მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - სადამდე გამყარდება ლარი?

news image

17 თებერვლის შემდგომ, აშშ დოლართან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.68-ის ნიშნულს ჩამოსცდა, რაც ბოლოს 2024 წლის მაისში  დაფიქსირდა. ლარის გამყარების ტენდენცია გასული წლის პირველ ნახევარში გამოიკვეთა, შემდგომ მეტნაკლებად დასტაბილურდა, მიმდინარე წელს კი - განსაკუთრებით თებერვლიდან - გარკვეულწილად კვლავ აჩქარდა. მოკლევადიან პერიოდში ლარის გამყარების დინამიკა ჩვენს მოლოდინებს შეესაბამება, რაზეც წინა მაკროეკონომიკურ განახლებაში გვქონდა საუბარი. აღნიშნულის ფონზე, როგორც პუბლიკაციის შემდგომი გამოხმაურებები მოწმობს, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური შეკითხვაა: სადამდე გამყარდება ლარი? 

სანამ უშუალოდ პასუხზე გადავალთ, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის კარგად ცნობილი მიმდინარე გარემო და ლარზე მოქმედი ფაქტორების უახლესი დინამიკა:

• აშშ დოლარის გაუფასურება გლობალურ ბაზრებზე - 2025 წლის დასაწყისიდან აშშ დოლარი როგორც ევროსთან, ასევე უფრო ფართო მასშტაბით, მნიშვნელოვნად გაუფასურდა. მიმდინარე წელს - მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი შეფასებით, აშშ დოლარი ევროსთან მიმართებით ჯერ კიდევ გრძელვადიან წონასწორულ ნიშნულზე ძლიერი რჩება - აშშ დოლარის დამატებით მნიშვნელოვანი გაუფასურება საბაზო სცენარს არ წარმოადგენს. კერძოდ, ჩვენი პროგნოზით, ევრო/აშშ დოლარის გაცვლითი კურსი წლის ბოლოსთვის 1.22-ს მიაღწევს. ამდენად, ეს ფაქტორი ლარზე მხოლოდ მცირედით დადებითად იმოქმედებს.

• ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები - ერთი მხრივ, საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან გაზრდილი შემოდინებებისა და, მეორე მხრივ, იმპორტის ზრდის შენელების ფონზე, 2025 წელს საქართველოში წმინდა სავალუტო შემოდინებები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისში სავალუტო შემოდინებები ძლიერი რჩება, რაც ლარის მხარდამჭერი ფაქტორია.

• დეპოზიტების ლარიზაცია - 2024 წელს სენტიმენტების გაუარესების ფონზე დეპოზიტების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში დაკონვერტირდა, 2025 წელს კი აღნიშნული კონვერტაციების საპირისპირო მიმართულებით შემოტრიალებამ ლარის მხარდამჭერი გარემოს ჩამოყალიბების კუთხით ერთ-ერთი საკვანძო როლი შეასრულა. ამავდროულად, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, დღიურ შეფასებაზე დაყრდნობით, ლარიზაცია თითქმის უცვლელია, მცირედით შემცირებულიც კი, რაც ჩვენს პროგნოზებთან თანხვედრაშია. ამდენად, მოლოდინების შესაბამისად, 2026 წელს კონვერტაციების ეფექტი უკვე თითქმის ამოწურულია.

• გაზრდილი წლიური ინფლაცია - მკითხველისთვის ცნობილია, რომ, მაგალითად, აშშ-ში, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია, როგორც წესი, აშშ დოლარის გამყარებას იწვევს. მსგავსი პრინციპია საქართველოს შემთხვევაშიც - ინფლაციის ზრდა უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას მოიაზრებს, რაც, შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთის უფრო გვიან შემცირებაში ან გაზრდაშიც კი გამოვლინდეს. აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა. 

მოცემული ფაქტორებიდან ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით ყველაზე მეტად ინფლაციის აჩქარება მოქმედებს.  მართალია, იანვარში ფასების ზრდა დიდწილად სურსათის ქვეჯგუფში იყო კონცენტრირებული, თუმცა აღმავალ დინამიკას სამომხმარებლო კალათის ცალკეული პროდუქტები არ განაპირობებდა. შესაბამისად, გაცვლით კურსსა და ინფლაციას შორის მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, გარკვეულწილად მაგრამ მაინც, ეს მიმდინარე პერიოდში ლარის უფრო მეტად გამყარების არგუმენტია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებული რჩება.

ამდენად, დავუბრუნდეთ მთავარ შეკითხვას - სადამდე გამყარდება ლარი? პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, გაცვლით კურსზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებს უნდა დავეყრდნოთ. თიბისი კაპიტალის მოკლე და გრძელვადიანი წონასწორობის მოდელების ერთობლიობით, ლარი, დღევანდელი მდგომარეობით, წონასწორულ ნიშნულთან შედარებით, დაახლოებით, 5 თეთრით ზედმეტად არის გაუფასურებული. რასაკვირველია, ეს გამყარების ზუსტ პროგნოზს არ წარმოადგენს, თუმცა მაკროეკონომიკური კუთხით სასარგებლო საორიენტაციო წერტილია, რომლისკენაც, სხვა თანაბარ პირობებში, ლარი მიისწრაფვის. 

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ, ჩვენი შეფასებით, თებერვალში სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა მნიშვნელოვნად არის აჩქარებული და, არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, 2025 წლის ივლისის რეკორდულად მაღალ შესყიდვებსაც გადააჭარბოს. ვინაიდან მსგავსი მასშტაბის ინტერვენციების მიუხედავად ლარი მაინც მყარდება, ეს ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდების მნიშვნელოვან სიჭარბეზე მიუთითებს.

საერთო ჯამში, მოკლევადიან პერიოდში ლარის გამყარების არგუმენტები საკმაოდ ძლიერია, თუმცა, ჩვენი შეფასებით, გამყარების მასშტაბი შედარებით მოზომილი იქნება. ამავდროულად, 2026 წლის ბოლოსთვის კვლავ ლარის მცირედი გაუფასურებაა მოსალოდნელი, რადგან საბაზო სცენარად საგარეო ბალანსის გარკვეული გაუარესება და ინფლაციის შენელება რჩება. აუცილებლად გასათვალისწინებელია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გაზრდილი ალბათობაც - კონფლიქტის დასრულების სცენარში საქართველოს ეკონომიკაზე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხრივ მრავალი ფაქტორი იმოქმედებს, თუმცა წმინდა ეფექტი, ჩვენი შეფასებით - რაც, შესაძლოა, მიმდინარე მდგომარეობით, საბაზრო კონსენსუსი არ არის - გარკვეულწილად მაინც უარყოფითი იქნება. თავისთავად, მნიშვნელოვანია ისეთი დროებითი ფაქტორების გათვალისწინებაც, როგორიცაა 2025 წლის ბოლოსთვის ავტომობილების წმინდა ექსპორტის გაუმჯობესება. ამდენად, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მიმდინარე პერიოდში სავარაუდოდ მცირედით გამყარების შემდეგ, წლის ბოლოსათვის ასევე ზომიერი, მაგრამ გაუფასურება კვლავ ჩვენი საბაზო სცენარია.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე:

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007357-macro-update-georgia

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას - თამარ იოსელიანი

16.04.2026.21:51

„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტია, რაშიც, მისი შეფასებით, დასასვენებელი თუ სამკურნალო რესურსების გარდა დიდი როლი აქვს მის სამეცნიერო მნიშვნელობას, ეს ყველაფერი ერთად კი უნიკალურ გარემოს ქმნის. ამასთან, თამარ იოსელიანი აქცენტს აკეთებს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსთან დაკავშირებით არსებულ გლობალური ტურიზმის ტენდენციებზე.

„გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალი მოთხოვნაა ეკოლოგიურად ჯანსაღ, მშვიდ გარემოზე, და შესაბამისად, იმ კურორტებზე, რომლებიც ვიზიტორებს სწორედ ასეთ გარემოს სთავაზობს. ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რაც მას კიდევ უფრო ღირებულ ტურისტულ ლოკაციად აქცევს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, აბასთუმნის კურორტის მაღალ ღირებულებას კიდევ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა უზრუნველყოფს - მისი კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, მინერალური წყლები, ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე. თამარ იოსელიანის განცხადებით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე,  კურორტის შემდგომი,  კომპლექსური განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ამ მიზნით აქტიურად ვმუშაობთ - სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესი მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან და დაბალანსებულ განვითარებას, რაც მის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის " - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აბასთუმნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობაზე - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაზე, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს, მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტია და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე.მისი თქმით, ცვლილება ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვების ხარისხი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა