება, მაგრამ ივნისში შედარებით მაღალი იყო მომსახურების ინფლაციაც. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ ივლისსა და აგვისტოში ამოიწურება ინტერნეტის გადასახადის კლების ეფექტიც, რომელიც ჯამურ ინფლაციას დაახლოებით 0.4 პროცენტული პუნქტით ამცირებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფასების ზრდა სამომხმარებლო კალათაში შემავალი კატეგორიების უმეტესობაში ფიქსირდება და არაა განპირობებული რომელიმე ცალკეული საქონლისა თუ მომსახურების გაძვირებით. ამასთან, შერეული წარმოების საქონლის ინფლაცია ივნისში 7.2%-ია, ხოლო ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ინფლაცია - 5.2%, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს. შესაბამისად, რომ არა იმპორტული კატეგორიის დაახლოებით 2%-იანი დეფლაცია, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ნავთობის გლობალურად გაიაფებას შეაქვს, სამომხმარებლო ფასების ზრდა კიდევ უფრო გამოკვეთილი იქნებოდა. ამ ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ინფლაცია სულ უფრო მეტადაა განპირობებული ადგილობრივი ფაქტორებით, ეს კი, მათ შორის, ივნისში გაზრდილ მომსახურების ინფლაციაში აისახა, რაც გასაკვირი არ არის, ეკონომიკურ აქტივობასთან ისტორიულად ყველაზე მაღალი კორელაციის გათვალისწინებით.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007037-macro-update-georgia

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image II კვარტალში 7 261 მართვის მოწმობა გაიცა, ხოლო 6 თვეში 13 409

26.07.2025.03:32

2025 წლის 6 თვეში 13409 ერთეული მართვის მოწმობა გაიცა, რომლის 54%-იც მიმდინარე წლის მეორე კვარტალზე მოდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით ირკვევა, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში 7261 ერთეული მართვის მოწმობა გაიცა, 2025 წლის პირველ კვარტალში კი 6148 ერთეული.

მეორე კვარტალში გაცემული მართვის მოწმობების მფლობელთა ასაკი 16 წლიდან იწყება და 70 წელს აღწევს. უფრო კონკრეტულად იმ პირთა შორის, ვინც მეორე კვარტალში მართვის მოწმობები მიიღო 2 პირი 70 წლისაა.

​არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით მეორე კვარტალში ყველაზე მეტი მართვის მოწმობა თბილისშია გაცემული, შემდეგ მოდის აჭარა და ქვემო ქართლი. 

სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად:

კატეგორია "AM"
მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი;
მოპედი: ორ-ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ორთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძრავის ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ3 -ს; სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე უნდა აღემატებოდეს 1 კვტ-ს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს.
მსუბუქი კვადროციკლი: ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ3 -ს; ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტს; ოთხთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ამ პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი მასა (ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აკუმულატორის მასის ჩაუთვლელად) არ უნდა აღემატებოდეს 350 კგ-ს.

 "AM" კატეგორიის მიღების წესი
კატეგორია  "A"
 
მოტოციკლი;
 
 "A" კატეგორიის მიღების წესი
კატეგორია  "B"
ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1” ქვეკატეგორიას ან „A” კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, არ აღემატება 8-ს. აგრეთვე „B” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს;
 "B" კატეგორიის მიღების წესი
კატეგორია  "C"
ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1” ან „D” კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე „C” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
 "C" კატეგორიის მიღების წესი
კატეგორია  "D"
ავტომობილი, რომელიც მგზავრთა გადასაყვანადაა განკუთვნილი და რომლის დასასხდომი ადგილები, მძღოლის ადგილის გარდა 8-ს აღემატება, აგრეთვე „D” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს არ აღემატება;
 
 "D" კატეგორიის მიღების წესი
კატეგორია  "BE"
"B" კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, აგრეთვე „B” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს;
"BE" კატეგორიის მიღების წესი

 კატეგორია  "CE"

"C"კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
 
"CE" კატეგორიის მიღების წესი
 
კატეგორია  "DE"
"D" კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
"DE" კატეგორიის მიღების წესი
კატეგორია  "T"
სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
 
"T" კატეგორიის მიღების წესი
კატეგორია "S"
საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, აგრეთვე „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
 
"S" კატეგორიის მიღების წესი

 "A,B,C,CE,D,DE"- კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:
ქვეკატეგორია  "A1"
 
მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი);
 
"A1" ქვეკატეგორიის მიღების წესი
ქვეკატეგორია "A2"

მოტოციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი 0,2 კვტ/კგ-ს;

 

"A2" ქვეკატეგორიის მიღების წესი
ქვეკატეგორია  "B1"
 
მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი;
 
"B1" ქვეკატეგორიის მიღების წესი
ქვეკატეგორია  "C1"
ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
"C1" ქვეკატეგორიის მიღების წესი
ქვეკატეგორია  "D1"
მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
 
"D1" ქვეკატეგორიის მიღების წესი
ქვეკატეგორია  "C1E"
„C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს;
"C1E" ქვეკატეგორიის მიღების წესი
ქვეკატეგორია  "D1E"
„D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.
 
"D1E" ქვეკატეგორიის მიღების წესი

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა