ტექნოლოგიური გადაიარაღების, ინდუსტრიებისა და სექტორების ზრდის ფონზე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაიზრდება - ლევან ვეფხვაძე
ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და ინდუსტრიებისა და სექტორების ზრდის ფონზე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაიზრდება, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
ლევან ვეფხვაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის მიერ ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მხოლოდ საქართველოს ბანკში 700 მლნ ენერგეტიკული პროექტების დაფინანსებაზეა განაცხადი შესული.
„700 მილიონით რომ დავიწყოთ, ეს არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ბანკის წილი. ექსტრაპოლაციით თუ ვიმსჯელებთ, დღეს უნდა ვისაუბროთ დაახლოებით 1,5 მილიარდ ლარზე, რაც პოტენციურად პროექტებში შეიძლება იყოს. თუმცა, ეს არის ალბათ მხოლოდ ნახევარი ან მესამედი იმისა, რაც ჩვენი 4000-მეგავატიანი სამიზნე მაჩვენებლის განსახორციელებლად გვჭირდება.
700 მილიონი თავისთავად ძალიან მაღალი რიცხვია და ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, მაგრამ მოდით, საკითხს ასე შევხედოთ: რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს 700 მილიონი გახდეს 1,5 მილიარდი ან 2 მილიარდი? 700 მილიონი ან 1,5 მილიარდიც კი არ ეყოფა იმ 4000 მეგავატის იმპლემენტაციას, რომელიც ქვეყანას სჭირდება. შესაბამისად, უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ მოცულობის გასაორმაგებლად და გასასამმაგებლად“, - აღნიშნა ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ლევან ვეფხვაძის თქმით, ეკონომიკური ფორუმის ფორმატი, ქმნის ადეკვატურ სივრცეს ღია დისკუსიისთვის, სადაც შესაძლებელია როგორც კერძო სექტორის, ისე სამინისტროს მხრიდან კონკრეტული პოზიციების გაცვლა და უკუკავშირის მიღება. მისივე ეფასებით, ფორუმზე გაჟღერებული სამუშაო რეჟიმის ფორმატში არაერთი მნიშვნელოვანი, მათ შორის ინოვაციური მოსაზრება გამოითქვა, რომელიც მომავალში შესაძლოა ენერგეტიკული პროექტების, განსაკუთრებით ჰიდროელექტროსადგურების განვითარების ტემპებზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე იყოს.
„ალბათ უნდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში ტექნოლოგიების მიმართ შედარებით ნეიტრალური ვარ. შეიძლება ერთს ჰქონდეს ერთი პროექტი, მეორეს მეორე, მესამეს მესამე და ჰქონდეთ განცდა, რომ სწორედ მათი ტექნოლოგიაა პრიორიტეტული. თუმცა ტექნოლოგიების შეფასებისას უნდა გამოვიდეთ ორი კრიტერიუმიდან. პირველი არის ქსელის უსაფრთხოება და ის სტანდარტები, რაც ქსელს სჭირდება სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით უდავო ჩემპიონი ნამდვილად არის ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც სისტემას მეტ სტაბილურობას სძენს. ჩვენ ვნახეთ კიდეც, რომ შარშან, აპრილის ბოლოს და მაისში, ევროპაში რამდენიმე ქვეყანაში მოხდა გათიშვა, რაც სწორედ არა ჰიდრო განახლებადი ელექტროსადგურების, ამ ტექნოლოგიის სპეციფიკიდან გამომდინარე პრობლემამ გამოიწვია.
მეორე საკითხი არის ის, რომ თუ ეს ტექნოლოგია სისტემის მდგრადობისა და საიმედოობისთვის აუცილებელია, მისი ქსელში არსებობა ისე უნდა განვიხილოთ, რომ არ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, როცა გვაქვს მხოლოდ მზე და არ გვაქვს ჰიდრო, რაც სისტემას უფრო მოწყვლადს გახდის. პრობლემა, რაც ამას უკავშირდება, არის მშენებლობის ვადები. მზის ელექტროსადგურის აშენებას შესაძლოა ერთი წელი დასჭირდეს და ამ პერიოდში შესაძლებელია 100 მეგავატის სიმძლავრის პროექტის განხორციელება, მაშინ როცა 100 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას შეიძლება ხუთი, ექვსი ან შვიდი წელი დასჭირდეს. გვაქვს მაგალითებიც, როდესაც გვირაბიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა 6-7 და მეტ წელზე გაიწელა, რადგან ეს საკმაოდ რთული ტექნოლოგიური პროცესია და თავად ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ბუნებრივად მოითხოვს ხანგრძლივ დროს.
საიმედოობა გვჭირდება, რადგან ტექნოლოგია რთულია და ძვირადღირებული. ამიტომაც დაისვა საკითხი, ხომ არ ჯობია ვიფიქროთ განსხვავებულ და უფრო წამახალისებელ მიდგომაზე. სწორედ ამ კონტექსტში მოვიყვანე წინა წლების მაგალითებიც, როდესაც გამოწვევებზე დროული რეაგირება გვიანდებოდა და პროცესები გაჩერებული იყო. დღეს კი არის გარკვეულწილად განსაკუთრებული მომენტი. არსებობს მთავრობის პოლიტიკური ნება და მოლოდინი, რომ ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და ინდუსტრიებისა და სექტორების ზრდის ფონზე მოთხოვნა გაიზრდება.
„დღეს არის გარკვეულწილად განსაკუთრებული მომენტი - არსებობს მთავრობის პოლიტიკური ნება და მოლოდინი, რომ ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და ინდუსტრიისა და სხვადასხვა სექტორის ზრდის გამო მოთხოვნა გაიზრდება.
ვგულისხმობ დატაცენტრებს და მსგავს მიმართულებებს, რომელთა გარეშე მომავალი წარმოუდგენელია. ასევე ელექტრომობილებს - მათი გარეშე მომავლის წარმოდგენაც შეუძლებელია. ჩვენ ხომ შიდა წვის ძრავიან მანქანებზე წლოვანების შეზღუდვა ექვს წლამდე დავაწესეთ, თუმცა ელექტრომობილებზე ეს შეზღუდვა კვლავ გახსნილია.
ეს ნიშნავს, რომ ელექტრომობილების წილი ნელ-ნელა გაიზრდება. თუ 10%-ს მივაღწევთ დღევანდელი ავტოპარკის მიხედვით, ეს დაახლოებით 180 ათასი მანქანაა. და თუ ეს 180 ათასი მანქანა ერთდროულად შეერთდება ქსელში, ორი ნამახვანიც კი არ იქნება საკმარისი.
რატომ მიყვარს ასეთი შედარება - იმიტომ, რომ ნამახვანის პროექტთან დაკავშირებით არასწორი საინფორმაციო ნაკადის გამო ჩიხში აღმოვჩნდით, ხოლო დღეს რეალობა გვიჩვენებს, რომ შეიძლება ერთი კი არა, ორი ასეთი პროექტიც დაგვჭირდეს, თუ 180 ათასი ელექტრომობილი დაემატება. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ეს ხვალვე მოხდება, მაგრამ ორი, სამი ან ხუთი წლის პერსპექტივაში ეს პროცესი გარდაუვალია“, - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირიდან მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 36.4%-ით გაიზარდა - სტატისტიკა
სხვა სიახლეები
საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე - სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი
21.04.2026.11:14
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრების დასრულების შემდეგ, სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იერუნ კლიკმა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა დადებითად შეაფასა.
იერუნ კლიკის განცხადებით, საქართველოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრები კონსტრუქციული იყო. მისი თქმით, განხილვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს გლობალური გაურკვევლობის ფონზე.
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და, რეგიონული და გლობალური რისკების მიუხედავად, პოზიტიურ დინამიკას ავლენს.
ამასთან, იერუნ კლიკმა ხაზი გაუსვა ტექნიკური დახმარების მიმართულებით თანამშრომლობას და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ სსფ-ის მხარდაჭერის ეფექტიანი გამოყენება, რაც, მისი თქმით, დამატებით ღირებულებას ქმნის.
მისივე განცხადებით, თბილისში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში IV მუხლის მისია წარმატებით წარიმართა და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრას შეუწყო ხელი.