ბიზნეს საქმიანობის გარდა, თიბისი კაპიტალს, როგორც წამყვან საინვესტიციო ბანკს, საკუთარ თავზე აღებული გვაქვს ბაზრის განვითარების პასუხისმგებლობა - ოთარ შარიქაძე
2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან ტენდენციას დაუახლოვდება და დაახლოებით 4.5%-ს შეადგენს - ასეთია თიბისი კაპიტალის პროგნოზი, სადაც მთავარ გარე ფაქტორად კვლავ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების დრო და პირობები სახელდება. პარალელურად, თიბისი კაპიტალი კაპიტალის ბაზარზე ლიდერის პოზიციის გაძლიერებას, საერთაშორისო ინვესტორებთან თანამშრომლობის გაფართოებასა და რეგიონული ფინანსური ჰაბის ფორმირებაში საქართველოს როლის განმტკიცებას გეგმავს.
უფრო დეტალურად თიბისი კაპიტალის დირექტორი ოთარ შარიქაძე Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
როგორი შეფასება აქვს თიბისი კაპიტალს 2026 წლის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან მიმართებაში? რა გამოწვევებს ხედავთ 2026 წელს ქართული ეკონომიკისთვის?
თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისთვის მთავარი გარე ფაქტორი კვლავ რუსეთ–უკრაინის ომია. მნიშვნელოვანია, როგორ და რა პირობებით დასრულდება მიმდინარე მოლაპარაკებები.
ომის დასრულების შემთხვევაში, შესაძლებელია 2022 წლიდან გაზრდილი სავაჭრო ნაკადების ნაწილობრივი შემცირება, თუმცა ამ სცენარს თან ახლავს მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტებიც: რეგიონში ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, გეოპოლიტიკური რისკების შემცირება, ფართო მოხმარების საქონელზე ფასების შესაძლო კლება და ევროს გამყარება, რაც ლარისთვის პოზიტიურია.
შიდა ფაქტორების მხრივ, 2024–2025 წლებში ეკონომიკური ზრდა დიდწილად მოხმარებაზე იყო დაფუძნებული და ეს ტენდენცია 2026 წელსაც შენარჩუნდება. ამასთან, გასულ წლებში ზრდა სექტორულად შედარებით კონცენტრირებული იყო - ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე განათლების სექტორებზე მთლიანი ზრდის თითქმის ნახევარი მოდიოდა.
ჯამურად, შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან ტენდენციას დაუახლოვდება და დაახლოებით 4.5% იქნება. პროგნოზზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის დრო და პირობები.
2026 წელს რომელ სექტორებში ხედავთ ზრდის პოტენციალს?
2026 წელს რამდენიმე სექტორი გამოირჩევა, სადაც ბრუნვების ორნიშნა ზრდას ველოდებით. ერთ-ერთი ასეთია ენერგეტიკა - მზარდი მოთხოვნის ფონზე, ზრდას ხელს შეუწყობს როგორც საბალანსო ფასის ზრდის მოლოდინი, ასევე ახალი გენერაციის ობიექტების ქსელში ჩართვა.
დადებითი მოლოდინებია ტურიზმთან დაკავშირებულ დანახარჯებზეც. ტურისტების ხარჯების ზრდა, ადგილობრივი მოსახლეობის მოხმარების პარალელურად, განსაკუთრებით შეუწყობს ხელს საცალო სამომხმარებლო სექტორებს, მათ შორის: სარესტორნო ბიზნესს და ტანსაცმლისა და აქსესუარებით ვაჭრობას.
როგორ შეაფასებდით თიბისი კაპიტალის საქმიანობას 2025 წელს? რა ტენდენციები გამოიკვეთა წლის განმავლობაში, რაც ყველაზე მეტი გავლენა იქონია კომპანიის ზრდასა და საქმიანობაზე?
2025 წელი გამოწვევებით იყო სავსე, თუმცა წელი წარმატებულად ჩავხურეთ ყველა მიმართულებით. კაპიტალის ბაზარზე ლიდერობა შევინარჩუნეთ - გასულ წელს მთლიანობაში 1.7 მილიარდი ლარის ადგილობრივ კერძო და საჯარო ემისიებში ვიყავით ჩართული და წელი 53.7%-იანი ლიდერობით დავასრულეთ. მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო განთავსებებში და ჩვენს კლიენტებს გლობალური მასშტაბირების საშუალება მივეცით. მათ შორის იყო „სილქ როუდ ჯგუფის“ 400 მილიონი დოლარის ევრობონდების გამოშვება, ასევე თიბისის ევრობონდებისა და Global Note-ების ემისიები. უზბეკეთის ბაზარზე კი უზბეკურ სუმში დენომინირებული ობლიგაციები გამოვუშვით.
მნიშვნელოვანი სიახლეები და შედეგები გვქონდა ინვესტიციების მიმართულებითაც: 2025 წელს მობაილ ბანკში ინვესტორების რაოდენობა 55%-ით გავზარდეთ, შედეგად, ინვესტირების ალტერნატიული წყაროს უკვე 143 ათას ადამიანს ვთავაზობთ. მობაილ ბანკში მათ მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა 100 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ერთ წელში 130%-ზე მეტი ზრდაა. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავანახეთ საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობის სარგებელი და დავარწმუნეთ, რომ ინვესტირებისთვის არ არის საჭირო დიდი თანხა - ეს ერთი დოლარითაც შესაძლებელია.
2025 წელი საინტერესო იყო შერწყმა/შეძენის გარიგებებითაც. სწორედ თიბისი კაპიტალის ჩართულობით მოხდა საქართველოს სტუმარმასპინძლობის ბაზარზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრანზაქცია და „რუმს კოხტა ბაკურიანის“ შენობა „აჭარა ჯგუფისგან“ „სილქ როუდ ჯგუფმა“ შეიძინა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ტრანზაქციები უზბეკეთის ბაზარზეც შევასრულეთ - თიბისი ჯგუფს 57 მილიონი დოლარის მოცულობის 2 კომპანიის შესყიდვაში დავეხმარეთ, რაც ასევე უდიდესი გამოცდილება იყო ჩვენთვის.
73%-ით გავზარდეთ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციების გამომწერთა რიცხვი და მოვიპოვეთ არაერთი საერთაშორისო ჯილდო და აღიარება: საერთაშორისო გამოცემებისგან - Global Finance და Euromoney - ამ შედეგებმა საშუალება მოგვცა, მიმდინარე წელს ამბიციური გეგმები დაგვესახა.
როგორ შეაფასებდით საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესს ბოლო წლების განმავლობაში? რა როლი ჰქონდა ამ ნაწილში თიბისი კაპიტალს და რა მოლოდინები მოლოდინები გაქვთ 2026 წლისთვის?
ბოლო წლებში საქართველოს საჯარო კორპორატიული სასესხო ფასიანი ქაღალდების ბაზარი საკმაოდ კარგ ზრდას აჩვენებს - 2020-2025 წლებში ბაზარი ყოველწიურად საშუალოდ 29%-ით იზრდებოდა; 2025 წლის ბოლოს კი 2.9 მლრდ. ლარს მიაღწია.
თიბისი კაპიტალს, როგორც კაპიტალის ბაზრის ლიდერს, დიდი წვლილი შეაქვს ბაზრის განვითარებაში. გასულ წელი ადგილობრივი საჯარო ობლიგაციების ბაზრისთვის რეკორდული იყო. სულ 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის საჯარო ობლიგაციები განთავსდა, ტრანზაქციების უდიდეს ნაწილში თიბისი კაპიტალი ჩართული იყო. შედეგად, 2025 წლის განმავლობაში 9 კომპანიას 1.1 მლრდ ლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვებაში დავეხმარეთ.
ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგია, რომ ბაზარზე ახალი ემიტენტებიც გამოჩნდნენ. სწორედ გასული წლის ბოლოს კომპანია
„ნოვას“ სადებიუტო ობლიგაციების გამოშვებასა და საკრედიტო რეიტინგის მოპოვებაში დავეხმარეთ.
ბაზარს მრავალფეროვან სერვისებს ვთავაზობთ და ამასთან ერთად, ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ბაზრის განვითარებისთვის. მაგალითად, სწორედ თიბისი კაპიტალის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველი საერთაშორისო კონფერენცია 2024 წელს, რომელშიც მსოფლიოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები მონაწილეობდნენ. ასევე, გასულ წელს გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებთან - Fitch Ratings და Scope Group - პარტნიორობით გავმართეთ ღონისძიება კაპიტალის ბაზრის მონაწილეებისთვის. ამ ნაბიჯებით ვზრდით ინტერესს საქართველოს მიმართ და ბაზრის განვითარებას ვუწყობთ ხელს.
რა ტიპის თანამშრომლობა არსებობს თიბისი კაპიტალსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის, როგორია პორტფელი და რა პროექტებზე იმუშავებს თიბისი კაპიტალი სამომავლოდ? იგეგმება თუ მათთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება?
თიბისი კაპიტალი კლიენტებს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს, მათ შორის, ეხმარება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობაში. სწორედ ჩვენი ჩართულობით 2025 წელს სამმა ემიტენტმა შეძლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სტრატეგიულ ინვესტორებად მოზიდვა.
თიბისი კაპიტალი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან სხვა მიმართულებებშიც. გასულ წელს მემორანდუმი გავაფორმეთ აზიის განვითარების ბანკთან (ADB). მემორანდუმის ფარგლებში, 2025-2028 წლის პერიოდში, ADB საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტებისთვის 150 მილიონ აშშ დოლარამდე დაფინანსებას გამოყოფს. თიბისისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით კი, დამატებით გათვალისწინებულია 150 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა. დაფინანსება განხორციელდება პირდაპირი სესხებისა და ბონდების გამოშვებით. შედეგად, ორივე ქვეყანაში მარტივდება დაფინანსებაზე წვდომა.
რა არის თიბისი კაპიტალის სტრატეგიული მიზნები 2026 წლისთვის?
ბიზნეს საქმიანობის გარდა, თიბისი კაპიტალს, როგორც წამყვან საინვესტიციო ბანკს, საკუთარ თავზე აღებული გვაქვს ბაზრის განვითარების პასუხისმგებლობა. და ვფიქრობ, ამას წარმატებულად ვახერხებთ როგორც საქართველოს, ისე უზბეკეთის ბაზრებზე.
მომდევნო წლის სტრატეგიული მიზანიც ეს არის - საქმიანობის გაფართოება და ბაზრის განვითარებაზე ზრუნვა.
2026 წელს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება კაპიტალის ბაზრის მეორე საერთაშორისო ღონისძიება, რომელსაც თიბისი კაპიტალი 24 მარტს თბილისში გამართავს.
გამოცდილება და ჩვენს მიმართ არსებული ნდობა გვაძლევს საშუალებას კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩავატაროთ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ისეთი დიდი გლობალური ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, Oppenheimer და ა.შ. ამასთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ინვესტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები გლობალურ ფინანსურ ტენდენციებზე; წელს უფრო ფართო მასშტაბზე გავდივართ და საქართველოსთან ერთად განხილული იქნება უზბეკეთის კაპიტალის ბაზრების განვითარების პერსპექტივებიც; ასევე, წარმოდგენილი იქნება ინვესტირების ალტერნატიული შესაძლებლობები. პარალელურად გაიმართება B2B შეხვედრები, რაც გამოცდილების გაზიარებისა და ახალი საერთაშორისო კავშირების დამყარების კარგი შესაძლებლობაა.
ჩვენი მიზანია, კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენცია სექტორისთვის იქცეს ყოველ წელს კალენდარში მოსანიშნ ღონისძიებად და მასშტაბები კიდევ უფრო გაფართოვდეს.
ამ ნაბიჯებით კი ხელს შევუწყობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას და საქართველოს, რომ ჩამოყალიბდეს რეგიონულ ცენტრად ფასიანი ქაღალდების ბაზარზე.
რა გეგმები აქვს თიბისი კაპიტალს 2026 წელს რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად?
კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენციასთან ერთად, რომელიც რეგიონში მთავარი სექტორული ღონისძიებაა, თიბისი კაპიტალი, როგორც რეგიონული მოთამაშე, აქტიურად ფართოვდება უზბეკეთში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს კლიენტებს ინვესტირების კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობას ვთავაზობთ.
გასული წლის ბოლოს გავხდით პირველი საერთაშორისო კომპანია, რომელიც უზბეკეთის საფონდო ბირჟის წევრი გახდა, რაც მომხმარებლებს ამ ბაზარზე ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს.
როგორც ერთადერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, თიბისი კაპიტალი აკავშირებს უზბეკეთის კაპიტალის ბაზარს საერთაშორისო ინვესტორებთან.
უზბეკეთის ბაზრის მიმართ მზარდი საერთაშორისო ინტერესი კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს როლს და ხსნის ახალ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ახალი ემისიების მიმართულებით.
კაპიტალის ბაზარზე აქტივობის პარალელურად ჩართული ვართ შერწყმა/შეძენის ტრანზაქციებში და ამ მიმართულებით გაფართოებას კიდევ ვგეგმავთ.
თიბისი კაპიტალი 2026 წლისთვის მიზნად ისახავს საქმიანობისა და საერთაშორისო აქტივობების გაფართოებას, რეგიონული კაპიტალის ბაზრების განვითარებაში ლიდერის როლის განმტკიცებას და ახალი ინვესტირების შესაძლებლობების შექმნას. წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და ბაზრის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები საშუალებას აძლევს კომპანიას 2026 წელს კიდევ უფრო გააძლიეროს პოზიცია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ასევე ხელი შეუწყოს კაპიტალის ბაზრის სტაბილურ ზრდას, ინოვაციებისა და გლობალური გამოცდილების ინტეგრაციას.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
02.02.2026.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1903 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6902 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6902 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6908 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1903 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2088 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0185 ლარი შეადგინა.