თემურ ბასილია - ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღების და რუსული რუბლის სუროგატის - კუპონის ჩანაცვლების პროცესში ჩართული იყო ყველა სამთავრობო დაწესებულება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მედია
„1995 წლამდე ქვეყანაში მიმოქცევაში ერთდროულად იყო ქართული კუპონი, რუსული რუბლი და აშშ დოლარი. კუპონით მხოლოდ პურის ყიდვა და კომუნალური გადასახადების გადახდა შეიძლებოდა, რუსული რუბლი საანგარიშსწორებო და გადახდის საშუალებას წარმოადგენდა, ხოლო აშშ დოლარი ძვირადღირებული საგნების ყიდვა-გაყიდვისთვის გამოიყენებოდა. ის ასევე იყო დაგროვების საშუალება,“ - აცხადებს ეკონომისტი თემურ ბასილაია, რომელიც 1993-1995 წლებში საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა და ხელმძღვანელობდა ფულის რეფორმების სამთავრობო კომისიას.
მისი ინფორმაციით, ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებისა და რუსული რუბლის სუროგატის - კუპონის ჩანაცვლების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყველა სამთავრობო დაწესებულება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მედია. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაწილეობა, რომელიც ტექნიკურ დახმარებას ახორციელებდა.
ბასილიას შეფასებით, ფულის რეფორმა საქართველოში მართლაც უნიკალური იყო თავისი ფორმითაც და შინაარსითაც. საზოგადოებამ ლარი ძალიან კარგად მიიღო და არანაირი პრობლემა ამ საკითხთან მიმართებით არ ყოფილა. „ფულის რეფორმის შედეგად, 1995 წლის 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, მოსახლეობამ ლარზე გადაცვალა 18 ტრილიონი კუპონი, 26 მილიონი დოლარი 73 მილიარდი რუსული რუბლი. ეს გაცილებით მეტი იყო ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება,“ - იხსენებს თემურ ბასილია.
როგორც ყოფილი ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ საზოგადოების მსგავსი დამოკიდებულება ნდობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იყო. ლარის შემოღების წინა პერიოდში შექმნილი ძლიერი ეკონომიკური საფუძვლების წყალობით, ლარი მართლაც ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ვალუტად იქცა რეგიონში, მათ შორის რუსულ რუბლზე გაცილებით სტაბილურადაც.
„ეროვნული ვალუტა ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, მის გარეშე შეუძლებელია ქვეყანა ფუნქციონირებდეს. ლარის შემოღებით ხალხმა ირწმუნა, რომ ჩვენ ქართველებსაც შეგვიძლია სერიოზული საქმეების კეთება. ამ ფაქტს ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ რუსების მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ლარი იყო მიმოქცევაში,“- განაცხადა მან.
სხვა სიახლეები
02.10.2025.19:59
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულები, მათ შორის, ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია და სხვ. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სექტორში პოზიტიურ დინამიკას.
საუბარი შეეხო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს, ხაზი გაესვა ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ამაღლებისკენ მიმართულ ქმედებებს. ყურადღება გამახვილდა ევროპის ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების მიზნით საქართველოზე გამავალი სატრანზიტო პროექტების შემდგომ განვითარებაზე.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ „ბრიტანეთის ავიახაზები" და „იზიჯეტი" წარმატებით ოპერირებენ საქართველოს ავიაბაზარზე.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მკაცრად იცავს საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სათანადო ნორმებს და მიმართავს პრევენციულ ზომებს მესამე პირების მიერ სანქციებისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნით როგორც საბაჟო, ისე საზღვაო მიმართულებით.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და გენადი არველაძე.